მეტოქე. ვენის "რაპიდი": "დილა" კრანკლის სამშობლოში

AutoSharing Option
რაპიდი
(ვენა, ავსტრია)
დაარსდა 1899 წელს
სტადიონი: გერჰარდ ჰანაპი (17 500)
კლუბის პრეზიდენტი: რუდოლფ ედლინგერი
მწვრთნელი: ზორან ბარიშიჩი (22.05.1970)
ტიტულები
ავსტრიის ჩემპიონი (32): 1912, 1913, 1916, 1917, 1919, 1920, 1921, 1923, 1929, 1930, 1935, 1938, 1940, 1941, 1946, 1948, 1951, 1952, 1954, 1956, 1957, 1960, 1964, 1967, 1968, 1981-82, 1982-83, 1986-87, 1987-88, 1995-96, 2004-05, 2007-08.
ავსტრიის თასის მფლობელი (14): 1919, 1920, 1927, 1946, 1961, 1968, 1969, 1972, 1976, 1983, 1984, 1985, 1987, 1995.
ავსტრიის სუპერთასის მფლობელი: 1986, 1987, 1988, 2008.
გერმანიის ჩემპიონი: 1941
გერმანიის თასის მფლობელი: 1938
თასების მფლობელთა თასის ფინალისტი: 1984-85, 1995-96.
ინტერტოტოს თასის მფლობელი: 1992, 1993.

გერმანულენოვანი ქვეყანა მოვლილი ბაღ-ვენახებითა და ცხოვრების მაღალი დონით - გორის "დილას" ასეთ ადგილას მოუწევს წასვლა ავსტრიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ.

ავსტრია არ არის ნატოს წევრი, ხოლო დედაქალაქი ვენა ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს ისეთ ქალაქად, სადაც ყველაზე სასურველია ცხოვრება.

გორიდან ვენამდე ყველანაირად შორია, თუმცა "დილა" უშანსოდ არ უნდა იყოს - ავსტრიულ ფეხბურთში დღეს დიდი ფული არ ტრიალებს, იქაური ბუნდესლიგის ფეხბურთელთა საშუალო ხელფასი 5-6 ათასი ევროა და შესაბამისად, ძვირადღირებული მოთამაშეები ამ წალკოტში თითქმის არ თამაშობენ.

ვენის "რაპიდი" 1898 წელს დაარსდა. კლუბი 32-ჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი. ტრადიციული ფერებია მწვანე და თეთრი.

1938 წელს, გერმანიის მიერ ავსტრიის ოკუპაციის შემდეგ, სხვა ავსტრიულ კლუბებთან ერთად "რაპიდიც" გერმანიის საფეხბურთო ოჯახს შეუერთდა და იმავე სეზონში თასიც მოიგო, ხოლო სამი წლის შემდეგ - ჩემპიონატიც.

"რაპიდი" ორჯერ (1985, 1996) გავიდა თასების თასის ფინალში და ორივეჯერ ხელმოცარული დარჩა - ჯერ "ევერტონთან", მერე კი "პარი სენ ჟერმანთან".

კლუბის ისტორიაში მთავარი კაცი, ალბათ, ჰანს კრანკლია. 1978 წელს ამ მეგოლემ ევროპის "ოქროს ბუცი" მოიპოვა, კარიერის მთავარი გოლი კი 1978 წელს შეაგდო, არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე - როცა ანგარიში 2:2 იყო, ზეპ მაიერს 88-ე წუთზე გაუტანა გოლი და დასავლეთ გერმანიის ქებული ნაკრები ტურნირს გამოთიშა.

კრანკლმა მწვრთნელობაში ვერ ივარგა, მის გარდა "რაპიდს" ლოთარ მათეუსიც წვრთნიდა და ამ საქმეს ვერც იმან გაართვა თავი.

2012-13 წლების სეზონში "რაპიდმა" ავსტრიულ ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, მიმდინარეში კი ჯერ სამი ტურია ნათამაშები და 7 ქულით კვლავ მესამე ადგილზეა.

"რაპიდს" ხორვატული წარმოშობის სპეციალისტი ზორან ბარიშიჩი წვრთნის. ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებაში III საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ბერძნული "ასტერასი" გამოთიშა - სტუმრად 1:1 ეთამაშა, შინ კინ 3:1 მოუგო.

"რაპიდის" კარს 29 წლის სლოვაკი მეკარე იან ნოვოტა იცავს, ნახევარდაცვაში მთავარი კაცი გუნდის გერმანელი კაპიტანი 32 წლის შტეფან ჰოფმანი უნდა იყოს.

თინეიჯერობაში ის მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელიც იყო, თუმცა იქ ვარსკვლავები არ მოუწყვეტია - პირველ გუნდში ოდენ ერთხელ ითამაშა.

"ასტერასს" ვენაში ორი გოლი 19 წლის შუახაზელმა ლუის შაუბმა გაუტანა, ბარიშიჩმა ის შეცვლაზე ათამაშა.

22 წლის ამერიკელი თავდამსხმელი ტერენს ბოიდი, 33 წლის ჩერნოგორიელი შუახაზელი ბრანკო ბოშკოვიჩი... მოკლედ, "რაპიდს" ლეგიონერები არ აკლია.

...და 24 წლის ნახევარმცველი გვიდო ბურგშტალერი - ავსტრიის ნაკრებში ამ ეტაპზე "რაპიდიდან" მხოლოდ მას იწვევენ.

2007/08 წლების სეზონში "რაპიდმა" უეფას თასის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" აქ 3:0, ხოლო შინ 5:0 მოუგო და იმედია, "დილასაც" იგივე დღეს არ დააყრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა თქმა უნდა პირველი არხი არ იყიდის ტრანსლაციის უფლებას,განმეორებით მატჩს კი მეორე არხზე გაუშვებს.მოვითხოვოთ პირველ არხზე ჩვენება,თუმცა ხალხის მოთხოვნა მაგათ როდის გაუთვალისწინებიათ.
valeri
13:55 11-08-2013
0
თანდათან უფრო ძლიერი გუნდი შეგვხვდება,ჩვენ ჩვენი კოვზირები უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ.
გია
11:48 11-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული