მოგეხსენებათ, გასული სეზონის შემდეგ ქუთაისურ გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა: შეიცვალა მწვრთნელთა შტაბი და ფეხბურთელთა უმეტესობა.
გია გეგუჩაძის ნაცვლად, გუნდს "ლოკომოტივის" ყოფილი თავკაცი ჟერარდ სარაგოსა წვრთნის, "ტორპედოს" ძირითად ბირთვს კი ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმოადგენენ.
ყოველივე ამან ქუთაისელ გულშემატკივრებში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. გუნდის ფანები კლუბის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან და მომავალ მატჩსაც პესიმისტურად ხვდებიან.
მათი თქმით, ქუთაისში ფეხბურთი უკან მიდის და დღევანდელი გუნდით ევროთასებზე დიდი სირცხვილი გველის.
საპირისპირო პოზიცია აქვთ
"ტორპედოს" მატჩისწინა ვარჯიში 19:00 საათზე დაიწყო. მცირეხნიანი მოთელვის შემდეგ ქუთაისელთა სარაგოსამ ფეხბურთელები კარში დარტყმებში ავარჯიშა, ბოლოს კი გუნდი შუაზე გაყო და მოედნის ნახევარზე ორკარა ათამაშა.
ქუთაისელთა განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მატჩს მზადყოფნაში ხვდება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ სტადიონზევე გაიმართა პრესკონფერენცია.
სარაგოსა საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი:
- ვფიქრობთ, გუნდი კარგად არის მომზადებული. ავსტრიაში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. იმედი მაქვს, რომ ეს შედეგს გამოიღებს არა მარტო ხვალინდელ მატჩში, არამედ განმეორებით შეხვედრაშიც.
ყველაფერს გავიღებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს.
- მეტოქეზე რას იტყვით?
- "ჟილინა" ევროპაში ცნობილი კლუბია. რამდენიმე წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისეთ გუნდებთან ითამაშა, როგორიც "ჩელსი" და "მარსელია".
ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს. "ჟილინა" კარგად გვყავს შესწავლილი, ავსტრიაში მათი ორი მატჩი ვნახეთ და ვიცით, როგორ უნდა ვეთამაშოთ.
საბანაძის გარდა, რომელიც ტრავმის გამო გამოგვაკლდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ხვალინდელი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
- როგორ ფეხბურთს უნდა ველოდეთ "ტორპედოსგან?
- მე შემტევი სტილის მოყვარული ვარ და ჩემი ხელმძღვანელობით "ტორპედო" შეტევაზე ორიენტირებული გუნდი იქნება. ვიცით, რომ "ჟილინას" კარგად ეხერხება კონტრშეტევებზე თამაში, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.
- "ჟილინას" მთავარი მწვრთნელი ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას გეგმავს...
- ეს არც არის გასაკვირი. "ჟილინა" განთესილებში მეორე პოზიციაზე იყო და ამ წყვილში ფავორიტი სწორედ ის არის, მაგრამ ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
* * *
გაგაცნობთ ქუთაისელთა 22- კაციან განაცხადს:
მიგინეიშვილი, ქვილითაია, კუპატაძე, ჭანტურია, ჭელიძე, ტაბატაძე, ჩიტეიშვილი, მთივლიშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გიგაური, ფირცხალავა, ცინცაძე, ახვლედიანი, გოროზია, მზევაშვილი, კუხიანიძე, ტუღუში, კაპანაძე, ფანცულაია, ბარაბაძე, ჯიქია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე: გულა დიდ გულზეა - უნდა მოვიგოთო!
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..
"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია