ლივერპული-სევილია 1:3 - ევროპალიგის "რეკორდმაისტერი" [VIDEO]

AutoSharing Option
* "სევილიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპალიგის ტიტული. ის პირველი გუნდია, ვინც ამ ტურნირის ისტორიაში ზედიზედ სამჯერ გამარჯვება მოახერხა.
* ესპანეთი პირველ ადგილზე გადავიდა ევროპალიგის (უეფას თასის) ტიტულებით - 10. ესპანეთი აქამდე იტალიასთან იყოფდა პირველ ადგილს 9-9 ტიტულით.
* უნაი ემერი პირველი მწვრთნელია, ვინც ზედიზედ მესამედ მოაგებინა გუნდს ეს ტიტული. სამჯერ ტიტული ჯოვანი ტრაპატონიმაც მოიგო, მაგრამ არა მიყოლებით.
* "სევილიამ" ტიტული მეხუთედ მოიპოვა (ტურნირის რეკორდი), 2006 და 2007 წლებში ანდალუსიურმა კლუბმა თასი ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით მოიგო.
* ბოლოს ევროთასი ზედიზედ სამჯერ
"ბაიერნმა" მოიპოვა (1974-76).
* ისტორიაში მეორედ ესპანეთი ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი კლუბით წარდგება.
* ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად კოკე დაასახელეს.
* ხოსე ანტონიო რეიესმა, რომელსაც ამ შეხვედრაში არ უთამაშია, ევროპალიგა მეხუთედ მოიგო. რეიესმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

ევროპალიგა "შპს სევილიად" იქცა - წუხელ ბაზელში უნაი ემერის გუნდმა ამ ტურნირის ყველანაირი რეკორდი მოხსნა, მეორე ტაიმში კლოპის "ლივერპულს" დიდი ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა და წითლად "შეღებილი" ბაზელი დაადუმა.

თამაში
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დღევანდელი "ლივერპულისთვის" ამ ტურნირის ფინალში თამაში თითქმის მაქსიმუმია. მერსისაიდული გუნდი ვერ არის ჯერ აწყობილი მექანიზმი, თუმცა იურგენ კლოპმა გუნდს მისთვის დამახასიათებელი მებრძოლი სული დაუბრუნა, გზად მცირე და დიდი სასწაულები მოახდინა და ამ განწყობის წყალობით, არც ფინალში ითვლებოდა აუტსაიდერად.

"წითლებს" პირველი ტაიმი გამოუვიდათ კიდეც. 29-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა ცაციით დიდებული გოლი გაიტანა.

დაიწყო მეორე ტაიმი და... წამებში მარიანო მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და დიდებულად მოთამაშე კევინ გამეიროს საპასუხო გოლი გაატანინა. "ლივერპული" ვერაფერს ახერხებდა, "სევილია" კი შტურმზე გადავიდა და კოკემ, რომელიც ამ მატჩში წინ იყო წაწეული, ბენეფისი მოიწყო - 6-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და ფინალის ბედი გადაწყვიტა - 3:1.

გოლების გარდა, "სევილიას" უპირატესობას კლასში იმდენად დიდი იყო, რომ ანდალუსიელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. "სევილიამ" ევროპალიგა ზედიზედ მესამედ მოიგო, კვლავ დამსახურებულად.

ჩხუბი
ბაზელის "სენტ იაკობსზე" უმრავლესობა "ლივერპულის" ფანი იყო, ეს შვეიცარიული ქალაქი ორი დღის განმავლობაში მერსისაიდულს მოგვაგონებდა, ყველგან "ლივერპულის" მაისურებში გამოწყობილი ფანები იყვნენ. საკვირველი არც ის არის, რომ ინგლისელ და ესპანელ ფანებს შორის ტრიბუნაზე დაპირისპირება მოხდა.

ფინალის დაწყებისთანავე ორ ადგილას შეიქმნა პრობლემა, სადაც ისე მოხდა, რომ სექტორში "ლივერპულისა" და "სევილიას" ფანები შერეულად ისხდნენ. სევილიელ ულტრასებთან შეხლა-შემოხლა აუცილებლად მოიტანდა ცუდ შედეგებს, მაგრამ შვეიცარიულმა პოლიციამ დროულად გააკეთა კორდონი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სულ "სენტ იაკობსზე" 7 ათასი სევილიელი ფანი მივიდა, მაშინ, როცა ლამის სამი მეოთხედი ტრიბუნების ინგლისური იყო.

Sportall.Ge

არაფერი და ყველაფერი
"ლივერპულის" პირველი სეზონი კლოპთან ერთად ემოციური და იმედისმომცემი კი იყო, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა - ევროსაგზური "წითლებმა" ვერც ინგლისის ჩემპიონატიდან და თასებიდან მოიპოვეს და ვერც ევროპალიგიდან.

აი, "სევილიას" კი ევროპალიგის საგზური გარანტირებული ისედაც ჰქონდა, მაგრამ გაცილებით მეტს შეწვდა - ზედიზედ მეორე სეზონში უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, როგორც ევროპალიგის გამარჯვებული. "სევილია" მომდევნო სეზონში "ბარსელონას", "რეალს", "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალს" შეუერთდება ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე. ევროპალიგაზე ესპანეთი მხოლოდ ორი კლუბით წარდგება - "ბილბაოთი" და "სელტით".

მატჩის შემდეგ
იურგენ კლოპი (ლივერპული): "სიმართლე გითხრათ, ჩვენი თამაში თავიდანვე არ მომწონდა. მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ბრწყინვალე გოლი, შემდეგ კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს. აი, მეორე ტაიმში კი ეგრევე გაგვიტანეს, ეს კი დიდი დარტყმა იყო. რა თქმა, უნდა ყველა პრობლემა საპასუხო გოლში არაა. ყველაზე მთავარი და ცუდი ის იყო, რაც ამ გოლის მერე მოხდა.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა და დავკარგეთ საკუთარი ძალებისა და თამაშის სტილის რწმენა. მომავალში ამისგან გაკვეთილს მივიღებთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და გავძლიერდებით, მაგრამ ახლა ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ. შედეგზე კი პასუხისმგებელი მე ვარ".

უნაი ემერი (სევილია): "ლივერპული" მაღალი კლასის გუნდია. საკუთარი თავის რწმენის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდით. ძალიან მიხარია, რომ "სევილიას" ფანები ზეიმობენ. ესპანური კლუბების წარმატება იმაშია, რომ ჩვენ ვთამაშობთ დიდი შემართებით, მაღალ დონეზე "ვკითხულობთ" თამაშს და პატივს ვცემთ ამ ტურნირს. ეს ჩვენი ტურნირია".

კოკე (სევილია): "ვერ გეტყვით, რატომ გამოსდის "სევილიას" რეგულარულად გამარჯვებები ამ ტურნირზე. დიდი მადლობა ფანებს, რომლებიც ასე შორს გამოგვყნენ და ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ. დღეს ჩვენ მოედანზე ბოლომდე ვიბრძოდით. ძალიან რთული მატჩი იყო, იყო მონაკვეთი, როცა "ლივერპულს" მეორე გოლის გატანა შეეძლო ჩვენთვის.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მთავარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ყოველ წელს "სევილიაში" 10 ფეხბურთელი მაინც იცვლება. ამიტომ სეზონის დასაწყისში გვიჭირს ხოლმე. შარშან ვერაფერს გავხდით ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ წელს ისევ დავბრუნდებით იქ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლივერპული-სევილია 1:3
გოლები: 1:0 სტარიჯი (35), 1:1 გამეირო (46), 1:2 კოკე (64), 1:3 კოკე (70)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კ. ტურე (82. ბენტეკე), მორენო - მილნერი, ჯანი - ლალანა (73. ალენი), ფირმინო (69. ორიჯი), კოუტინიო - სტარიჯი
სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო, რამი (78. კოლოძეიჩაკი), კარიშო, ესკუდერო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - კოკე, ბანეგა (93. კრისტოფორო), ვიტოლო - გამეირო (89. იბორა)
გაფრთხილება: ლოვრენი, ორიჯი, კლაინი - ვიტოლო, ბანეგა, რამი, მარიანო
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-11 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 36 512

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მსაჯის ბრალია ყველაფერი
giogio
02:33 19-05-2016
0
ორი პენალტი არ დადო ეს ხომ ფაქტია, ბარსელონა ან რეალი რომ ყოფილიყო ხომ დაუდებდა, 2:0 რა იქნებოდა არავინ იცის, ლივერპულს წაართვეს ტასი მე ასე ვფიქრობ
ვანო
11:03 19-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული