ატლეტიკო-ბაიერნი. გამოხმაურება: ეს "ატლეტიკოა"!

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკომ" საკუთარ "ვისენტე კალდერონზე" თავის სტილში, ჩვეული ფეხბურთი ითამაშა და საყვარელი ანგარიშით, 1:0 მოიგო. ვნებათაღელვა მატჩის დაწყებიდან ბოლო წამამდე შენარჩუნებული გახლდათ და შეხვედრა მშვენიერი სანახავი გამოვიდა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მასპინძლებს უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლოთ მოგება და შეიძლებოდა "ბაიერნსაც" გაეტანა. თუმცა, ჯამში, "ათლეტებმა" ცოტა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და გამარჯვება დაიმსახურეს. დანარჩენი კი "ალიანც არენაზე" ვნახოთ.

დიეგო სიმეონე: "სრულად კონცენტრირებულები ვიყავით და თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. დაახლოებით ისე, როგორც "ბარსელონასთან". ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში ზუსტად ის თამაში იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა.
მეორე ნახევარში კი უფრო ისეთი თამაში წავიდა, როგორიც "ბაიერნს" ერჩივნა.

საულს ახლა დიდებული პერიოდი უდგას. სიხარულით ივსები, როდესაც ხედავ ყველაფერს, რაც მას ემართება და რაც მის გარშემო ხდება, დიდი პროგრესი აქვს და იმსახურებს ამ წარმატებას, რადგან ის მომთმენი იყო, თავის შანსს ელოდა და ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე. უფრო მეტი კი წინ არის, რადგან დიდი პოტენციალი აქვს და უნდა მოუმატოს".

"ჩვენ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ მთავარი ბრძოლა წინა არის. საპასუხო მატჩისთვის სრულად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი" - განაცხადა ფილიპე ლუიშმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ხოსეპ გვარდიოლა: "საპასუხო შეხვედრაში განსხვავებული თამაში უნდა ვაჩვენოთ, უფრო ტემპში და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. მეტოქის გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ ის ჩვენს შეცდომას მოჰყვა. საული გავატარეთ და მას ხელი ვერაფრით შევუშალეთ. მიუნხენში მსგავსი რაღაცები აღარ უნდა განმეორდეს და მეტოქეს დიდი სივრცე და გასაქანი არ უნდა მივცეთ.

კარგად უნდა გავიაზროთ, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ეს "ატლეტიკოა", ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც გოლი ვერ გავუტანეთ. მადრიდელებს მშვენიერი მეკარე ჰყავთ, თავსაც კარგად იცავენ, უკან ბევრი ფეხბურთელია ხოლმე დაწეული. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გუნდებს ძალიან ცოტა შანსი ექმნებათ. ჩვენ კი რამდენიმე მომენტი გვქონდა.

საულის თამაშის ხარისხით, მონაცემებითა და ნიჭით აღფრთოვანებული ვარ და ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს, ის აქამდეც არაერთხელ მყავდა ნანახი. ესპანურ ფეხბურთს კიდევ ერთი დიდი ტანალტი ჰყავს. ახლა უნდა ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა შაბათს ბუნდესლიგის ჩემპიონობის განაღდებას. ამის მერე კი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადმოვერთვებით და საპასუხო მატჩისთვის მოვემზადებით. იქამდე კი ეს თამაში კიდევ ერთხელ უნდა ვნახო, ამჯერად, მშვიდად".

მიუნხენელთა კაპიტანმა ფილიპ ლამმა კი მეტოქისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მაგრამ ისიც თქვა, "ალიანც არენაზე" ყველაფერი ჩვენ ხელშიაო. მან დიდი მადლობა გადაუხადა ფანებს, რომლებიც რეკორდმაისტერს ესპანეთის დედაქალაქში ჩაჰყვნენ და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვსო, ესეც დაამატა. თუმცა "ბაიერნის" გულშემატკივრებს დამატებითი მოპატიჟება და დამუხტვა როდის სჭირდებოდათ.

სტატისტიკა
* მადრიდის "ატლეტიკომ" მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართული 52 მატჩიდან 33-ში კარი მშრალად შეინახა. ამას ჰქვია - "ჩოლო".

* იან ობლაკი ჩემპიონთა ლიგის/თასის ისტორიაში "ატლეტიკოს" ყველაზე საიმედო მეკარე გახდა, იმ კუთხით, რომ მან ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად ერთ სეზონში. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 1973/74 წლების სეზონში მიგელ რეინას ჰქონდა.

* "ატლეტიკომ" შინ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 16 მატჩიდან 14-ში გოლი არ გაუშვა.

* პეპ გვარდიოლას მხოლოდ მადრიდის "რეალთან" აქვს უფრო მეტი (4) მატჩი წაგებული მწვრთნელის რანგში, ვიდრე "ატელტიკოსთან" - 3.

* საულ ნიგესს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი აქვს გატანილი, ყველაზე მეტი ესპანელ ფეხბურთელებს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ახალზე ილაპარაკე, თორემ 5 წლის წინ რა ხდებოდა ამას ფანების მეტი არავინ კითხულობს, დღეს პრიმერა თუ მოიგო მაგ სეპარატისტების გუნდმა იმაზეც მადლობა თქვით ბარსას ფანებო, იმასაც ან მოიგებს ან არა!
gela
09:46 03-05-2016
0
არენაზე ვნახავთ სიმიონეს მომტირალ სახეს ;)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული