ვოლფსბურგი-გენტი 1:0 - "მგლების" პირველი მეოთხედფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "ვოლფსბურგმა" ისტორიაში პირველად გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
* "ვოლფსბურგმა" ამ სეზონში ლიგაზე ყველა საშინაო მატჩი მოიგო.
* ანდრე შიურლეს გოლის შემდეგ გერმანელებმა ბელგიელები ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხეს.

პირველი მატჩის მერე გერმენელებმა ფავორიტის სტატუსი გაიმყარეს (3:2), მაგრამ მეორე შეხვედრის პირველი ტაიმი ისეთი მძიმე გამოდგა, რომელიმე გუნდის გამორჩევა გაგიჭირდებოდა კაცს.

მომენტები არ იქმნებოდა, ბურთი ცოტათი უფრო მეტად უფრო "გენტს" ეჭირა და ერთადერთი გამოსარჩევი ეპიზოდი "მგლების" საყრდენი ნახევარმცველის, ჯოშუა გილავოგის შორეული დარტყმა გახლდათ. ისიც ნაძალადევად შეგვიძლია გამოვარჩიოთ, რადგან მეტი ისეთი არაფერი
მომხდარა.

როგორც ჩანს, "ვოლფსბურგმა" პირველი შეხვედრის სცენარი გაითვალისწინა, როდესაც 0:3-ის მერე, მოდუნდა და 2 გოლი გაუშვა და დიტერ ჰეკინგის ბიჭები ძალიან ფრთხილად თამაშობდნენ. ბელგიელებს კი, რაც გამოსდიოდათ იმას აკეთებდნენ, ცდილობდნენ, მაგრამ ეს იყო და ეს. "ფოლკსვაგენ არენაზე" იმდენად არაფერი ხდებოდა, რომ მსაჯს დამირ სკომინას ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენებია. თავისთავად ის ფაქტიც, რომ გილავოგის ძალად ხსენებას თუ არ ჩავთვლით, პირველი ადამიანი რომელიც მიმოხილვისას ვახსენეთ არბიტრია, ბევრზე მეტყველებს.

მეორე ტაიმში "მგლებმა" ცოტა მოუმატეს, ბევრი არაფერი, მაგრამ საკმარისად, რომ მოეგოთ. ყველაფერი ისევ იულიან დრაქსლერმა გადაწყვიტა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან შეისეირნა და ანდრე შიურლეს გასატანად მიუგორა.

აი, "გენტმა" კი ვერანაირი შტურმი ვერ შემოგვთავაზა და ოდნავადაც ვერ დაძაბა სიტუაცია. ბელგიელებმა მთლიანობაში ჩემპიონთა ლიგაზე კარგი დებიუტი მოიწყვეს და ჯგუფიდან გასვლა უკვე დიდი წარმატება გახლდათ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე "ვოლფსბურგის" სახით უფრო ძლიერი გუნდი გავიდა, გერმანელებმა ეს დაიმსახურეს და ახლა წილისყრას დაელოდებიან, სადაც მეტოქეში ცოტა თუ გაუმართლათ... ნახევარფინალამდე ნაბიჯი იქნება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
ვოლფსბურგი-გენტი 1:0 (3:2)
გოლი: 1:0 შურლე (74)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტელსი - ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, გილავოგი - არნოლდი (83. ვიეირინია), დრაქსლერი (78. კალიჯური), შიურლე (88. შეფერი) - კრუზე
გენტი (4-4-2): სელსი - რაფინია (78. ფოკეტი), ნილსენი, ჟერშონი, ასარე - ნეტო, დეიაგერი, კუმსი, მატონი (68. სეიფი) - სიმონი (70. კულიბალი), მილიჩევიჩი
გაფრთხილება: -
კუთხური: 6-1 ჯარიმა: 12-16 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 17(5)-7(2) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 23 475

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული