მანუელ პელეგრინის გუნდი იმის ჩიტი არ არის, რომ მიზნის მისაღწევად ბოლომდე არ იბრძოლოს, მაგრამ... "ბარსა" 90%-ით უკვე 1/4-ფინალშია, "ქალაქელებს" კი ჯერ შოკიდან გამოსვლა მართებთ.
მანუელ პელეგრინი:
"ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ამდენი უპატიებელი შეცდომის დაშვება არ შეიძლებოდა, რადგან ეს ყოველთვის ძალიან ძვირი გიჯდება.
0:1-ის შემდეგ კარგად ვთამაშობდით, "კამპ ნოუზე" ჩვენი კლასის დამტკიცების დიდი სურვილიც გვქონდა, თუმცა მეორე გოლმა მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. პენალტამდე "ბარსელონას" გატანის შანსი ერთხელაც არ ჰქონია.
უმცირესობაში დარჩენილებმა
ვნახოთ, რამდენად მოვახერხებთ სიტუაციის გამოსწორებას. სტუმრად ჩასატარებელი მატჩი გამონაკლისი ვერ იქნება, რადგან "სიტი" ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის".
ვენსან კომპანი:
"ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ "ბარსელონა" ჩვენზე ძლიერი იყო, მაგრამ სრული შემადგენლობითაც კი მეტოქის მიმართ გარკვეული რიდი იგრძნობოდა.
არიან თუ არა ესპანელები ყველაზე ძლიერები, ვისაც შევხვედრივართ? ყველაფერში ნამდვილად არა. ისინი, უბრალოდ, ეფექტურები არიან ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით. თამაშის განმავლობაში ბევრი ისეთი წვრილმანი ჯარიმა მოგვცეს, რომელზეც პრემიერლიგაში არც კი დასტვენდნენ.
ალბათ, უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, რაც გარკვეულ უპირატესობას მოგვცემდა. ბარსელონაში მაინც გვექნება შანსი, თუკი ნაკლებად დავარღვევთ თამაშის წესებს".
პაბლო საბალეტა:
"რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მით უმეტეს, რომ მეორე გოლიც გავუშვით. ჩემი აზრით, არბიტრმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, მათ შორის, პენალტის ეპიზოდშიც.
"ბარსელონასთან" თამაში ისედაც რთული ამოცანაა და 10 კაცით ეს კიდევ უფრო რთულდება.
ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვიამაყოთ ჩვენი დღევანდელი ასპარეზობით. განმეორებით შეხვედრაში მძიმე გამოცდა გველის, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია".
ფერნანდინიო:
"მაქსიმალურად ვცდილობდით, დაბალანსებულად გვეთამაშა. ბურთს ვაკონტროლებდით, საგოლე მომენტებს ვქმნიდით, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ კაცნაკლულებს ძალიან გაგვიჭირდა.
ალბათ, ყველამ დაინახა, რომ პენალტი არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც დაინიშნა და ამან თამაშის შინაარსი მთლიანად შეცვალა.
პირადად მე რაც შემეხება, თავს კარგად ვგრძნობ. გამეხარდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ დავუბრუნდი გუნდს. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ამას საკუთარ თამაშზე ვერ ვიტყვი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]