პსჟ VS ჩელსი - დიდი ტესტი დიდი გუნდობისთვის

AutoSharing Option
თქმა არ უნდა, პირველი დაპირისპირება, რომელსაც ყველა ელის, ესაა - "პარი სენ ჟერმენი" "ჩელსის" მასპინძლობს და ფავორიტადაც მიიჩნევა. გუშინ პრესკონფერენციაზე ლორან ბლანმა გააჟღერა ის, რასაც უკვე ყველა მიხვდა - პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების პოტენციალი აქვს!

* პსჟ-ს შინაურ ასპარეზზე (საფრანგეთის ჩემპიონატი, ლიგის თასი, ქვეყნის თასი) 44 მატჩია, არ წაუგია.
* ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული გუნდი ბოლოს ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში დამარცხდა.
* რაც გუს ჰიდინკმა ჟოზე მოურინიო შეცვალა, "ჩელსის" 11 თამაშია, არ წაუგია.
* შარშან ეს გუნდები ზუსტად ამ ეტაპზე შეხვდნენ
ერთმანეთს და პარიზელებმა მეტოქე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით დაამარცხეს - 1:1 პარიზში და 2:2 ლონდონში.

ლორან ბლანი (პსჟ): "ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ მეტოქეს, რადგან "ჩელსი" მეტად უხერხული გუნდია, რომელსაც ჩვენი დამარცხება ნამდვილად შეუძლია. ამიტომ ვერ ავაწყობ თამაშს იმის მიხედვით, ითამაშებს თუ არა ჯონ ტერი.

"ჩელსის" ბოლო ორ სეზონში ვხვდებით, ჯერ მათ გაგვაგდეს, მერე ჩვენ ჩამოვიშორეთ გზიდან ისინი. ეს კი კარგად აჩვენებს, რომ ამ ორი გუნდის დონე სადღაც თანაბარია. "ჩელსი" ახლა ისეთ სიტუაციაშია, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი გამონათებაა, თან მეტოქეს ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც ადრე უკვე მოიგო ლიგა. ასე რომ, ძალიან რთულ მატჩს ვწინასწარმეტყველებ.

რა თქმა უნდა, ტერი ბევრს ნიშნავს "ჩელსისთვის", ის ნამდვილი ლიდერია. ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია სტანდარტულების დროსაც. შაბათს ეს გამოჩნდა. როგორც კი ტერი გაიყვანეს, "ჩელსის" დაცვის ხაზი სულ სხვანაირი გახდა.

სამატჩო შემადგენლობა მოხაზული მაქვს, მხოლოდ ორი პოზიციაა სათუო - ჯერ არ ამირჩევია, მარკინიოსი ითამაშებს თუ ვან დერ ვილი, საჭოჭმანოა კიდევ ერთი პოზიცია.

ისე, გუნდი ძირითადად ჯანზეა, თუ არ ჩავთვლით ერთ ფეხბურთელს, რომელმაც საკუთარ თავს თავად გადაუსვა ხაზი. მართალია, მარკო ვერატი 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის, მაგრამ მე მინდა მისი გამოყენება. უბრალოდ, უნდა გადავწყვიტო, დაიწყებს მარკო მატჩს თუ დაასრულებს.

კარგად ვიცი, რომ სეზონს იმის მიხედვით შეგვიფასებენ, თუ რას ვიზამთ ლიგაზე. მედიის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ლიგა უნდა მოვიგოთ. არადა, ამ ტურნირზე ვხვდებით ჩვენი ან უფრო მაღალი დონის მეტოქეებს. პსჟ-ს შეუძლია უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე შარშან, რადგან ჩვენ უკვე გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს. ჩვენ შეგვიძლია ლიგის მოგება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა მეტოქეც ასეთია".

გუს ჰიდინკი (ჩელსი): "ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზეა. პსჟ თანდათან ძლიერ გუნდად ყალიბდება, ის უკვე დომინირებს საფრანგეთში. იმისთვის, რომ დიდი კლუბი გახდეს, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება ესაჭიროება და დარწმუნებული ვარ, ფრანგებს სწორედ ეს აქვთ გეგმაში. ჩვენ დეკემბრიდან მოყოლებული, ვპროგრესირებთ, თუმცა ჩვენთვის ეს დაპირისპირებები დიდი ტესტია.

ყველამ კარგად იცის "ჩელსის" დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ბოლო თამაშებში კარგად ვითამაშეთ. ეს ის ჯერ არ არის, რისი მიღწევაც გვსურს, თუმცა პროგრესი თვალშისაცემია. მარკო ვერატი ძალიან კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ პსჟ-ს მისი შემცვლელები ჰყავს, ისევე, როგორც ყველა დიდ გუნდს. ჩვენც შეგვიძლია ტერის სრულფასოვნად შეცვლა".

გასულ უქმეებზე
* "პარი სენ-ჟერმენმა" ძალები დაზოგა და "ლილს" 0:0 ეთამაშა. ბლანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაქსველი, ტიაგო მოტა და კაპიტანი ტიაგო სილვა დაასვენა. ტრავმების მერე დაბრუნდნენ ხავიერ პასტორე და მარკო ვერატი.

* "ჩელსიმ" 5:1 გაანადგურა "ნიუკასლი". დუბლი შეასრულა ესპანელმა პედრო როდრიგესმა, გოლები გაიტანეს დიეგო კოშტამ, ვილიანმა და ბერტრან ტრაორემ. ამ სეზონში "ჩელსიმ" ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო, მაგრამ ტრავმა მიიღო კაპიტანმა ჯონ ტერიმ, რომელმაც კი ივარჯიშა, მაგრამ პარიზში გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა.

ურთიერთშეხვედრები
შარშან 1/8-ფინალის პირველი მატჩი მაშინაც პარიზში გაიმართა - "ჩელსი" ივანოვიჩის თავურით იგებდა, მაგრამ ედინსონ კავანიმ გაათანაბრა - 1:1. საპასუხო მატჩში პსჟ-მ 31-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაკარგა, შვედი გააძევეს.

"სტემფორდ ბრიჯზე", თითქოს, ყველაფერი ლოგიკურად სრულდებოდა - 81-ე წუთზე კეჰილმა გაიტანა, მაგრამ დავიდ ლუისმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. 96-ე წუთზე ედენ აზარმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ 114-ე წუთზე გოლით პსჟ-ს მეოთხედფინალის საგზური კაპიტანმა ტიაგო სილვამ მოუტანა.

ეს გუნდები 2014 წლის პლეი ოფშიც შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ მეოთხედფინალურ სტადიაზე - პარიზელებმა პარიზში 3:1 მოიგეს. გოლები ესეკიელ ლავეციმ და ხავიერ პასტორემ გაიტანეს, ასევე, დავიდ ლუისმა - საკუთარ კარში (მაშინ ბრაზილიელი "ჩელსიში" თამაშობდა).

სტუმართა გოლი პენალტის ნიშნულიდან (აზარი) საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა, რადგან "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსიმ" შეცვლაზე შესული ანდრე შიურლესა და დემბა ბას გოლებით 2:0 მოიგო და მოურინიოს გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

2004/05 წლების სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. "ჩელსიმ" 3:0 დაამარცხა მეტოქე პარიზში, ერთ-ერთი გოლი კი ტერიმ გაიტანა (დუბლი დიდიე დროგბამ შეასრულა). ლონდონში მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
16 თებერვალი
პსჟ-ჩელსი 23:45
დისკვალიფიკაცია: ორიე - მატიჩი
ტრავმა: პასტორე (?), ვერატი (?) - ზუმა, ტერი, ოსკარი (?)

სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მარკინიოსი, ტ. სილვა, დ. ლუისი, მაქსველი - მატუიდი, ტიაგო მოტა, ვერატი (რაბიო) - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, რაჰმანი - ფაბრეგასი, ობი მიკელი - აზარი, ვილიანი, პედრო - დ. კოშტა
მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპ)

საპასუხო მატჩი - 9 მარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული