* ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის "ლინკოლნმა" სენსაციურად დაამარცხა გლაზგოს "სელტიკი" - 1:0.
* ეს იყო "ლივერპულის" ექსთავკაცის, ბრენდან როჯერსის დებიუტი "სელტიკში".
* ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრე წარმატებით გაიარა "კოლეჯ ევროპამ", "ლინკოლნმა" კი ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხური "პიუნიკი" გააგდო.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიურმა "სელტიკმა" გასვლაზე 0:1 წააგო გიბრალტარის ჩემპიონ "ლინკოლნთან". რა თქმა უნდა, შედეგი მოინათლა უდიდეს სენსაციად. უფრო მეტად, ვიდრე ამასწინანდელი ისლანდია-ინგლისი.
"სელტიკი" ბრენდან როჯერსმა" ჩაიბარა, "ლივერპულის" ყოფილმა ბოსმა, ვისაც არც აქამდე აკლდა კრიტიკოსები, ახლა კი დაცინვის ობიექტად იქცა. "როჯერსი პოლიციელმა დახვრიტა" - იყო ასეთი სათაურიც. თუ რატომ, ამას ქვემოთ ერთად შევიტყობთ.
საქმე ისაა, რომ გიბრალტარელი კაშიარო, ვინც "სელტიკის" კარი აიღო, პოლიციელია. ის ძირითად დროს პოლიციის ოფისში ატარებს და ფეხბურთს მხოლოდ მოცალეობის ჟამს თამაშობს. არადა, რა კარგად იწყებოდა ყველაფერი.
"სელტიკის" გულშემატკივრები დიდი ხანია, მონატრებულნი არიან დიდ წარმატებას. მას შემდეგ, რაც მათ გუნდში "ლივერპულის" ყოფილი დამრიგებელი მივიდა, სქოთი ფანების გული სხვანაირად აძგერდა.
როჯერსის პრეზენტაციაზე 12 ათასი გულშემატკივარი მივიდა. მათი იმედგაცრუება უკვე უსაზღვროა. იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკი" წარმატებით ითამაშებს, თითქმის მოკვდა. ვის უნდა მოუგოს გუნდმა, რომელიც გიბრალტარელ მოყვარულებთან მარცხდება?
"სელტიკი" დიდ კრიზისშია. ყველაფერს ის განაპირობებს, რომ გუნდს ხეირიანი ფეხბურთელების შესაძენად ფული არ აქვს. "რეინჯერსის" არყოფნაში "სელტიკი" ბოლო წლებში მაინც ახერხებდა სქოთური ლიგის მოგებას, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ეს საკმარისი არ არის.
"სელტიკს" აღარ ჰყავს ჰენრიკ ლარსონის ყალიბის ვარსკვლავები. ასეთ დროს გუნდს შინაური, საკუთარ საფეხბურთო აკადემიაში აღზრდილი პროდუქტი უნდა შეეშველოს, მაგრამ გამართულად ვერც "სელტიკის" აკადემია მუშაობს.
დღეს "სელტიკში"საკმაოდ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სხვა გუნდის კუთვნილებას წარმოადგენენ. როგორც ვიცით, ასეთი რამ წელგამართულ გუნდებში არ ხდება. შედეგი სახეზეა, თუმცა ამას მაინც არავინ ელოდა.
გიბრალტარი ევროპის საფეხბურთო ოჯახის ახალმოსახლეა. ამ ქვეყნის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სიამეები სულ ახლახან დააჭაშნიკა. ნაკრების ფეხბურთელებმა საჭირო გამოცდილება მიიღეს.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. გიბრალტარული კლუბის ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ მხოლოდ მათი, საშინაო ძალებით ფონს გასვლა შეუძლებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მათი ყურადღება ესპანურმა საფეხბურთო ბაზარმა მიიპყრო.
რა თქმა უნდა, წამყვანი ესპანური კლუბების ფეხბურთელები გიბრალტარში სათამაშოდ არ წავლენ. იქაურმა კლუბებმა დაიწყეს ესპანელი ფეხბურთელების გადაბირება დაბალი ლიგებიდან. ამან შედეგი უკვე მოიტანა.
მიმდინარე ევროსეზონში "სელტიკამდე" ლინკოლნმა" უკვე გააგდო ესტონეთის ჩემპიონი, ტალინის "ფლორა". მეორე კლუბმა, "კოლეჯ ევროპამ" კი სომხური "პიუნიკი" შეიწირა. როგორც იტყვიან, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
და მაინც, მთავარი ისაა, რა ეშველება "სელტიკს" და ბრენდან როჯერსს. თუ ასე გაგრძელდა, სირცხვილი არც ერთს ასცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:00 15-07-2016
ეს საინტერესოა: ფრთხილად, პოლიციელია! [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული