ვოლფსბურგი-რეალი 2:0 - "მგლის ფსიქოლოგია" ასეთია [VIDEO]

AutoSharing Option
შესაძლოა, მადრიდის "რეალი" ელ კლასიკოში ტრიუმფისას ისე დაიცალა ემოციებისგან, რომ "ვოლფბსურგთან" საჭიდაოდ ენერგია აღარ შემორჩა ან უბრალოდ "სამეფო გუნდმა" "მგლები" კარგად ვერ შეაფასა.

ამას ისიც ემატება, რომ სტატისტიკის მიხედვით, "რეალს" გერმანიაში თამაში ძალიან უჭირს, ამ შეხვედრის მერე, მადრიდელების გერმანიის მიწაზე სტუმრობების მაჩვენებელი ასეთია - 4 მოგება, 6 ფრე, 19 წაგება. ამას ისიც დაემატა, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე იყო კონცენტრირებული. მოკლედ, ალბათ, ცოტ-ცოტა ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ...

"მგლის ფსიქოლოგია" ასეთია, მეტოქესა და მსხვერპლს უმალვე უნდა ეძგეროს და
შანსი გამოიყენოს. "ვოლფსბურგმაც" აქტიურად დაიწყო და თავისას მალევე მიაღწია. მართალია, თავიდან კრიშტიანო რონალდომ გაიტანა და მიაჩნდა რომ თამაშგარეში არ იყო, მაგრამ ლაინსმენმა გოლი გააუქმა. ასევე ქარიმ ბენზემას ორი მომენტიც აქედანვე ვახსენოთ, ერთხელ თავად ვერ დაარტყა, ერთხელ დიეგო ბენალიომ აუღო.

მერე ფრანგი დაშავდა და ზინედინ ზიდანს მისი ხესეთი ჩანაცვლება მოუხდა.

მასპინძლებს კი მცდელობები მე-18 წუთზე დაუფასდათ, როდესაც კაზემირომ ანდრე შურლეს ფეხი ოდნავ მიადო, დიახ, მიადო, შურლე მერე თავის ფეხსაც წამოედო და მიწასაც, მაგრამ მთავარია, ჭკვიანურად დაეცა და ჯანლუკა როკის ისეთ სიტუაციაში დაანიშნინა პენალტი, სადაც ზოგი არბიტრი დანიშნავდა და დიდად ვერც შეედავებოდი. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან კი რიკარდო როდრიგესმა შეაგდო.

ჰეკინგმა საინტერსო გადაწყვეტილება მიიღო, მან ძირითადში ბრაზილიელი ბრუნო ენრიკე გაამწესა, რომელიც "მგლებში" ზამთარში ჩაირიცხა და სასტარტოში პირველად თამაშობდა. ამან გაამართლა და სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა - ენრიკე აქტიური გახლდათ, რისი ყველაზე ნათელი დასტურიც 25-ე წუთია, როდესაც მან საგოლედ უპასა მაქსიმილიან არნოლდს და 2:0.

თუმცა მთელ ამ ისტორიაში მთავარი კაცი მაინც იულიან დრაქსლერი გახლდათ, რომელიც გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი გახლდათ და დახვეწილად უძღვებოდა თავისიანების თამაშს.

მადრიდელები შოკში არ ჩავარდნენ და შეიძლება ეს ცუდიც არის, რადგან "რეალი" ზედმეტი თავდაჯერებითა და აკადემიურობით აგრძელებდა თამაშს. თამაშს კი არა, სტუმრები უფრო გზააბნეულებივით ფაფხურობდნენ "ფოლკსვაგენ არენაზე", არც ერთ ლიდერს არ წაუვიდა. არც ზიზუს ცვლილებებმა გაჭრა. ვერც ვერანაირი შტურმი ვიხილეთ. მეორე ტაიმში, რონალდოს ორი მომენტი იყო, ბენზემასი არ იყოს - ერთხელ ცუდად დაარტყა, მეორედ კი ბენალიომ იხსნა თავისი გუნდი.

"ვოლფსბურგი" უკვე მიზანმიმართულად გადაერთო ანგარიშის შენახვაზე, მაგრამ პერიოდულად "მგლები" მწარედ იკბინებოდნენ და რამდენჯერმე შეეძლოთ მესამე ბურთის გატანა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჰეკინგს თავისიანები რომ არ მოეთოკა და მასპინძლებს აგრესიულად თამაში გაეგრძლეებინათ მეტსაც გაიტანდნენ და გაცილებით ახლოს იქნებოდნენ სხვაობის გაზრდასთან, ვიდრე "რეალი" იყო მის შემცირებასთან.

რა თქმა უნდა, არაფერი გადაწყვეტილა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო გუნდი" უფრო რთული სიტუაციებიდანაც გამომძვრალა.

უბრალოდ, "რეალმა" ძალიან უსიამოვნო ანგარიშით წააგო და ვთქვათ, "ვოლფსბურგმა" ესპანეთის დედაქალაქში ერთი რომ გაიტანოს, არადა თუ მადრიდელები დაცვაში ასეთი შეცდომების დაშვებას გააგრძელებენ ჰეკინგის ბიჭებს ამის კარგი შანსი ექნებათ, "რეალს" უკვე 4(!) გოლი დასჭირდება... "რეალს" ამდენის გატანაც შეუძლია და მეტისაც, მაგრამ... მადრიდელთა ფანებს, დიდი ნერვიულობა და ნერვების წყვეტა ელით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვოლფსბურგი-რეალი 2:0
გოლები: 1:0 რ. როდრიგესი (18-პენ), 2:0 არნოლდი (25)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი - გილავოგი, ლუის გუსტავო - დრაქსლერი (90+3. შეფერი), არნოლდი, ბრუნო ენრიკე (80. ტრეში) - შურლე (85. კრუზე)
რეალი (4-3-3): ნავასი - დანილო, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (64. ისკო), კაზემირო, კროოსი (85. ხ. როდრიგესი) - ბეილი, რონალდო, ბენზემა (41. ხესე)
გაფრთხილება: ვიეირინია, ბენალიო, ლუის გუსტავო, არნოლდი - ბეილი
კუთხური: 1-6 ჯარიმა: 13-17 თამაშგარე: 0-7 კარში დარტყმა: 10(7)-21(3) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 40 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
რეალი მაინც გავა. ამაში დარწმუნებული ვარ. ჯოჯოხეთი ელის ვოლცბურგს მადრიდში. ასეც უნდა იყოს, რათა გულშემატკივარმა (ჩემსავით ნეიტრალურმა)ნახევარფინალებში ნახოს პლანეტის უძლიერესი გუნდების პაექრობა.
giga
12:12 08-04-2016
0
ირაკლი რატომ უნდა ჩაეთვალა ის გოლი მსაჯს?
irakli-s
10:45 08-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული