საოცარი მხოლოდ "ტორპედოს" მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების ოპტიმიზმი იყო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ "ჟილინას" დამარცხება შეეძლოთ.
სამწუხაროდ, ჟილინურმა კლუბმა, რომელსაც ამ მატჩში " ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია", საკუთარი ადგილი მიგვიჩინა.
იმედია, "ტორპედოს" ფეხბურთელები სამომავლოდ დიდ ფეხბურთს ითამაშებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი საშუალოზე დაბალი დონის ევროპულ გუნდთან სათამაშოდაც არ აღმოჩნდნენ მზად. თანაც, 17-18 წლის ბიჭებისთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში.
გუნდის
იხილეთ ვიდეო
...გადახალისებული "ტორპედოს" მიმართ გულშემატკივართა არცთუ ოპტიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე სლოვაკურ "ჟილინასთან" ქუთაისური გუნდის საქომაგოდ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა. ფანებმა სტადიონზე მისვლა და საკუთარი გუნდის გამხნევება ორი საათით ადრე დაიწყეს.
შეხვედრას თან შესანიშნავი ამინდი დაერთო. გრილოდა და მინდორიც იდეალურ მდგომარეობაში იყო. მოკლედ, ყველა წინაპირობა იყო საინტერესო თამაშის გასაჩაღებლად.
მატჩის დაწყებასთან ერთად, ქუთაისელმა ფანებმა აღმოსავლეთ ტრიბუნაზე პედარტები დაანთეს და გუნდი შეძახილებითაც გაამხნევეს.
შეხვედრა ქუთაისელებმა აქტიურად დაიწყეს, საწყის წუთებში ისინი ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც შეტევებში კარგად ერთვებოდა ვაჟა ტაბატაძე.
მეტოქის კარისკენაც პირველად მასპინძლებმა დაარტყეს, მაგრამ გიორგი კუხიანიძის გასროლა კარს დიდი მანძილით ასცდა.
ქუთაისელთა მორიგი შეტევა კვლავ ტაბატაძემ გაამწვავა, იგი სისწრაფის ხარჯზე სლოვაკ მცველებს გასცდა და საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მორიგ მცველთან დუელისას წაიქცა. ქუთათურები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მატჩის ხორვატმა არბიტრმა ტაბატაძის წაქცევა სიმულაციად მიიჩნია და მას ყვითელი ბარათი აუფრიალა.
მალე სლოვაკებმაც გამოაჩინეს "კლანჭები": ქუთაისელთა დაბნეულობით მიხალიკმა ისარგებლა. მის ფლანგურ გარღვევას საჯარიმოს მისადგომებთან გადაცემა და რობერტ პიხის დარტყმა მოჰყვა, თუმცა ომარ მიგინეიშვილი უშეცდომოდ გაისარჯა.
უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. ისინი საკმაოდ მწვავედ უტევდნენ. ყველაზე სახიფათო მაბუკას ფლანგური გარღვევა იყო, როცა ის რევაზ ჩიტეიშვილს გასცდა და მეკარის ბაქანთან ტომაშ მაიტანს ჩაუწოდა, თუმცა მიგინეიშვილმა კარი დროულად დატოვა და სლოვაკთა მეგოლეს თავური დარტყმა არ დააცალა.
რაც შეეხებათ ქუთაისელებს, ისინი გადაცემების დროს ხშირად სცოდავდნენ, ზედიზედ სამი ზუსტი პასი იშვიათად თუ გამოსდიოდათ. შესაბამისად, მწვავედაც ვერ უტევდნენ, მაგრამ პირველი რეალური საგოლე მომენტი მაინც მასპინძლებმა შექმნეს.
გიორგი გოროზიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ოდნავ წინ გამოსული მარტინ დუბრავკას კარში ძლიერად დააქუხა და სლოვაკთა კიპერს ბურთის მოსაგერიებლად თავგანწირული სეივი დასჭირდა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბურთაობაში მიილია და ვერც ერთმა გუნდმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ დატოვა.
იხილეთ ვიდეო
შეხვედრის მეორე ნახევარი ტაბატაძის სახიფათო გარღვევით დაიწყო, მაგრამ ქუთაისელთა მარჯვენა მცველს კარში დარტყმა არ გამოუვიდა. მორიგი სახიფათო შეტევა ტორპედოელებმა "სტანდარტულიდან" შექმნეს, მათ შესანიშნავად გაითამაშეს ჯარიმა. ნიკა ჭანტურიამ სლოვაკებს მოაჩვენა, რომ ბურთს კარში ურტყამდა, თუმცა რევაზ ბარაბაძეს უპასა. ამან კი მერაბ გიგაური გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამ უკანასკნელს მარტინ დუბრავკამ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა.
ამ პერიოდში სათამაშო უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ. შეტევების გასაძლიერებლად ჟერარდ სარაგოსამ მოედანზე გიორგი ფანცულაია შეიყვანა.. გოლი კი სტუმრებმა გაიტანეს. კიდევ ერთხელ ჩავარდა ტორპედოელთა მარცხენა ფრთა, მაბუკა კვლავ უპრობლემოდ გასცდა ჩიტეიშვილს და ამჯერად მის ჩამოდებულს მაიტანმა ზუსტი თავური დარტყმა მიაყოლა.
ტრიბუნებზე შეკრებილი ფანები გუნდის თამაშით უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ და "ტორპედოს" სპონსორის მიმართ საკმაოდ უწმაწურ შეძახილებს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე განრისხებულმა ფანმა სკამებიც დაამტვრია და მათ დასაწყნარებლად აღმოსავლეთ ტრიბუნაზე პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზებაც გახდა საჭირო.
ამასობაში პიხის სახიფათო დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს და "ტორპედო" მეორე გოლს გადაურჩა.
ქუთაისელები თამაშის გამწვავებას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, მეორე გოლი კი მალევე მიიღეს. მეკარესთან პირისპირ დარჩენილი მაიტანის დარტყმა მიგინეიშვილმა კი მოიგერია, მაგრამ გამოვარდნილ ბურთთან ყველაზე ახლოს პიხი აღმოჩნდა და "ჟილინას" გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს ცარიელ კარში ბურთის გატანა არ გასჭირვებია.
ქუთაისური გუნდი ბოლომდე მოიშალა. სლოვაკები, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ბელლომ და ჩისეიმ კარგი კომბინაცია გაითამაშეს. ჩისეიმ მაიტანის მისამართით ჩააწოდა ბურთი, რომელმაც თითქმის პენალტის ნიშნულიდან მესამედ დალაშქრა მიგინეიშვილის კარი...
მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჟერარდ სარაგოსა: დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ ჩვენთვისაც ამოვა მზე
ადრიან გულა: კუხიანიძე და ტაბატაძე ყველაზე დიდ პრობლემებს გვიქმნიდნენ
თამაშის შემდეგ ვნებათაღელვამ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აგრესიული ფანები კლუბის ხელმძღვანელობის შეურაცხყოფას განაგრძობდნენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე ფანი დააკავეს და ვითარება ასე განმუხტეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"