01:47 15-04-2015
იუვენტუსი-მონაკო 1:0 - მოგება საეჭვო პენალტით [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი მომენტი მონეგასკებმა შექმნეს და იანიკ ფერეირა-კარასკოს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ დროულად და კარგად ვერ დაარტყა და ჯანლუიჯი ბუფონმაც იყოჩაღა. ზოგადად, ჯიჯი ტრადიციულად დამაჯერებელი გახლდათ. იმ ორ-სამ მომენტში, როდესაც მისი ჩართვა საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, ისე თამაშობდა, როგორც მას შეეფერება.
ასეთი შანსი "მონაკოს", პრინციპში, აღარც ჰქონია, მაგრამ ალაგ-ალაგ მწარედ იკბინებოდა და ცუდად ლეონარდო ჟარდიმის ბიჭებს ნამდვილად არ უბურთავიათ. თანაც, ტურინელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ. "ბებერი ქალბატონი" არა მარტო ბურთის დაკარგვის მხრივ სცოდავდა, წინა ხაზზეც აფუჭებდა მომენტებს, შანსი კი ამ შეხვედრაში ბევრი არ იქმნებოდა.
პირველ ტაიმში კარლოს ტევესს ჰქონდა მომენტი კლაუდიო მარკიზიოს საუცხოო პასის მერე. თავად ტევესმა უპასა დიდებულად არტურო ვიდალს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან გადააცილა და რიკარდო პერეირას ძალიან სახიფათო გარღვევაც უნდა გამოვარჩიოთ.
ყველაფერი კი საბოლოოდ საკამათო მომენტში დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა - ვეტერანმა რიკარდო კარვალიომ ალვარო მორატა წააქცია, მაგრამ პირველი კონტაქტი, რომლის გამოც მორატამ წონასწორობა დაკარგა, თითქოს საჯარიმოს გარეთ იყო. ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ვიდეოგამეორებების შემდეგ, მაგრამ პაველ კრალოვიცმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, ხოლო ვიდალმა აუღებელი დაარტყა.
გაშვებული ბურთის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, "მონაკო" ვა-ბანკზე არ წასულა, ჟარდიმმა ჩვეული სიდინჯით გააგრძელა და სხვათა შორის, ასეთ სცენარს ხელი მასიმილიანო ალეგრიმაც მოაწერა, რომელსაც მეტის გატანა კი ერჩივნა, მაგრამ არა იმ რისკის ფასად, რომ მეტოქისთვის სივრცე მიეცა და თამაში გაეხსნა, გაშვება "იუვესთვის" დიდი დარტყმა იქნებოდა.
მონაკოელები, ძირითადად, შორეულ დარტყმებზე აკეთებდნენ აქცენტს, ტურინელები კი შანსს ელოდებოდნენ და ერთი-ორი მეტ-ნაკლებად მწვავე ეპიზოდი შეექმნათ. ჯამში, მათ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს.
"ლუი მეორეზე" ძალიან საინტერესო და დაძაბული დუელი გველის, თავისი ტაქტიკური წიაღსვლებითა და ნერვიულობით.
"იუვენტუსი" ფავორიტია, მაგრამ "მონაკომ" უკვე დაამტკიცა, რომ სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია და ადვილად ვერავინ ჩამოიცილებს.
მატჩის შემდეგ:
მასიმილიანო ალეგრი: შინ გოლი არ გავუშვით და ეს უკვე უპირატესობაა
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
იუვენტუსი-მონაკო 1:0
გოლები: 1:0 ვიდალი (57-პენ.)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო (74. ბარძალი), ვიდალი - პერეირა (87. სტურარო) - ტევესი, მორატა (83. მატრი)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი (71. ბერბატოვი), აბდენური, რ. კარვალიო, კურზავა - ფაბინიო, მოუტინიო, კონდოგბია - დირარი (51. ბერნარდო სილვა), ფერეირა-კარასკო, მარტიალი (87. მატეუში)
გაფრთხილება: - რ. კარვალიო
კუთხური: 6-7 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 13(5)-16(5) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 45 066
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული