ქართველი ლეგიონერების წარუმატებელი დღე ევროპის ლიგაზე

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ინტერმა" ფინურ "მარიეჰამნს" უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, ვერ მოუგო. კახა ცხადაძის გუნდი 1:1-ს დასჯერდა.

"ინტერი" მე-7 წუთზე ასიფ მამადოვმა დააწინაურა, ფინელებმა კი ანგარიში მატჩის 72-ე წუთზე გაათანაბრეს.

გოლის გატანა შეეძლო ექსდინამოელ მიკელ ალვაროს, მაგრამ შეცვლაზე შესული ესპანელის შორეული დარტყმა ძელმა მოიგერია.

შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა ბაქოელთა ახალწვეულმა ალექსანდრე იაშვილმა.

გიორგი ლომაიამ და ალექსანდრე იაშვილმა "ინტერის" რიგებში სრულად ითამაშეს, ალვარო მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, ხოლო მათი თანაგუნდელი ბაჩანა ცხადაძე ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

* * *

მეორე რაუნდში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ლატვიურმა "ვენტსპილსმა", რომლის ღირსებასაც თორნიკე თარხნიშვილი იცავს.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს, "ვენტსპილსმა" კი სტუმრად 1:1 ითამაშა უელსურ "ბრაუტონთან". ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

* * *
ფინურმა "ინტერ ტურკუმ", რომლის ღირსებასაც ირაკლი სირბილაძე იცავს, სტუმრად ფარერულ "ვიკინგურს" ვერ მოუგო - 1:1-ს დასჯერდა.

ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.

* * *
სომხური "განძასარი" შინ 1:2 დამარცხდა ყაზახურ "აქტობესთან". მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში გამწესებული შოთა ჯიქია 86-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
რიგის "სკონტომ", რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად მოლდოვური "ტირასპოლი" 1:0 დაამარცხა.

"სკონტოს" რიგებში სრულად ითამაშა ლაშა დვალმა, მისი თანაგუნდელი ირაკლი კლიმიაშვილი კი რიგელთა რიგებში 85-ე წუთიდან გამოჩნდა.

* * *
კვიპროსული "ანორთოსისი" საკონტროლო მატჩში ბელგიურ "ლეუვენს" დაუზავდა - 2:2. "ანორთოსისის" ახალწვეული შოთა გრიგალაშვილი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული