სიტი VS პსჟ - კაცი, რომელიც ახალგაზრდავდება

AutoSharing Option
ამ გუნდების დაპირისპირების პირველმა რაუნდმა გვანახა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ნაადრევად მივათვალეთ ფავორიტთა რიცხვს. ახლა ლორან ბლანის ბიჭებმა საწინააღმდეგო უნდა დაგვიმტკიცონ.

- პსჟ-სიტი 2:2 - პსჟ ფავორიტი აღარ არის [VIDEO]

თამაშის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, მე მოხუცად დავიბადე და თანდათან ვახალგაზრდავდებიო. ამიტომ "სიტის" ფანებს დიდი იმედები ნუ გექნებათო. ვნახოთ, როგორ აასრულებს იბრა მუქარას. პარიზში მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სწორედ მან ვერ გაიტანა პენალტი და ვერ გაიტანა მეკარესთან პირისპირ გასულმა.

პსჟ მანჩესტერში
დანაკლისით ჩავიდა. არა, სერიოზულად მხოლოდ იტალიელი მარკო ვერატია ტრავმირებული და არც მისი თამაშია ბოლომდე გამორიცხული. ვერატის გარეშე თამაშს კი ლორან ბლანის შეგირდები უკვე შეეჩვივნენ.

ფრანგთა მთავარი პრობლემა ისევ პარიზულ თამაშს უკავშირდება, ყვითელი ბარათები მიიღეს და გუნდს ინგლისში ვერაფრით დაეხმარებიან უკანა და შუა ხაზის საკვანძო ფიგურები, დავიდ ლუისი და ბლეზ მატუიდი. პირველს მარკინიოსი შეცვლის, მეორეს კი, ალბათ, ახალგაზრდა სტამბული.

მანუელ პელეგრინის მთავარი პრობლემა ტრავმებია - ორი ფეხბურთელის თამაში გამორიცხულია, არ იქნება კაპიტანი ვენსან კომპანი, ბელგიელს დაცვის ცენტრში ელიაკიმ მანგალა შეცვლის. ვერც რაჰიმ სტერლინგი ითამაშებს. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს აწუხებს ტრავმა, მათ შორის, იაია ტურეს, თუმცა მათი თამაში მაინც მოსალოდნელია.

პრესკონფერენცია
მანუელ პელეგრინი (სიტი): "სიტი ისეთი გუნდია, რომ მხოლოდ გოლების გასატანად და შესატევად გამოდის, სხვანაირად თამაში ჩვენ არ შეგვიძლია.

ჩვენ რომ ვიფიქროთ, 0:0 გვაწყობს და ფრეზე ხომ არ ვითამაშოთო, აუცილებლად წავაგებთ, რადგან ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. დაცვიდან თამაში არ არის ის, რაც "სიტიმ" იცის.

ყოველი თამაში განსხვავებულია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა წინა ტურში ინგლისის ჩემპიონატში, ის სულ სხვა ტურნირია. ჩვენი მიზანი ამჯერად არის საპასუხო თამაში პსჟ-სთან. პირველი თამაში თანაბარი გამოდგა. ჩვენ შეგვიძლია, ისევე კარგად ვითამაშოთ, როგორც პარიზულ მატჩში.

მედიას "სიტის" წარმატების არ სჯეროდა, არ ეგონა, რომ ამ მეტოქესთან შანსი გვქონდა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მედია ცდებოდა, რომ ჩვენი და "პარი სენ-ჟერმენის" სათამაშო დონე ერთნაირია".

ლორან ბლანი (პსჟ): "კარგად დავაკვირდით, თუ რა შეცდომები დავუშვით პირველ შეხვედრაში. არ ვიყავით სათანადოდ კომპაქტურები, ამიტომაც "მანჩესტერ სიტის" იმაზე მეტი სივრცე შეექმნა, ვიდრე ამ გუნდთან თამაშში შეიძლება. მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, რომ აუცილებლად დაგვსჯიდნენ და დაგვსაჯეს კიდევაც ჩვენი შეცდომების გამო.

აუცილებლად საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, იმაზე გაცილებით უკეთესი, ვიდრე პარიზში. ერთში დარწმუნებული ვარ, თუკი ისევ იმდენ შანსს შევქმნით, რამდენიც პირველ მატჩში მოვახერხეთ, გოლებს ახლაც გავიტანთ, თანაც მეტს. საკუთარ თავებს უნდა ვაჯობოთ.

არადა, პირველ თამაშში ბლომად მომენტი გვქონდა, შეიძლებოდა მეტოქის კარში პენალტის გატანაც.

მეტოქეს სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობა აქვს. ასე რომ, ჩვენი მიზანი ასეთია - ერთი გოლით მეტი უნდა გავიტანოთ, ვიდრე მეტოქემ".

გასულ უქმეებზე
"მანჩესტერ სიტი" "ვესტ ბრომვიჩთან" აგებდა, მაგრამ სერხიო აგუეროს პენალტით გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი სამირ ნასრიმ გაიტანა, რომელიც დღევანდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრება. აგუეროს გოლი მე-18 იყო სეზონში მისთვის.

"პარი სენ-ჟერმენი" დიდი ხანია, საშინაო ჩემპიონატში ერთობა, გუნდი უკვე ჩემპიონია. თუმცა "გენგამთან" მატჩში პსჟ-მ მაინც იმარჯვა. დუბლი შეასრულა ლუკას მოურამ, რომელსაც სასტარტო თერთმეტეულში ალბათ, ვერ ვიხილავთ. ბუნებრივია, ბლანმა ბევრი ძირითადი ფეხბურთელი დაასვენა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
სამშაბათი. 12 აპრილი
სიტი-პსჟ 22:45 (2:2)
დისკვალიფიკაცია: - დ. ლუისი, მატუიდი
ტრავმა: კომპანი, სტერლინგი, ტურე (?), დელფი (?), აგუერო (?), ოტამენდი (?), სილვა (?) - ვერატი (?), ორიე (?), პასტორე (?)

სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-5-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ნავასი, ფერნანდინიო, ტურე, სილვა, დე ბრუინი - აგუერო
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტ. სილვა, მარკინიოსი, მაქსველი - სტამბული, ტ. მოტა, რაბიო - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"პსჟ" ალბათ მაინც გავა, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ რაღაცას მაინც შეძლებს; აი, "რეალს" ცოტა "შავად" აქვს საქმე, ჩემი აზრით 3-1-ზე მეტს ვერ გაქაჩავს...
levani kaxeti
21:16 12-04-2016
0
მე, მაინც პსჟ მგონია.
sake
20:59 12-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული