ევროპალიგა. 1/2 ფინალი. I მატჩები: ესპანური ფინალის კონტურები [VIDEO]

AutoSharing Option
ის, რომ ევროპალიგის გათამაშებაში "სევილია" პრაქტიკულად დაუმარცხებელია, ძველი ამბავია და ამაზე საფეხბურთო სამყაროში დიდი ხანია ხუმრობენ. ესპანური გუნდი ამჯერადაც ძალიან ახლოს არის, რომ ფინალში გავიდეს და ტიტული დაიცვას.

უნაი ემერის გუნდი ლვოვში ჩავიდა, სადაც დონეცკის "შახტარს" ესტუმრა და სასურველ ფრეს გამორჩა - 2:2. განმეორებით შეხვედრაში, გასვლაზე ნათამაშები შედეგიანი ფრე კარგი ფორაა და შესაბამისად, "სევილია" წყვილის ფავორიტად უნდა შევრაცხოთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სევილიამ" სწრაფი გოლი შეაგდო და ეს საუკეთესო დასაწყისი იყო ესპანური გუნდისთვის. ჯერ კიდევ მე-6 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ვიტოლოს დარტყმას დონეცკელთა
მეკარემ ვერაფერი მოუხერხა. უკრაინელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და პირველ ტაიმში ორი გოლი მიართვეს მეტოქეს - ჯერ მარლოსი გამოირჩა, ხოლო შემდეგ სტეპანენკო.

მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. თუმცა, ფორტუნამ "სევილიას" გაუღიმა და 82-ე წუთზე, გამეირომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაქვითა ანგარიში, 2:2. დარჩენილ წუთებში უფრო უკრაინელები აქტიურობდნენ, რაც სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა - საბოლოოდ, ფრე ესპანელთა სასარგებლოდ.

* * *
მეოთხედფინალურ ეტაპზე, "ლივერპულმა" საოცრად დრამატულ ბრძოლაში გადალახა დორტმუნდული ბარიერი, ასეთ გამარჯვებას კი ტრიუმფალური დასასრული, ანუ ტურნირის მოგება მოუხდება. თუმცა, "ვილიარეალს" ნაკლებად აღელვებს მერსისაიდელთა განვლილი გზა და ფიქრები ტრიუმფალურ მომავალზე - მათ თავიანთი მიზანი აქვთ, რომლისკენაც ჯიქურ მიიწევენ.

"ვილიარეალი" არატიპური ესპანური გუნდია - ნაკლებად უტევს, მეტწილად დაცვაში დგას და თავის შანსს ელოდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შესაბამისად, მარსელინოს შეგირდებს ძალიან უყვართ ის ანგარიში, რომლითაც ევროპლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლივერპული" დაამარცხეს. ერთადერთი და გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი შეცვლაზე შესული ადრიან ლოპესია. დიახ, ადრიანი 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მრავალსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა.

ფინიში მართლაც დრამატული იყო, იქამდე კი თანაბარი თამაში მიდიოდა და ფრე ალბათ ლოგიკური შედეგი იქნებოდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადრიან ლოპესმა გამოიდო თავი და განმეორებითი მატჩის წინ, "ვილიარეალს" კომფორტული ფორა შეუქმნა.

"ვილიარეალი" მძიმე გუნდია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, აღწევს მიზანს - ეს გუნდი "ატლეტიკოს" წააგავს, რომელმაც ზუსტად ანალოგიური ანგარიშით ჩემპიონთა ლიგის პირვველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა...

ევროპალიგა. 1/2 ფინალი. I მატჩები
შახტარი-სევილია 2:2
გოლები: 0:1 ვიტოლო (6), 1:1 მარლოში (23), 2:1 სტეპანენკო (36), 2:2 გამეირო (82-პენ)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი - მალიშევი, სტეპანენკო - მარლოში (90. ბერნარდი), კოვალენკო, ტაისონი (90. ნემი) - ფერეირა (90. ედუარდო)
სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო, რამი, კარიშო, ესკუდერო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა (59. კრონ-დელი (72. კოკე)) - გამეირო
გაფრთხილება: სრნა, მალიშევი - ესკუდერო, კარიშო, კრიხოვიაკი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-7 (4-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 34 000

ვილიარეალი-ლივერპული 1:0
გოლი: 1:0 ა. ლოპესი (90)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ბაილი (76. მუსაჩო), რუისი, კოშტა - დოს სანტოსი (72. კასტილიეხო), პინა, ბრუნო, დ. სუარესი - სოლდადო (74. ა. ლოპესი), ბაკამბუ
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, ტურე, მორენო - მილნერი, ლეივა, ალენი - კოუტინიო (46. იბე), ლალანა, ფირმინო (90. ბენტეკე)
გაფრთხილება: კოსტა (60. ვილიარეალი)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 7-10 (3-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 24 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული