დილა-ჰაიდუკი 1:0 - "ჰაიდუკიც" გაგორდა [VIDEO]

AutoSharing Option
მაგალითის ძალა
შეხვედრის დასრულებას 2-3 წუთი აკლდა, პრესლოჟაში მეგობარმა ჟურნალისტმა რომ მითხრა - ხუთი წლის წინათ ვინ წარმოიდგენდა, რომ გორის "დილა" სპლიტის "ჰაიდუკს" ევროტურნირზე სტუმრადაც დაამარცხებდა და შინაცო...

ქართველები ფეხბურთში ნიჭიერი ხალხი ვართ, ოღონდაც, საქართველოში სიღარიბემ დაჩაგრა ხალხიცა და ფეხბურთიც.

"დილას" ფული შარშან გაუჩნდა, მერე ბევრი რამ შეიცვალა, ორი თვის წინ გუნდი ხელახლა შეკოწიწდა, მთავრობამ 2 მილიონი ლარი გამოუყო, აქედან თითქმის ნახევარი ვალების გასტუმრებაზე წავიდა და რაც დარჩა, გუნდმა დეკემბრამდე უნდა იმყოფინოს.

აბა, წარმოდგინეთ, "დილას" 5 წლის განმავლობაში უწყვეტი დაფინანსება
რომ ჰქონოდა, დღეს რა გაქანების გუნდი იქნებოდა. "დილა" კარგი მაგალითია იმისი, რომ ქართველები ფეხბურთში მართლაც ნიჭიერები ვართ და თუ სახსარიც გაგვიჩნდა, წინსვლას წინ ვერაფერი დაუდგება.

კარგი მწვრთნელი, მამუკა ჯუღელის კარგი ფეხბურთელები, კიდევ სხვა კარგი ფეხბურთელები და დაფინანსება - ეს არის "დილას" წარმატების საწინდარი, იმ გუნდისა, რომელიც ორ თვეში ჩამოყალიბდა.

"დილა" კარგი მაგალითია იმისი, თუ რა შეუძლია კარგ ატმოსფეროს, მეგობრულ, შინაურ სიტუაციას და თან პასუხისმგებლობის გრძნობას.

"დილა" კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთზე იზრუნებს, საქმე აუცილებლად გამოვა.

"დილა" კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს შეუძლია, ჰყავდეს მინიმუმ ორი ისეთი გუნდი, ევროსარბიელზე რიგიანად რომ ითამაშებს - "დინამო" და კიდევ სხვაც.

"დილა" კარგი მაგალითია იმისი, რომ არ არის აუცილებელი, კლუბში გყავდეს ოდიოზური ფიგურა, რომ ღირებულ წარმატებას მიაღწიო.

მაგალითს კიდევ დიდი ძალა აქვს და ვნახოთ, იქნებ სულაც "დილას" ამ წარმატებით დაიქოქოს საქმე ჩვენს საკლუბო ფეხბურთში.

Sportall.Geჩარაზული კარი
როგორც გიორგი დევდარიანი მატჩამდე ამბობდა, ისე მოხდა - "დილა" ფრთხილად თამაშობდა, მოედნის ცენტრში რაღაც სივრცეს თმობდა, საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან კი მჭიდროდ თამაშობდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კარგად იმუშავა თემურ ღონღაძისა და კახა ალადაშვილის ტანდემმა მარჯვენა ფლანგზე.

მეტი წილი "დილას" მწვავე იერიშებისა, აქედან იშლებოდა. კარგად წარმოაჩინა თავი მარცხენა ფლანგზე გიორგი გურულმაც, რამდენჯერმე გვაჩვენა ტექნიკის ილეთები, ბურთს კარგად იჭერდა და დაცვით ფაზაშიც ხისტად მოქმედებდა.

დევდარიანმა "დილა" ისევ სამი "სტოპერით" ათამაშა. სასიამოვნო იყო მამუკა კობახიძის გაბედული, აგრესიული, თითქმის უშეცდომო თამაში.

დისკვალიფიცირებული ოთარ ხიზანეიშვილის შემცვლელს, ტრავმამოშუშებულ ლექსო კვახაძეს ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, მაგრამ მაინც საიმედოდ გაისარჯა.

გულვერდ თომაშვილს გუშინდელზე უკეთ შეუძლია თამაში, თუმცა "დილამ" გოლი რომ არ გაუშვა, თავისი წვლილი მანაც შეიტანა.

ზედიზედ ოთხი შეხვედრა ევროტურნირზე და არც ერთი გაშვებული გოლი! - ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება.

კოზირები

დევდარიანის გუნდის კოზირი კონტრშეტევაა. მწვრთნელი მაქსიმალურად იყენებს სწრაფ ფეხბურთელებს, მაგალითად - ცენტრფორვარდ ირაკლი მოდებაძეს, რომელიც პირველ ბურთს იღებს და თანაგუნდელებს შეტევაში წასვლის საშუალებას აძლევს.

შოთა არველაძის შემდეგ საქართველოს ასეთი ტიპის ცენტრფორვარდი არ ჰყოლია და სასიამოვნოა, რომ მოდებაძე ყოველივე ამას ევროსარბიელზე ახერხებს.

გიორგი ილურიძე ცალკე თემაა. გუშინაც ის იყო მთავარი გამამწვავებელი, მოუსვენარი შემტევი, გულშემატკივართა სიხარული და ეფექტი - მოედანზე.

კონტრშეტევის გაშლა რიგიანად ჰქონია "დილას" დამუშავებული ვარჯიშებზე. ვინ სად და როგორ გაიხსნას, როგორ მომზადდეს კონტრიერიში - ამას შეძლება უნდა.

დევდარიანმა "დილას" ყველა ევროთამაშისას გამოიცნო შეცვლები. მწვრთნელი მხოლოდ ამით არ ფასობს, მაგრამ ეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, თქმა რად უნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფრთხილად, ფეხი არ დაგვიცდეს
ხორვატთა შემტევმა ტინო-სვენ სუშიჩმა ოციოდე მეტრიდან რომ დაარტყა, ილურიძემ ჩვეული ჩაუქობით უპასუხა.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ თამაში ოდნავ გაიხსნა. "ჰაიდუკის" მეორე ნომერი, დინო მიკანოვიჩი მთელი მატჩის განმავლობაშინ, ცოტა არ იყოს, თავხედურად იქცეოდა, მაგრამ "დილას" ფეხბურთელები პროვოკაციაზე არ წამოეგნენ.

გაბრაზებულმა მიკანოვიჩმა ერთხელ აუტზე ისე მოისროლა ბურთი, რომ ლამის "დილას" მენეჯერ გია ისიანს გაარტყა. გორელებს ნერვებმა არ უმტყუნა.

ილურიძე ერთხელაც დაბზრიალდა მოხდენილად, საჯარიმოს ხაზს მიახლოებულმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი კალინიჩის ხელებს შეაწყვიტა.

მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული შეტევის შემდეგ მოდებაძეს შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმული კარამდე არ წასულა, ბურთი მცველს მოხვდა.

გურულმა და მოდებაძემ ჩინებულად გაითამაშეს კომბინაცია, დასარტყმელ პოზიციაზე ლაშა გვალია აღმოჩნდა, "დილას" საყრდენ შუახაზელს გოლის გატანის რიგიანი შანსი შეექმნა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.

"ჰაიდუკს" საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და მიუხედავად ამისა, იგორ ტუდორის ფეხბურთელებმა მაღალი კონცენტრაციით ითამაშეს. არც "ჰაიდუკი" გარბოდა შეტევაში თავქუდმოგლეჯილი, თითქოს ისიც მეტოქის შეცდომას ელოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დოლიძე, სუპერ!

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში შეხვედრის სიუჟეტი არ შეცვლილა. გამოსარჩევი იყო "დილას" ერთ-ერთი კონტრიერიში - მოედნის ცენტრში ბურთი მოდებაძემ მიიღო, შეტევა ილურიძემ და გვალიამ გაშალეს, ალადაშვილი მარჯვნიდან შეიჭრა "ჰაიდუკის" საჯარიმოშო, კარის გასწვრივ ისე ჩააწოდა ბურთი, ვინმეს რომ შეხებოდა, უეჭველი კარში შევარდებოდა, მაგრამ დაგვირგვინება არ გამოვიდა.

"დილამ" კიდევ ერთი კარგი კონტრშეტევა გაახერხა: მრავალსვლიან კომბინაციას ალადაშვილის ჩაბზრიალებული ჩაწოდება მოჰყვა, მოდებაძე გაიწვართა და თავური დააძგერა - კალინიჩმა სასწაული ბურთი მოიგერია.

ვერ გაიტან, გაგიტანენ - გულმა იცის ასეთი რეჩხი და "ჰაიდუკმაც" გაიბრძოლა. ტონჩი მუჯანმა "დილას" ორ ფეხბურთელს მარჯვედ ჩაუქროლა, ჭვინტი ძლიერად დაჰკრა ბურთს, რომელმაც გორელთა კარი ხარიხას გაჰკრა.

დევდარიანმა შეცვლებს მიმართა და მოსახდენიც მოხდა: ისევ კონტრიერიში, ისევ ილურიძე, მერე კი გრიგოლ დოლიძე, რომელმაც ჯერ მცველი გააბითურა, მერე კი გარე ტერფით ოსტატურად გაახვია ბურთი ბადეში - "ჰაიდუკის" ძლევა ლამაზი გოლით დასრულდა.

ნუკრი რევიშვილს 8 აგვისტოსაც ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა 81-ე წუთზე ფილიპ ბრადარიჩის ჯარიმა კუთხურზე რომ მოიგერია, "დილას" ქომაგი შვებით ამოასუნთქა.

მატჩის შემდეგ
იგორ ტუდორი: "დილას" გამარჯვებას ვულოცავ. მიმაჩნია, რომ ორი თამაშის ჯამში მოწინააღმდეგეზე უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ".

გიორგი დევდარიანი: "დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ხორვატიაში. იქ მოედნის საფარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, არადა, ჩვენი კონტრშეტევები მოკლე და საშუალო გადაცემებზე იყო გათვლილი და ცუდი მინდორი ამაში ხელს გვიშლიდა.

ხარვეზები დღესაც გვქონდა, რასაც ნელ-ნელა გამოვასწორებთ. მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, ჟურნალისტებს ყურადღებისთვის, ფეხბურთელებს კი განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი - დიდი შემართებით ითამაშეს. გვიმართლებს შეცვლებშიც.

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "დილა" ორი თვის შექმნილია, გუნდს კიდევ აქვს მომატების პერსპექტივა?

- ტუდორის კომენტარზე იმას გეტყვით, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ფაქტია, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავედით. ხორვატიაში დავიღალეთ მისი სარკაზმით, ამ დაპირისპირებაში ფავორიტად "დილა" დაასახელა... ტუდორმა დათვალოს საგოლე მომენტები და ამის მერე ილაპარაკოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Gulshematkivari ყველაფერში გეთანხმები,აღფრთოვანებული ვარ!!!!!!!
Giorgi
21:41 12-08-2013
0
ბრავო გორის დილა! რაც ქართულ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ ესე ნასიამოვნები, ამაყი და გახარებული ჯერ არ ვყოფილვარ! ბიჭებმა ითამაშეს უდიდესი თავდადებით, უმაღლესი დონისა და კლასის,თანამედროვე, სწრაფი, ტექნიკური, კომბინაციური, გააზრებული, ტაქტიკურად გამართული და სწორი სტრატეგიით დაგეგმილი, პასების სიზუსტითა და ბურთზე ბრძოლის გამორჩეული, გუნდური, ერთსულოვანი და შეთამაშებული, ფეხბურთი! გაიხარეთ ბიჭებო! უამრავი მადლობა, წარმატებები და უღრმესი პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს. განსაკუთრებული მადლობა უჭკვიანეს მწვრთნელს გიორგი დევდარიანს!
Gulshematkivari
11:21 09-08-2013
0

სიახლეები პოპულარული