* "სევილია" ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონია.
* გათამაშების ბომბარდირებს სათავეში არიც ადურისი უდგას (8 გოლი).
შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ბაზელში ტრიუმფი არც "ლივერპულს" დასცალდეს და არც "დორტმუნდს", მაგრამ ერთი რამ უდავოა - დღის მთავარი დაპირისპირება მათია... იურგენ კლოპის გამო.
კლოპმა არ იცის...
"ლივერპულის" ამჟამინდელი თავკაცი იურგენ კლოპი გაცილებით მეტს ნიშნავს "დორტმუნდის" ფანებისთვის, ვიდრე მორიგი მეტოქის მორიგი მწვრთნელი. 2008-15 წლებში "დორტმუნდის" წარმატებებს სწორედ "კლოპო" ჭედდა. მან "ბორუსიას" ბუნდესლიგა ორჯერ მოაგებინა, ერთხელ კი გერმანიის თასიც. მან ერთხელ
"იურგენ კლოპის დერბი" - ასე შეარქვეს ამ დაპირისპირებას. ხოლო უეფა-ს ოფიციალურმა საიტმა ორიგინალობა გამოიჩინა და კენჭისყრის მერე ეს წყვილი "ელ კლოპიკოდ" მონათლა. თავად კლოპი ამბობს, რომ თავის ახალ გუნდს იმ საოცარ გარემოს გააცნობს, რომელშიც მისი ყოფილი გუნდი თამაშობს.
ის "ლივერპულის" ფეხბურთელებს "დიდებული ქალაქის" გაცნობასაც უპირებს. მოკლედ, კლოპი "ბორუსიასა" და დორტმუნდის ქება-დიდებაშია და ალალად ამბობს, რომ არ იცის, რა ელის დორტმუნდში და როგორ შეხვდება თავად ტრიბუნების რეაქციებს.
"ასეთ ისტორიებს მხოლოდ ფეხბურთი წერს", - აცხადებს კლოპი და მართალიცაა.
"დორტმუნდი" და "ლივერპული" აქამდე სამჯერ შეხვდნენ ევროთასებზე - თითო მოგება, ფრე და წაგება. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, რა თქმა უნდა, 1966 წლის ევროპის თასების თასის ფინალი იყო გლაზგოში. ვილი მულტჰაუპის "დორტმუნდმა" 2:1 დაამარცხა ბილ შენკლის "ლივერპული".
დიდი ხნის პაუზის მერე ეს გუნდები 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს. ინგლისში 0:0 დასრულდა, გერმანიაში 2:0 "ლივერპულის" სასარგებლოდ, რომელსაც ნაოპერაციები ჟერარ ულიე ვერ გაჰყვა.
"დორტმუნდი" ევროპალიგაზე მაგრად თამაშობს, გუნდმა შინ 7 შეხვედრიდან 6 მოიგო. რაც პლეი ოფი დაიწყო, "დორტმუნდმა" ოთხივე შეხვედრა მოიგო და თან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. გერმანული კლუბის ნახევარმცველ ნური შაჰინს "ლივერპულში" უთამაშია - 2012/13 წლების სეზონში 5 თვე იჯარით გაატარა "ნისლიან ალბიონზე".
შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდს" თომას ტუხელი წვრთნის, რომელმაც ის ჯერ "მაინცში" (კლოპი 2008-ში წავიდა, ის 2009-ში მივიდა) შეცვალა, შემდეგ "ბორუსიაში". მომდევნო გაჩერება "ლივერპულია"?
საკადრო პრობლემები უფრო იურგენ კლოპის გუნდს აწუხებს, რომელსაც რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული. "დორტმუნდი" შესანიშნავ ფორმაშია - 2016 წლის 16 მატჩში გერმანული გუნდი დაუმარცხებელია.
თომას ტუხელი (დორტმუნდი): "თუ ჩვენი ფანები იურგენ კლოპს თბილად არ დახვდებიან, ეს ჩემთვის უსიამოვნო სიურპრიზი იქნება. იურგენმა დიდი სამუშაო გასწია ამ კლუბისთვის და დაიმსახურა, რომ "მტრის" რანგშიც თბილად დავხვდეთ. კლოპი ძალიან კარგი მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ვიცი. მისთვის ეს შეხვედრები სპეციალური იქნება.
სწორედ იურგენის წყალობით, "ლივერპული" კვირიდან კვირამდე უმატებს. მეტოქე პრესინგს თამაშობს, მას ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები. მოკლედ, ძალიან რთული მატჩები გველის წინ. ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, თუკი შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს".
ფერნანდო ლორენტეს დერბი
ესპანური დერბია ევროპალიგის მეოთხედფინალშიც (ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში). დავაზუსტებთ, ბილბაოში ბასკურ-ანდალუსიური დაპირისპირება გველის. "ბილბაო" ბასკი სპეციალისტის, უნაი ემერის "სევილიას" მასპინძლობს. ევროპალიგის ბომბარდირთა დავას 8 გოლით სწორედ "ბილბაოს" ფორვარდი არიც ადურისი ლიდერობს, რომელმაც ფურორი მოახდინა და 35 წლის ასაკში დაიმსახურა ნაკრებში მიწვევა. ადურისს აქვს შანსი, "ფურია როხას" ევრო 2016-ზე გაჰყვეს.
მაგრამ ამ დაპირისპირებაში ყურადღების ცენტრში სულ სხვა თავდამსხმელია - "სევილიაში" ხომ "ბილბაოს" ყოფილი ვარსკვლავი - "მეფე ლომი", როგორც მას ეძახდნენ, ფერნანდო ლორენტე თამაშობს.
"ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რომ ის გუნდი შეგვხვდა, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მაგრამ ეს კარგია. "ბილბაოში" ცხოვრების შესანიშნავი 17 წელიწადი გავატარე. ამიტომაც მის წინააღმდეგ თამაში ძნელიც იქნება ჩემთვის და უცნაურიც. რა თქმა უნდა, თამაშით ყველაფერს გავიღებ "სევილიასთვის", - განაცხადა ლორენტემ.
ტოპ-ფორმაში
კიდევ ერთი ესპანური კლუბი - "ვილიარეალი" - ჩეხურ "სპარტას" მასპინძლობს. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ლა ლიგაშიც ყოჩაღობს და ევროასპარეზზეც, რაც უთუოდ მწვრთნელ მარსელინოს დამსახურებაა. ჩემპიონატში "ვილიარეალი" მყარად არის მეოთხე ადგილზე და თუ სასწაული არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც გარანტირებული აქვს. ევროპალიგის ამ სეზონში კი მარსელინოს გუნდმა შინ არათუ ყველა შეხვედრა მოიგო, არამედ გოლიც კი არ გაუშვია. "სპარტაც" დიდებულ ფორმაშია, შინაც და ევროპაშიც. 12 მატჩია, "სპარტა" ევროპალიგაზე არ დამარცხებულა. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჩეხებმა "ლაციოს" კუდით ქვა ასროლინეს.
"შესაძლოა, ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ "სპარტა" არ არის სუსტი მეტოქე. ამ შემთხვევაში ის ევროპალიგის მეოთხედფინალში ვერ მოხვდებოდა. ხანდახან ვივიწყებთ ხოლმე, რას მივაღწიეთ უკვე ამ სეზონში, თითქოს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო", - განაცხადა მარსელინომ პრესკონფერენციაზე.
ლიგის შემორჩენილი დესანტი
2011 წლის ევროპალიგის ფინალისტი "ბრაგა" უკრაინულ "შახტართან" გაარკვევს კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობას. ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2010/11 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარა. მაშინ მირჩა ლუჩესკუს "შახტარმა" იოლად იმარჯვა - პორტუგალიაში 3:0, უკრაინაში - 2:0. დომინგოს პასიენსიას გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეზობა ევროპალიგაზე განაგრძო, სადაც ფინალს უწია. "ბრაგამ" ამ სეზონში ევროპალიგაზე შინ 5 მატჩიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. "შახტარი" ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა.
იმ 8 კლუბიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან "ჩამოლაბორანტდნენ", მხოლოდ "შახტარი" და "სევილია" რჩებიან ბრძოლაში. "სევილია", მოგეხსენებათ, მოქმედი ჩემპიონია.
ხუთშაბათი. 7 აპრილი
დორტმუნდი-ლივერპული 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სუბოტიჩი, გიუნდოგანი (?) - ფირმინო (?), გომესი, ინგსი, ლუკასი, როსიტერი, შკრტელი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, სოკრატისი, შმელცერი - ვაიგლი, შაჰინი, კაგავა, მხითარიანი, როისი - ობამეიანგი
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ჰენდერსონი, ჯანი, მილნერი - კოუტინიო, სტარიჯი, ფირმინო
მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)
ბილბაო-სევილია 23:05
დისკვალიფიკაცია: რ. გარსია (ბილ)
ტრავმა: ლაპორტი, მერინო - კონოპლიანკა (?), ნ'ზონზი (?)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ბრაგა-შახტარი 23:05
დისკვალიფიკაცია: ფრედი, კუჩერი (შახტ)
ტრავმა: კრისლანი (?), რუი ფონტე, ჟოსუე, ალანი - აზევედუ, რაკიცკი (?), შევჩუკი (?), ტაისონი (?)
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
ვილიარეალი-სპარტა 23:05
დისკვალიფიკაცია: რუკავინა (ვილ)
ტრავმა: ჯონათან დოს სანტოსი, მუსაჩო, ბონერა - ვახა, ზაჰუსტელი, ირაჩეკი, ბიჩიკი (?), ჰოლეკი (?)
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
საპასუხო მატჩები - 14 აპრილს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"