პსჟ-სიტი 2:2 - პსჟ ფავორიტი აღარ არის [VIDEO]

AutoSharing Option
* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ევროსარბიელზე ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

* სამაგიეროდ, პსჟ-მ ვერ მოიგო ევროსარბიელზე ზედიზედ მეხუთე მატჩი.

* მანჩესტერში პსჟ-ს მატუიდი და ლუისი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება.

* მატჩის გმირი ბრაზილიელი ფერნანდინიო იყო გოლით და საგოლე პასით.

მანუელ პელეგრინის გუნდმა პარიზიდან შინ იდეალური შედეგი წაიღო (თუ თამაშის მიმდინარეობას გავითვალისწინებთ). 2:2 შეხვედრაში, რომლის დიდი ნაწილიც ცალკარას ჰგავდა, მართლაც რომ საოცრად კარგი შედეგია. ამ წყვილში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

თამაში ცოცხალი და თვალსასეირო იყო, "პარი სენ-ჟერმენი" უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მისი დომინაცია მოედანზე
90 წუთი არ გრძელდებოდა, იყო ეპიზოდები, როცა "მანჩესტერ სიტი" მწარედ იკბინებოდა და ინგლისელებმა ორჯერ კბილიც გვარიანად გაჰკრეს ფრანგებს.

მომენტებს აღარ აღვწერთ, ვიტყვით, რომ პსჟ-ს ბევრი ჰქონდა - პირველი კი მე-14 წუთზე შეექმნა, როცა სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გამოჯანმრთელებულმა ჯო ჰარტმა აჯობა. ზლატანს მალე კიდევ არ გაუმართლდა, როცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს გადააცილა. სამაგიეროდ, იყოჩაღა ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა და ფერნანდინიოს პასით ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა.

ფრანგებს არ უმართლებდათ, მაგრამ მალევე ძალიან გაუმართლათ - მეკარე და მცველი უხეშად შეცდნენ და ზლატანმა 41-ე წუთზე კარიერაში ალბათ, ყველაზე იოლი გაიტანა.

თითქოს, ამის მერე პსჟ-ს უნდა მოეგო, მისი უპირატესობა აშკარაც იყო, რაც ადრიენ რაბიოს გოლშიც აისახა, მაგრამ 72-ე წუთზე ფერნანდინიომ რიკოშეტის დახმარებით, ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა - 2:2. პსჟ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს ნახევარფინალში გასვლის შანსს, მაგრამ წყვილში ფავორიტი აღარ არის.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უთუოდ ფერნანდინიო იყო, რომელიც ნახევარდაცვაშიც ნაყოფიერად გაისარჯა და გოლითაც გამოიჩინა თავი. ამასთან, კევინ დე ბრუინსაც მან უპასა.

"ამ წყვილში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, საკითხი ღიაა. წინ 90 წუთია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის კარგი შედეგია. პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი შეცდომები დავუშვით, მარტო პირველი გოლი გავიხსენოთ. თუ მოგება გვინდა, ასეთი შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ", - განაცხადა ჩილელმა თავკაცმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პსჟ-სიტი 2:2
გოლები: 0:1 დე ბრუინი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (41), 2:1 რაბიო (59), 2:2 ფერნანდინიო (72)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე (78. ვან დერ ვილი), ტ. სილვა, დ. ლუისი, მაქსველი - რაბიო (78. ლუკასი), ტ. მოტა, მატუიდი - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, ფერნანდო - ხ. ნავასი, დე ბრუინი (77. დელფი), დ. სილვა (88. ბონი) - აგუერო (93. კოლაროვი)
შენიშვნა: იბრაჰიმოვიჩმა ვერ გამოიყენა პენალტი (14)
გაფრთხილება: ლუისი, მატუიდი - კლიში, ფერნანდო, მანგალა, ნავასი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-11 (5-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 55 000

საპასუხო მატჩი 12 აპრილს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული