რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ბანაკში მიღწეული შედეგით კმაყოფილები არიან, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ჯერ არავინ საუბრობს:
"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და 180-წუთიანი დაპირისპირების პირველ 90 წუთში გამარჯვება მოვიპოვეთ.
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან წინ კიდევ 90 წუთია, რომლის დროსაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს - "მანჩესტერ სიტი" ძალიან ძლიერი გუნდია,
არ დაგავიწყდეთ, "სიტიმ" შინ "ბაიერნთან" წააგო, მაგრამ შემდეგ გერმანიაში იმარჯვა", - განაცხადა ხერარდო მარტინომ.
არგენტინელ სპეციალისტს ტაქტიკურ გადაწყვეტილებაზეც ჰკითხეს. "ტატამ" შესანიშნავ ფორმაში მყოფი პედრო არ ათამაშა და მის ნაცვლად მინდორზე მეოთხე ნახევარმცველი გამოიყვანა:
"ჩვენ გვსურდა, რომ მოედნის ცენტრში უპირატესობა მოგვეპოვებინა და ბურთი გაგვეკონტროლებინა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ წარიმართა - ბურთიც გავაკონტროლეთ და მეტოქესაც ბევრი შანსი არ შევაქმნევინეთ".
მარტინ დემიკელისის გაძევების შესახებ კი არგენტინელმა შემდეგი რამ თქვა: "მე მითხრეს, რომ წესების დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო, მაგრამ, ამავე დროს, ისიც მომახსენეს, რომ პიკეს გოლის მომენტში სესკი თამაშგარეში არ იმყოფებოდა".
კომენტარი გააკეთა დანი ალვეშმაც, რომელიც საკმაოდ აქტუალურ საკითხს შეეხო:
"საინტერესოა, როდესაც "ბარსელონა" იგებს, ყველა ყოველთვის მსაჯებსა და მათ შეცდომებზე იწყებს ლაპარაკს.
ეს ყველაფერი უკვე ცოტათი მოსაბეზრებელიც კი არის, - განაცხადა ბრაზილიელმა და დაამატა - ჩვენ ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და თუ ბურთზე კონტროლს დავაწესებდით, მაშინ მეტოქეს ბევრ პრობლემას შევუქმნიდით.
მათთვის ასეთი სიტუაცია ჩვეული არ არის, რადგან პრემიერლიგაში "სიტი" უპირატესობას ნებისმიერ მეტოქესთან ფლობს. საბედნიეროდ, ჩვენმა გეგმამ იმუშავა და წარმატებასაც მივაღწიეთ".
სესკი: გაჩუმდი, ჟოზე
"სიტის" და "ბარსელონას" შეხვედრის წინ კატალონიური კლუბის შესახებ ჟოზე მოურინიომ ისაუბრა. "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ამჟამინდელი "ბარსელონა" ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი "ბარსაა" და მეტოქეებს მისი არ უნდა ეშინოდეთ.
შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელ სპეციალისტს პასუხი სესკ ფაბრეგასმა გასცა:
"ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, დღეს შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ, ესპანეთის თასის ფინალში გავედით - ამ ეტაპზე მეტის მიღწევა შეუძლებელია. თუკი რაიმე დასამტკიცებელი გვქონდა, ამის გაკეთება დღეს შევძელით.
ბოლო პერიოდში ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ ეს "ბარსელონა" ის გუნდი არაა, რაც რამდენიმე წლის წინ იყო. ზოგიერთი ადამიანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს და როგორც ყოველთვის, ახლაც მათ რამდენიმე დღით მაინც გაჩუმება მოუწევთ".
მატჩის ფაქტები
- "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში პირველად ვერ გაიტანა გოლი.
- ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბოლო 9 შეხვედრიდან "ბარსელონამ" მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
- ამ მატჩამდე, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "ბარსას" გასვლით შეხვედრებში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
- ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ინგლისში მეცხრე მატჩი ჩაატარა და გოლი პირველად გაიტანა. აქ, რა თქმა უნდა, არ ითვლება ის ბურთი, რომელიც არგენტინელმა "უემბლიზე", "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]