ვასილ მაისურაძე: დღეს ყველაზე მეტად გუნდურობა გვჭირდება

AutoSharing Option
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი უკვე ისტორიის საკუთრებაა, თუმცა საქართველოს ნაკრების წარმატებით მოგვრილი ემოციები კიდევ დიდხანს არ დაგვტოვებს.

ადრე არაერთხელ ნათქვამს გავიმეორებთ, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავისი თამაშით ქართული ფეხბურთის უკეთესი იმედი გაგვიჩინეს და ახლა მთავარია, მათ ზრდა და განვითარება გააგრძელონ.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვასილ მაისურაძესთან ბოლო პერიოდში სისტემატური კონტაქტი გვქონდა, ამიტომაც მასთან ძველ თემებზე ძალიან ვრცლად აღარ გვისაუბრია და მხოლოდ მნიშვნელოვან დეტალებს შევეხეთ.

- დღევანდელი გადასახედიდან, თუ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო?
- ნათქვამია, მა
და ჭამაში მოდისო და ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ ნახევარფინალი საქართველოს ნაკრების შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სლოვენიაში გამგზავრებამდე მიზნად ნახევარფინალში გასვლა დავისახეთ და ეს ამოცანა წარმატებით განვახორციელეთ.

ზოგადად კი, ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ევროპაში ქართული ფეხბურთის პრესტიჟი აამაღლა და ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კონკრეტულ ტურნირზე მიღწეული წარმატება.

- ალბათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალსაც ადევნეთ თვალი. როგორ ფიქრობთ, ჰოლანდიამ ჩემპიონობა დაიმსახურა?
- ფინალს, რა თქმა უნდა, ვუყურე. გერმანია და ჰოლანდია დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან და ორივეს ჩემპიონობა კანონზომიერი იქნებოდა.

ჰოლანდიელებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს, ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრეს და მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობეს, რასაც ასევე ძალიან კარგი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება.

- რომელი იყო საქართველოს ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული საუკეთესო მატჩი?
- მარცხის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალ დონეზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში.

საერთოდ კი, ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ საუკეთესო შეხვედრად ელიტრაუნდში ინგლისთან 1:0 გამარჯვება მიმაჩნია.

- საქართველოს ნაკრებიდან კონკრეტულ ფეხბურთელებს ხომ არ გამოარჩევთ?
- რომელიმე მოთამაშეს ნაკრების წარმატებაში სხვებზე მეტი წვლილი რომ შეეტანა, აუცილებლად დავასახელებდი, მაგრამ ასე არ იყო.

ჩვენი გუნდის მთავარი კოზირი ძლიერი კოლექტიური თამაშია. გუნდზე მაღლა მესი და რონალდოც კი არ დგანან და განსაკუთრებულ როლს არც მე მივანიჭებ რომელიმე ფეხბურთელს. შედეგი ერთ და ორ ვარსკვლავს კი არა, გუნდურ სულისკვეთებას მოაქვს.

ქართველებს დღეს ყველაზე მეტად გუნდურობა გვჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება ამაში ყველას დაარწმუნებს.

- იყო რაიმე ისეთი დავალება, რაც გუნდმა ვერ შეასრულა?
- თავდასხმის ხაზში მეტი აქტიურობა და მრავალფეროვნება გვჭირდება და ამას ჯერ ვერ მივაღწიეთ. დროთა განმავლობაში ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

ამ ასაკის ფეხბურთელების სელექციას მთელი საქართველოს მასშტაბით განვაგრძობთ და შევეცდებით, ახალი საინტერესო მოთამაშეებიც ვიპოვოთ.

- ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭები სკაუტების ყურადღების ნაკლებობას არ განიცდიდნენ...
- ჩვენი ნაკრების წევრთა თამაშს სკაუტები ძალიან ბევრი ქვეყნიდან აკვირდებოდნენ. მატჩების შემდეგ მათ ბიჭებთან გასაუბრების საშუალებას ვაძლევდი და წესით, სულ მალე კონკრეტული სიახლეებიც გვეცოდინება.

- როგორია თქვენი უახლოეს გეგმები?
- როგორც იცით, "დინამოს" დუბლშემადგენლობაში მუშაობას განვაგრძობ, რაც შეეხება ნაკრებს, ამ თაობას დიდი სიამოვნებით გავყვებოდი. თუ ასე მოხდა, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას, რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყება, ახლო მომავალში შევუდგებით, ჩვენი უმთავრესი ამოცანა კი გრანდების წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერად თამაში იქნება.

- რას ურჩევთ თქვენს ფეხბურთელებს, საქართველოში გაზრდას თუ ევროპულ კლუბებში მალევე წასვლას?
- გააჩნია, სად წავლენ. პოსტსაბჭოთა სივრცეში წასვლას არავის ვურჩევ, ხოლო დასავლეთ ევროპის საფეხბურთო ქვეყნებში მოხვედრა აქ დარჩენას ნამდვილად ურჩევნიათ.

რაც შეეხება ზოგად რჩევებს, უკვე ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭებს თავში არაფერი აუვარდებათ.

მათ კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს წარმატება არაფრის გარანტიას აძლევთ. მათ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ და ქართულ ფეხბურთს ამაზე გაცილებით დიდ გამარჯვებებსაც მოუტანენ.

ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი, რითაც ფეხბურთელების შერჩევისას ვხელმძღვანელობთ, პიროვნული თვისებებია. რაგინდ ნიჭიერი იყოს, ჩემს გუნდში ვერ მოხვდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა აქვს და გუნდის ინტერესებს უგულებელყოფს.

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ადამიანები და თავისი ქვეყნის პატრიოტები თამაშობენ. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი პროფესიონალებად გაიზრდებიან და საკუთარ ცხოვრებას ფეხბურთს მიუძღვნიან.

გზა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე
პირველი შესარჩევი რაუნდი (მოლდოვაში)
საქართველო-ბულგარეთი 3:2
გოლები: ჭეჭელაშვილი (პენ.), ახვლედიანი, პაპუნაშვილი

საქართველო-მოლდოვა 2:1
გოლები: ჭეჭელაშვილი (პენ.), ნ. ჭანტურია

საქართველო-შვედეთი 0:2

ელიტრაუნდი (საქართველოში)

საქართველო-ესპანეთი 1:1
გოლი: ჭეჭელაშვილი (პენ.)

საქართველო-ინგლისი 1:0
გოლი: პაპუნაშვილი

საქართველო-უკრაინა 1:0
გოლი: მზევაშვილი

ფინალური რაუნდი
საქართველო-გერმანია 0:1
გოლი: 0:1 მაიერი (60)

საფრანგეთი-საქართველო 1:1

გოლები: 0:1 ჭეჭელაშვილი (30. პენ.), 1:1 ლემარი (67)

საქართველო-ისლანდია 1:0
გოლი: 1:0 დარციმელია (74)

ნახევარფინალი
ჰოლანდია-საქართველო 2:0

* * *

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის სრული სტატისტიკაა გამოქვეყნებული და ვფიქრობთ, ამ მაჩვენებლებისთვის თვალის შევლება უინტერესო არ უნდა იყოს.

- ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 3 გოლით გერმანელი მაქს მაიერი გახდა, მეორე ადგილზე კი 2 გოლით მისი თანაგუნდელი ლეონ გორეტცკა გავიდა. ქართველთაგან გოლები ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა და დავით დარციმელიამ გაიტანეს;

- საუკეთესო ასისტენტთა დავაში 2-2 საგოლე პასით ისლანდიელმა ოლივერ სიგურიონსონმა, გერმანელმა მარკ შტენდერამ და ჰოლანდიელმა ტომ ჰაიემ გაიმარჯვეს. ქართველთაგან ერთადერთი შედეგიანი გადაცემა გიგა სამხარაძემ გააკეთა;

- მეტოქის კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ, 6-6-ჯერ, გერმანელებმა, საიდ ბენკარიტმა და ლეონ გორეტცკამ დაარტყეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამ მხრივ 4 დარტყმით საუკეთესოა გიორგი პაპუნაშვილი;

- ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ, 3-3-ჯერ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნიკა ჭანტურია და გერმანელი ნიკლას სიულე გააფრთხილეს;

- სლოვენიაში ოთხი ფეხბურთელი გააძევეს და ჭანტურია ერთ-ერთი მათგანია;

- ევროპის ჩემპიონატის ყველაზე უხეში ფეხბურთელი 13 ჯარიმით პოლონელი მარიუშ შტეპინსკი გახდა, არიან, ქართველებიდან კი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, დავით ჯიქია დაჯარიმდა;

- ყველაზე მეტჯერ, 9-ჯერ, ისლანდიელ ოლივერ სიგურიონსონს ეუხეშნენ, ჩვენგან კი 6-ჯერ ალეკო მზევაშვილმა იუხეშა.

გუნდური სტატისტიკა
- ყველაზე მეტი, 7 გოლი, გერმანიამ გაიტანა, ქართველებმა თავი ორჯერ გამოიჩინეს;

- ყველაზე მეტი, 7 გოლი, მასპინძელმა სლოვენიამ გაუშვა, გერმანიას მხოლოდ ერთხელ გაუტანეს,
საქართველოს კი – 4-ჯერ;

- მეტოქის კარის ჩარჩოში გერმანიამ 32-ჯერ დაარტყა, ჩვენმა ნაკრებმა კი – 11-ჯერ, რაც ჩემპიონატის რვა მონაწილეს შორის მეექვსე შედეგია;

- ყველაზე მეტი კუთხური გერმანიამ ჩააწოდა – 24, საქართველომ კი 14. ამ შედეგით მეხუთე პოზიციაზე ვართ;

- 59 ჯარიმით ევროპის ჩემპიონატის ყველაზე უხეში გუნდი პოლონეთია, საქართველო კი 46 ჯარიმით მეორეა. ყველაზე კორექტულები ფრანგები იყვნენ;

- ყველაზე მეტჯერ, 53-ჯერ, ჰოლანდიელთა წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ქართველებს 42-ჯერ ეუხეშნენ, რაც მესამე შედეგია;

- გაფრთხილებათა რაოდენობით 14 ყვითელი ბარათით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, ფრანგები მხოლოდ 3-ჯერ გააფრთხილეს.

საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე
N ფეხბურთელი თ ძ გ ს/პ. გაფ. გაძ.
1. ალექსანდრე ადამია (მეკ.) 4 4 - - - -
2. ოთარ კაკაბაძე 4 4 - - 1 -
3. ლაშა დვალი 3 3 - - 2 -
4. ნიკა ჭანტურია 4 4 - - 3 1
5. გიგა სამხარაძე 4 4 - 1 - -
6. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი 3 2 1 - 1 -
7. გიორგი აბურჯანია 3 2 - - 2 -
8. გიორგი პაპუნაშვილი 4 4 - - 1 -
9. ვანო წილოსანი 3 3 - - - -
10. ნიკა ახვლედიანი 2 1 - - - -
11. დავით დარციმელია 4 1 1 – 1 -
12. ნიკა შერმადინი (მეკ.) - - - - - -
13. მათე ცინცაძე 2 - - - - -
14. დავით ჯიქია 4 3 - - - -
15. ალეკო მზევაშვილი 4 2 - - 1 -
16. გიორგი გაბაძე - - - - -
17. არჩილ მესხი 1 1 - - 1 -
18. გიორგი გოროზია 4 4 - - 1 -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ნაკრებს 2 წელია არავინ დამატებია, სულ ეს ბიჭები არიან. ამ ასაკში ფეხბურთელი ზოგი უკლებს, ზოგი უმატებს, როგორ ხდება რომ ამ ბიჭების შემცვლელი ერთი მაინც არ გამოჩნდა და საერთოდ ვინ, სად და როდის ეძებს ნიჭიერ ბიჭებს? არა და ამ ასაკში უნიჭიერესი ბიჭები თამაშობენ ჩვენს ჩემპიონატებში, დუბლშემადგენლობებშიც და უმაგლესშიც
messi
18:27 20-05-2012
0
ყოჩაღ მაისურაძეს...
გარდა იმისა რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ნაკრებს შორის ყველაზე კარგ ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ათამაშებს, სწორადაც საუბრობს და ბავშვების მომავალზეც ზრუნავს...
მე რაც წამიკითხავს პირველი მწვრთნელია ქართველებს შორის, რომელიც პირდაპირ ამბობს რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სათამაშოდ წასვლა საზიანო იქნება ახალგაზრდა ბიჭებისთვის და არ ურჩევს ამას...
Walkabout
13:53 20-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული