ჩელსი VS პარი სენ-ჟერმენი - კონტრა

AutoSharing Option
* 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გამარჯვებული "ჩელსი" გამოვიდა, 2015 წელს კი - "პარი სენ-ჟერმენი".

* "ჩელსის" დისკვალიფიკაციამოხდილი ნემანია მატიჩი უბრუნდება.

* თუ პსჟ გავა, ეს პარიზული კლუბისთვის ზედიზედ მეოთხე მეოთხედფინალი იქნება.

"სტემფორდ ბრიჯზე" ისეთ მატჩს ველით, წესით, მერვედფინალური ეტაპის მშვენება უნდა იყოს. ყველაზე თანასწორი და ყველაზე საინტერესო წყვილის კულმინაცია ლონდონში გაიმართება. ზედიზედ მესამე დუელი (ე. წ. კონტრა) "ჩელსისა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის. ჯერჯერობით 1:1-ია.

50X50-ზე
"ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" გაზაფხულზე ყოველთვის კარგ სანახაობას გვთავაზობენ უკვე მესამე წელიწადია, თუმცა დღევანდელი
მატჩისგან კიდევ უფრო ბევრს ველით. თუკი 2014-ში შემდეგ ეტაპზე ლონდონური კლუბი გაძვრა (მაშინ ეს ნახევარფინალი იყო), შარშან მეოთხედფინალის საგზური პსჟ-მ მოიპოვა.

მაშინ, როცა "ჩელსისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება სეზონის ერთადერთი ხსნაა, პსჟ ყველა ტურნირზე ყოჩაღობს, სადაც გამოდის. წლეულს ერთი განსხვავებაა, პარიზულ კლუბს უკვე თითქმის, ყველა მიიჩნევს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად. გუნდი ძლიერდება, გამოცდილებაც დაუგროვდა...

შეგახსენებთ, რომ პარიზული შეხვედრის პირველ ტაიმში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ჯონ ობი მიკელმა გაცვალეს გოლები, გამარჯვება კი პსჟ-ს 78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ედინსონ კავანიმ მოუტანა. მიუხედავად ამისა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შანსები 50X50-ზეა.

პარიზელთა რიგებში საეჭვოა შუახაზის ლიდერების, მარკო ვერატისა და ბლეზ მატუიდის თამაში. სხვა მხრივ კი, ბლანს ოპტიმალური გუნდი ჰყავს. ლონდონელებს არ ეყოლებათ კაპიტანი ჯონ ტერი. დანაკლისია ასევე ზუმას არყოფნაც. უჭირს გუნდს შეტევაშიც, რადგან დიეგო კოშტას თამაში საეჭვოა, ისევე, როგორც პედროსა და პატოსი.

პრესკონფერენცია
გუს ჰიდინკი (ჩელსი): "ამ წყვილში ჩვენ არ ვართ ფავორიტები, ფავორიტი "პარი სენ-ჟერმენია". "ჩელსიმ" დაიბრუნა საკუთარი ძალების რწმენა და თავისი თამაში, მაგრამ მოდი, დავრჩეთ რთულად დასამარცხებელ, მაგრამ მაინც აუტსაიდერებად. ბიჭები ძალზე კონცენტრირებულნი უნდა გავიდნენ თამაშზე.

ლორან ბლანი (პსჟ): "ვერატის საკითხი მალე გაირკვევა, ჯერ ვნახოთ, სრულფასოვან ვარჯიშს თუ შეძლებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ თამაშს შეძლებს, მაგრამ ის ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში და იმედი მაქვს, რომ "ჩელსისთან" მატჩში იქნება. არ ვიცი, რა გავლენა უნდა ჰქონდეს წინა ორი წლის დაპირისპირებებს ხვალინდელ მატჩზე. ალბათ, არანაირი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და "ჩელსის" თავს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ. ეს ბარიერი გავიარეთ ერთხელ და შეგვიძლია გავიაროთ კიდევ ერთხელ. "ჩელსი" კონტრშეტევებზეც ძალიან სახიფათოა. მოკლედ, არავინ ამ დარბაზში არ იცის, რა მოხდება ხვალ - არც მე".

გასულ უქმეებზე
"ჩელსი" ბერტრან ტრაორეს სუპერგოლის წყალობით უგებდა "სტოკ სიტის", მაგრამ მამე დიუფმა გაათანაბრა - 1:1. გუნდი მე-10 ადგილზეა პრემიერლიგაში.

პსჟ კი უახლოეს კონკურენტს 23 ქულით უსწრებს და უკვე ნელ-ნელა შეეშვა სერიოზულ თამაშს ლიგა 1-ში. ბოლო ტურში პსჟ-მა შინ ვერ მოუგო "მონპელიეს".

ოთხშაბათი. 9 მარტი
ჩელსი-პსჟ 23:45 (1:2)
დისკვალიფიკაცია: - ორიე (კლუბის მიერ)
ტრავმა: ზუმა, ფალკაო, ტერი, პატო (?), დ. კოშტა (?), პედრო (?) - ვერატი (?), მატუიდი (?)
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ბაბა - მატიჩი, მიკელი - ვილიანი, ოსკარი, აზარი - ბ. ტრაორე
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მარკინიოსი, ტ. სილვა, დ. ლუისი, მაქსველი - ვერატი (რაბიო), მატუიდი, ტიაგო მოტა - კავანი (ლუკასი), იბრაჰიმოვიჩი, დი მარია
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული