ვერ ვიტყვით, რომ "ოლბორგმა" საამისოდ ძალ-ღონე დაიშურაო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - საყაიმო ანგარიშის მიუხედავად, 25 ივლისის მატჩშიც გამოჩნდა, რომ "დილა" გაცილებით უკეთესი გუნდია.
გორელებს 90 წუთის განმავლობაში ერთი სერიოზული შეცდომაც არ დაუშვიათ, მშვიდად აკონტროლებდნენ თამაშის ტემპს, აკურატულად ითამაშეს დაცვაში და მეტოქისთვის არც მოედნის ცენტრი დაუთმიათ.
დანიელებმა პრესტიჟის გამარჯვების მოპოვებაც ვერ
სტუმრებს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენეს. ყველაზე ახლოს "დილა" დაწინაურებასთან 77-ე წუთზე იყო, როცა შეცვლაზე შესულმა კახა ალადაშვილმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა და "ოლბორგი" ხარიხამ იხსნა.
მთლიანობაში, თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა და ამის საჭიროება არც იყო. მთავარი საქმე "დილამ" "მიხეილ მესხზე" გააკეთა, როცა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
პირველი მატჩის შემდეგ გიორგი დევდარიანმა ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა - ალადაშვილის, გრიგოლ დოლიძისა და ირაკლი მოდებაძის ადგილები თემურ ღონღაძემ, გიორგი აბურჯანიამ და მიხაილ გორელიშვილმა დაიკავეს.
კარგი იქნებოდა, ხორვატულ "ჰაიდუკთან" პირველ მატჩს საქართველოს ჩემპიონი დისკვალიფიცირებულთა გარეშე შეხვედროდა, მაგრამ ერთ დანაკლისს ვერ ასცდა - ალადაშვილმა გაფრთხილება "ოლბორგთან" ორივე შეხვედრაში მიიღო და ხორვატებთან პირველ თამაშს დააკლდება.
მოკლედ, "დილამ" ქართველ ქომაგს მოლოდინი არც 25 ივლისს გაუცრუა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებლად შეაბიჯა.
გადაულახავ ბარიერად არც "ჰაიდუკი" მოჩანს და ყველა საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ "დილა" ზედიზედ მეორე პლეი ოფში ვიხილოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]