* პსვ-ს ევროთასებზე პლეი ოფის ეტაპზე 2012 წლის მერე არ მოუგია.
* პსვ-მ 68-ე წუთზე წითელი ბარათის გამო დაკარგა გასტონ პერეირო.
* საპასუხო მატჩი მადრიდში 15 მარტს გაიმართება.
პსვ-"ატლეტიკოს" პაექრობა უგოლოდ დასრულდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უინტერესო შეხვედრა ვიხილეთ. თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა და მთლიანობაში, ნორმალური მატჩი გამოვიდა.
განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როდესაც გუნდები უფრო მეტად რისკავდნენ, აქტიურად უტევდნენ და დაცვაზე ნაკლებად იყვნენ ორიენტირებულნი.
მეორე ნახევარში, ორივე გუნდმა მთავარ ამოცანად საკუთარი კარის უსაფრთხოება დაისახა და ეს თამაშსაც დაეტყო.
ორი ეპიზოდი უნდა გამოვარჩიოთ - ერთი დიეგო გოდინის გოლი გახლავთ, რომელიც მატჩის არბიტრმა სამართლიანად არ ჩათვალა და მეორე, წითელი ბარათი, რომელიც მასპინძელთა თავდამსხმელმა, პერეირომ მიიღო და პსვ კაცნაკლული დატოვა.
ეს ამბავი 68-ე წუთზე მოხდა, დარჩენილ 20-25 წუთში კი "ატლეტიკოს" უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა ეს გოლში არ ასახულა. დიეგო სიმეონეს ვერც შეცვლებმა და კერძოდ, თამაშში ფერნანდო ტორესის ჩართვამ უშველა.
მთლიანობაში, მაინც ლოგიკური შედეგია როგორც თამაშის ხასიათიდან, ისე ამ გუნდების სტილიდან გამომდინარე. სიმეონეს "ატლეტიკო" არც არასდროს ყოფილა შემტევი გუნდი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მადრიდელები გასვლაზე თამაშობენ. თანაც, პლეი ოფია, წინ განმეორებითი მატჩია, რომელსაც "ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. მეორე მხრივ, საკუთარ კედლებში კარის მშრალად შენახვა საშური საქმეა და ამით პსვ-ს კარგად შეუძლია ისარგებლოს.
შედეგიანი ფრე ჰოლანდიელებს აწყობთ, რაც აბალანსებს სტუმრად თამაშის დისკომფორტს.
ის, რომ პსვ-ს თავკაცი ფილიპ კოკუ თავიდანვე ყაბულს იყო უგოლო ფრეს, მისი ტაქტიკა-სტრატეგიიდანაც ნათლად გამოჩნდა - ჰოლანდიელებმა 4-5-1 სქემა დაუპირისპირეს მეტოქეს და წინ მხოლოდ პერეირო დატოვეს. მოკლედ, შედეგი და ანგარიში სრულიად კანონზომიერია, მეოთხედფინალისტის ვინაობა კი განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა.
რას შეიძლება ველოდოთ მადრიდული მატჩისგან? - გუნდები ალბათ ისევ ფრთხილ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევენ, მოვლენათა ფორსირებას კი მოერიდებიან.
შესაბამისად, მოიგებს ის, ვინც მომენტებს, ან შესაძლოა, ერთადერთ მომენტს გამოიყენებს და გოლად აქცევს. დიახ, ეს ის წყვილია, რომლის 2-მატჩიანი დუელის ბედი შესაძლოა ერთმა შედეგიანმა დარტყმამ გადაწყვიტოს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვარაუდებია და მოდით, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
პსვ-ატლეტიკო 0:0
პსვ (4-5-1): ზოეტი - არიასი, ბრუმა, მორენო, ვილემსი - ნარსინგი (65. ისიმატი), პრიოპერი, გუარდადო (75. ჰენდრიქსი), ვან გინკელი, ლოკადია (86. ლესტინი) - პერეირო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი (74. ა. კორეა), ო. ტორესი - გრიზმანი, ვიეტო (61. ფ. ტორესი)
გაფრთხილება: სავიჩი (ატლეტიკო)
გაძევება: პერეირო (68. პსვ)
კუთხური: 1-10; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 3-10 (1-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 35 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
02:18 25-02-2016
პსვ-ატლეტიკო 0:0 - ყველაფერი მადრიდში გაირკვევა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული