ლუკ შოუ: ვერ წარმოიდგენთ, ახლა, რას განვიცდი...

AutoSharing Option
ლუკ შოუს ძალიან არ უმართლებს. არც ისე დიდი ხნის წინათ, ამ ფეხბურთელზე როგორც ინგლისის ამომავალ ვარსკვლავზე ისე ლაპარაკობდნენ .

მონაცემები მას მართლაც ძალიან კარგი აქვს. თუმცა, შემდეგ შოუ "საუთჰემპტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნა, ბევრმა მას არჩევანი არ მოუწონა, ეს შოუს ზრდას ხელს შეუშლისო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცხადია, კონკურენცია იყო, რომელსაც ლუკმა თავიდან ვერ გაუძლო და უფრო თადარიგში უწევდა ყოფნა. მერე კი ამას ტრავმიანობა და უიღბლობა დაემატა.

იგი დაშავდა და რაღაც პერიოდი გაუცდა. დაბრუნებულმა სათამაშო ფორმა ნელ-ნელა
აღიდგინა და აი, ახლა, როდესაც სეზონი ძალიან კარგად დაიწყო... ახალგაზრდა მოთამაშე "ფილიპსზე" პსვ-სთან შეხვედრაში საშინლად დაიმტვრა... ექტორ მორენომ იდეაში, ბურთზე ითამაშა, მაგრამ მანჩესტერელს ფეხი ორ ადგილას მოსტეხა.

შოუ შოკში იყო და იგი ექიმებმა საკაცით გაიყვანეს, ჟანგბადის ბალიშიც მიაშველეს. რასაკვირველია, ლუკი ძალიან განიცდიდა და ცრემლებად დაიღვარა, იგი გასახდელშიც ტიროდა, რის შესახებაც ლუი ვან გაალმა გვამცნო. თუმცა მან თავი ხელში მალევე აიყვანა და სოციალური ქსელის მეშვეობით მოგვმართა.

"დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის, თბილი მესიჯებისა და გულშემატკივრებისთვის. ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობაში ვარ ახლა და, როგორ განვიცდი, მაგრამ ჩემი რეაბილიტაციის პერიოდი უკვე დაიწყო. უფრო ძლიერი დავბრუნდები" - დაწერა შოუმ.

მორენომ კი აღნიშნა, რომ შეწუხებულია და განიცდის, რომ ამ ინციდენტში გარეული
აღმოჩნდა. თუმცა არ მიაჩნია, რომ მან თამაშის წესები დაარღვია, ბურთზე ვითამაშეო. სხვათა შორის, მორენომ რამდენიმე თვის წინათ, თავად მოიტეხა ფეხი - ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

"ვწუხვარ, რომ ამ ეპიზოდში ვმონაწილეობდი. მართლა, ძალიან ვწუხვარ და მესმის ლუკ შოუსი და მისი ოჯახის, ვუთანაგრძნობ მათ, ხოლო ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვფიქრობ, არანაირი ჯარიმა არ იყო ბურთზე ვითამაშე. ცუდია, რომ ასე გამოვიდა" - თქვა 27 წლის მექსიკელმა.

გამომდინარე იქიდან, რომ ორმაგ მოტეხილობასთან გვაქვს საქმე, შოუსთვის ალბათ სეზონი დამთავრდა და მეტიც, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მას უკვე გაუკეთეს ოპერაცია ჰოლანდიაში, წაგებული "მანჩესტერი" კი ინგლისში შოუს გარეშე დაბრუნდა...

მსგავსი ტრავმების მერე, ცნობილი ფეხბურთელების სარეაბილიტაციო პერიოდს თუ გავიხსენებთ, ყველაზე სწრაფად, კერძოდ კი 212 დღეში მინდორს ჰენრიკ ლარსონი დაუბრუნდა. ყველაზე მეტი ედუარდოს დასჭირდა - 296 დღე. მაგალითად, აარონ რემზიმ მინდორზე დაბრუნება 252 დღეში მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული