ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპის წინ: ნამდვილი ლიგის პრელუდია

AutoSharing Option
ამბობენ, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფებიდან იწყებაო. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებაში სიმართლის გვარიანი მარცვალი დევს, მაგრამ ჯგუფური ეტაპი უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ღერძია და სწორედ მან უნდა თქვას, ვინ არის ღირსი, ითამაშოს "ნამდვილ" ჩემპიონთა ლიგაში...

მოდი, დღევანდელი სტარტის წინ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჯგუფებს, ფავორიტებს, აუტსაიდერებს... მოკლედ, ყველაფერ იმას, თუ ვინ როგორ ხვდება ჯგუფურ ეტაპს...

13 სექტემბერი
A ჯგუფი
პსჟ-არსენალი 22:45
ბაზელი-ლუდოგორეცი 22:45

აქ ორი გამოკვეთილი ფავორიტია. ლოგიკურად, პირველ-მეორე ადგილებისთვის "არსენალმა" და პსჟ-მა უნდა იბრძოლონ, მაგრამ ლოგიკა ყოველთვის ვერ განსაზღვრავს საბოლოო შედ
ეგს. ეგ არის, რომ "არსენალს" უზარმაზარი სალიგო წრთობა აქვს და დიდად არასოდეს გასჭირვებია ჯგუფური ეტაპების დაძლევა; აი, მერე კი...

პსჟ, თავის მხრივ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ ვერ არის ისეთი მძლავრი, როგორც წინა სეზონებში და ეს ლიგა 1-ის სტარტსაც ეტყობა, მაგრამ ამ გუნდს აქვს პოტენციალი, ჰყავს ჭკვიანი მწვრთნელი (უნაი ემერი) და წესით, უნდა მოუმატოს.

"არსენალი" პარიზულ გრანდს ბოლოს 1993/94 წლების სეზონში ესტუმრა. ეს იყო თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალი, რომლის პირველი რაუნდი "პარკ დე პრენსზე" 1:1 მორჩა. სამაგიეროდ, "მეთოფეებმა" 1:0 გაიმარჯვეს "ჰაიბერიზე" (მაშინ "არსენალი" ამ მომცრო არენაზე თამაშობდა) და გავიდნენ ფინალში, სადაც იტალიური "პარმა" დაამარცხეს და თასიც აღმართეს.

და კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - "არსენალს" ფრანგულ გუნდებთან ბოლო 7 გასვლითი მატჩი აქვს მოგებული.

რაც შეეხებათ "ბაზელსა" და "ლუდოგორეცს", წესით, მათი მიზანი მესამე ადგილი და აქედან ევროპალიგის პლეი ოფში მოხვედრა უნდა იყოს, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ უფრო პრესტიჟულ პოზიციებზე ხელი აქვთ ჩაქნეული, მით უფრო, "ბაზელს", რომელიც ლიგის ძველი და ნაცადი მებრძოლია.

B ჯგუფი
დინამო კ-ნაპოლი 22:45
ბენფიკა-ბეშიქთაში 22:45

ეს ისეთი ჯგუფია, ვერ იტყვი, რომელია გამოკვეთილი ფავორიტი. შეიძლება ეს იყოს "ბენფიკაც", რომელიც პირველად ხვდება "ბეშიქთაშს" ევროტურნირებზე.

თავის მხრივ, ამ სტამბოლურმა კლუბმა ადრე 6-ჯერ სცადა ჯგუფური ეტაპიდან გასვლა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხელმოცარული დარჩა.

ლისაბონელმა "არწივებმა" კი შარშან მთლად მეოთხედფინალს უწიეს, სადაც "ბაიერნს" გადაეყარნენ და ღირსეულ მეტოქეობაში დამარცხდნენ.

პლეი ოფში გასვლის პრეტენზია ექნება "ნაპოლისაც", რომელიც 3-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ ბრუნდება გონსალო იგუაინის გარეშე და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაგვეთანხმებით, ძალიან ძნელია ესოდენ სტაბილური მეგოლის ღირსეულად შეცვლა...

კიევის "დინამოც" ტრადიციულად ძლიერია უკრაინის მასშტაბით, თუმცა სერგეი რებროვის შეგირდებს მეტის სურვილიც ექნებათ და სხვა თუ არაფერი, იმას მაინც ეცდებიან, შარშანდელი მიღწევა (კიეველებმა პლეი ოფში ითამაშეს) გაიმეორონ.

ბოლოს კი დავძენთ, რომ უკრაინულ გიგანტს იტალიურ კლუბებთან დაპირისპირების ისტორიაში საამაყო არაფერი აქვს - მხოლოდ 2 მოგება (და ორივე "რომასთან") 20 მატჩში.

C ჯგუფი
ბარსელონა-სელტიკი 22:45
მანჩესტერ სიტი-გლადბახი 22:45

აქ ორი ულაპარაკო ფავორიტია და მგონი, არც არის საჭირო ზედმეტი ხაზგასმა. განსაკუთრებული ინტრიგაა - ხოსეპ გვარდიოლა მშობლიური "ბარსელონას" წინააღმდეგ. ეს კი ის "ბარსელონაა", რომელსაც 5-ჯერ აქვს მოგებული ევროსაკლუბო ფეხბურთის მთავარი ტროფეი და აქედან სამ შემთხვევაში გვარდიოლას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული - 1992 წელს, როგორც ფეხბურთელის, ხოლო 2009 და 2011 წლებში მთავარ მწვრთნელის რანგში.

საინტერესოა, რომ მწვრთნელ გვარდიოლას "ბარსამ" ლიგის ფინალებში ორივეჯერ მანჩესტერული კლუბი, ოღონდ ამ შემთხვევაში "იუნაიტედი" დაამარცხა.

და კიდევ - რაც პეპი მწვრთნელია, მისი გუნდები მინიმუმ ნახევარფინალში ყოველთვის გადიოდნენ...

ლუის ენრიკეს "ბარსას", გვარდიოლას "სიტისგან" განსხვავებით, ვერ გამოუვიდა სასიამოვნო რეპეტიცია ლიგის სტარტის წინ. კატალონიური გრანდი შინ დებიუტანტ "ალავესთან" 1:2 დამარცხდა, მაშინ, როცა "სიტიმ" საგარეო მანჩესტერული დერბი მოიგო.

D ჯგუფი
ბაიერნი-როსტოვი 22:45
პსვ-ატლეტიკო 22:45

როლები აქაც განაწილებულია. "ბაიერნსა" და "ატლეტიკოს" შორის გარკვეული უპირატესობა მაინც "რეკორდმაისტერს" უნდა მივანიჭოთ - შემადგენლობითა და პოტენციალით კარლო ანჩელოტის გუნდი აღემატება დიეგო სიმეონეს სამწყსოს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელიწადია ვხედავთ, რომ არგენტინელს თვით ყველაზე რიგითი ფეხბურთელებისგანაც შეუძლია მებრძოლი და შედეგზე ორიენტირებული გუნდის აშენება.

რაც შეეხება მესამე ადგილს, აქ "როსტოვისა" და პსვ-ის შანსები დაახლოებით თანაბარია, თუმცა ჰოლანდიური გრანდის კოზირი გამოცდილებაა და ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.

გამოცდილება ვახსენეთ და, პსვ შარშან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც დღევანდელ მეტოქე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა - ორი უგოლო ფრის შემდეგ "როხიბლანკომ" პენალტების სერიაში იყოჩაღა.

14 სექტემბერი
E ჯგუფი
ლევერკუზენი-ცსკა 22:45
ტოტენჰემი-მონაკო 22:45

თუ "ტოტენჰემმა" შარშანდელი ფორმა აკრიფა, დიდი შანსია, ეს ჯგუფი მოიგოს. თუმცა იქვეა "მონაკო", რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება ლიგა 1-ის სტარტზე. ასე თუ ისე, ცსკა-მაც (შარშან ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა) და "ლევერკუზენმაც" კარგად იციან ჩემპიონთა ლიგის მუღამები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კვარტეტს შორის ბევრი ქულა დაიკარგება და პლეი ოფის საგზურების ბედიც, დიდი ალბათობით, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს გაირკვევა.

F ჯგუფი
რეალი-სპორტინგი 22:45
ლეგია-დორტმუნდი 22:45

"რეალი" და დანარჩენები - ასეთია ამ ჯგუფის ფორმულა. ჩვენთვის აქაური ამბები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც "ლეგიაში" გადავიდა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც დიდ გუნდებთან მოუწევს შებმა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ლიგაში ქართველს არ უთამაშია, ამიტომაც ვაკოს გამოჩენა განსაკუთრებით სასიხარულოა.

- ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს

სხვა საქმეა, რომ ამ სეზონში "ლეგია", რომელიც ჩემპიონთა ლიგაში პოლონეთის პირველი წარმომადგენელია ბოლო 20 წლის განმავლობაში, დასუსტებულია და ამ კამპანიაში უპირობო აუტსაიდერად უნდა შევრაცხოთ.

Sportall.Ge

აქ საინტერესოა ასევე ნოსტალგიური მომენტებიც - კრიშტიანო რონალდო ითამაშებს იმ "სპორტინგის" წინააღმდეგ, რომელიც მისი ყმაწვილკაცობის კლუბია.

"დორტმუნდსა" და ლისაბონურ გრანდს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ექნებათ მეორე ადგილისთვის. არ გაგიკვირდეთ, ვესტფალიელებმა "ბაიერნთან" საბუნდესლიგო ჭიდილი უკანა პლანზე გადაწიონ და აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანონ. ამას შეიძლება მოწმობდეს გერმანული ელიტის დებიუტანტ "ლაიპციგთან" შაბათის მარცხი (0:1) ბუნდესლიგის მეორე ტურში.

G ჯგუფი
ბრიუგე-ლესტერი 22:45
პორტუ-კოპენჰაგენი 22:45

მთლად თანაბარიაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს ჯგუფი ერთ-ერთი უსუსტესი რომაა და ამ მოსაზრებაში მარტონი არ ვართ, აქედანვე შევთანხმდეთ. არადა, აქ არის ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი", რომელსაც სერიოზული ბრძოლა მოუწევს ფონს გასასვლელად.

იციან რა, რომ პრემიერლიგაში ტიტულის დაცვა ილუზიის სფეროდანაა, კლაუდიო რანიერი (ჩემპიონთა ლიგაში "ლესტერი" მისთვის მე-6 გუნდია) და მისი შეგირდები თავს არ დაზოგავენ საიმისოდ, რათა რაც შეიძლება შორს წავიდნენ და აქ მთავარი - ფინანსური მოტივია.

H ჯგუფი
ლიონი-დინამო ზ 22:45
იუვენტუსი-სევილია 22:45

"იუვენტუსი", რომელიც 2013 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე ზედიზედ 17 ევრომატჩში არ დამარცხებულა, ჯგუფის უპირობო ფავორიტია და ვფიქრობთ, ეს არ უნდა იყოს დიდი კამათის საგანი. "ბებერი ქალბატონის" მესვეურთა ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკაც სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ორიენტირებული გუნდი შეკრულიყო.

წავიდა პოლ პოგბა, მაგრამ სამაგიეროდ, მივიდა "გოლების მანქანა" - გონსალო იგუაინი, რომლისთვისაც ადაპტაცია უცხო თემაა. აგერ, ფაქტიც - ახალ "იუვენტინოს" სერია A-ს სამ ტურში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ გასულ სეზონს აქეთ მთლიანად შეცვლილი "სევილია" და ჩემპიონთა ლიგის სტაჟიანი ბინადარი "ლიონი", რომელმაც წინა გათამაშების ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა.

სხვათა შორის, "იუვენტუსი" და "სევილია" შარშანაც ერთად იყვნენ ჯგუფში. ორივე მატჩში მასპინძლებმა მოიგეს - ტურინში 2:0 დაფიქსირდა, ხოლო სევილიაში - 1:0.

ერთმანეთში უთამაშიათ "ლიონსა" და ჩვენთვის კარგად ნაცნობ ზაგრების "დინამოსაც". 2011/12 წლების სეზონში ფრანგულმა კლუბმა ხორვატიის დედაქალაქი ააწიოკა - 7:1.

I ტურში დისკვალიფიცირებულნი არიან: ფედორ კუდრიაშოვი (როსტოვი), ადამ ჰლუშეკი (ლეგია), ალდო კალულუ (ლიონი), ტიმოტი კოლოძეიჩაკი (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული