ევროპალიგა. 1/2-ფინალი. I მატჩების წინ: "ელ მადრიგალს" კლოპის არ ეშინია

AutoSharing Option
დღეს ლვოვსა და ვილა-რეალში ევროპალიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.

ჩვენ გველის უკრაინულ-ესპანური და ესპანურ-ინგლისური დაპირისპირებები.

იურგენ კლოპს ვალენსიის მხარეში ისეთი თბილი დახვედრა აღარ ელის, როგორც ეს დორტმუნდში იყო.

"ელ მადრიგალზე" ის არც გმირია და არც ისეთი საშიში, როგორც ეს "დორტმუნდთან" საპასუხო მატჩის მერე ჩანდა - მეტიც, კლოპს ესპანეთში ევროთასებზე არასოდეს უმარჯვია, როგორც მწვრთნელს. "ვილიარეალი" ამ სერიის გაგრძელებას აპირებს, მით უფრო, რომ "ელ მადრიგალი" მისთვის ნამდვილი ბასტიონია - თითქმის აუღებელი.

ეს ორი კლუბი აქამდე არასოდეს გადაჰყრია ერთმანეთს, თუ 2008 წლის წინასასეზონო
ამხანაგურ მატჩს არ ჩავთვლით, რომელიც 0:0 დასრულდა სწორედ "ელ მადრიგალზე".

ამ სეზონის ევროპალიგაზე "ვილიარეალს" 11 თამაშია, არ წაუგია (8 მოგება). ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ესპანელთა სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ მეორე მხრივ, "ვილიარეალს" უკვე 10 თამაშია, ვერ მოუგია პრემიერლიგის წარმომადგენლისთვის.

"ლივერპულის" წაუგებელი სერია კიდევ უფრო შთამბეჭდავია - 12 მატჩია (5 მოგება) გუნდი არ დამარცხებულა, ანუ მთელი სეზონი. "ლივერპული" ერთადერთი გუნდია ამ ტურნირზე, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან მოდის და არც ერთხელ დამარცხებულა.

მარსელინო (ვილიარეალი): "ლივერპული" ფავორიტია ისტორიის გამო, იმის გამო, რაც ამ გუნდმა "დორტმუნდთან" შეძლო. მაგრამ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ მათზე ნაკლებნი ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორი მატჩის ჯამში ეს ლეგენდარული კლუბი გზიდან ჩამოვიცილოთ. მეტოქე ძალიან კარგია, ბევრი ექსტრაორდინარული ფეხბურთელიც ჰყავს. "ლივერპული" დინამიკურ ფეხბურთს თამაშობს. როგორმე უნდა გავუმკლავდეთ მათ პრესინგს ჩვენს ნახევარზე. თუ ეს შევძელით, წარმატებისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ".

ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონი "სევილია" ლვოვში ესტუმრება ლტოლვილ კლუბად ქცეულ "შახტარს", რომელიც წინა სეზონებივით ვარსკვლავური ვერ არის, მაგრამ ფაქტია, მაინც წარმატებულია - აგერ, ევროპალიგის ნახევარფინალშია და არცთუ უშანსოდ.

რაც "შახტარი" ევროპალიგაზე გადმობარგდა, 6 თამაშია, წაუგებელია. აღსანიშნავია, რომ "შახტარმა", ისევე, როგორც "სევილიამ", ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო. "სევილია" ისტორიაში პირველი კლუბია, რომელიც ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპალიგის (ან მისი წინამორბედი ტურნირის) ნახევარფინალში.

ეს ორი კლუბი ერთმანეთს 2007 წელს უეფას თასის მერვედფინალში გადაეყარა. ესპანეთში 2:2 დაფიქსირდა, უკრაინაში კი "სევილია" 1:2-ს აგებდა, როცა მეკარე (!) ანდრეს პალოპმა გაიტანა ბოლოს და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ერნესტო ჩევანტონის გოლმა შემდეგი ეტაპის საგზური ანდალუსიელებს მოუტანა.

ხუთშაბათი. 28 აპრილი
შახტარი-სევილია 23:05
დისკვალიფიკაცია: ფრედი -
ტრავმა: აზევედო - რამი, რეიესი, ტრემულინა, ვიტოლო
მსაჯი: სიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ვილიარეალი-ლივერპული 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლეო ბაპტიშტაო - ბენტეკე (?), ჯანი, გომესი, ჰენდერსონი, ინგსი, ორიჯი, როსიტერი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული