"ლელოს" სტუმარი ვასილ მაისურაძე - წარმატების ფორმულა

AutoSharing Option
მიმდინარე წელი ჯერ სანახევროდაც არ გასულა, მაგრამ უკვე შეგვიძლია, წლის უმთავრეს საფეხბურთო მოვლენად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება მივიჩნიოთ.

ჩვენმა 17-წლამდელებმა ჯერ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს, შემდეგ თბილისში გამართულ ელიტრაუნდში ესპანეთს, ინგლისსა და უკრაინას აჯობეს, სლოვენიაში გამართულ ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფიდან გავიდნენ და ნახევარფინალამდე მიაღწიეს, ეს კი დამოუკიდებელი ქართული ნაკრებების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

"ლელოს" ახალი რუბრიკის მორიგი სტუმარი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ამ მიღწევის უმთავრესი შემოქმედი, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა.

- თქვენ ის შეძელით, რაც სხვა მწვრთნელებს არანაკლებ ნიჭიერ თაობებთან არ
გამოსდიოდათ. მაინც რაზე ააგეთ ეს წარმატება?

- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი ნამდვილად არაა. როგორც იცით, ეს გუნდი ორი წლის წინ ჩავიბარე და დრო სამუშაოდაც მქონდა და საფიქრალადაც.

საკმაოდ რთული გამოდგა სელექციის პროცესი. ჩვენი წარმატების უმთავრეს ქვაკუთხედად კი სამართლიანობა მიმაჩნია. მე არ მყოლია და არ მყავს ფავორიტი ფეხბურთელი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩემთან არც ახლობლობა ჭრის და არც ძველი დამსახურებები. ძირითად შემადგენლობაში თამაში არავის აქვს გარანტირებული და მოედანზე გადის ის, ვინც კონკრეტულ მომენტში კონკურენტზე უკეთეს ფორმაშია.

დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, პატიოსნად მივდიოდით და ღმერთმა ეს შრომა წყალში არ ჩაგვიყარა.

- ყველა მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილი ფეხბურთს ყველაზე კარგად თამაშობს. დარწმუნებულები ვართ, ამბიციური მშობლების მხრიდან თქვენს საქმეში ჩარევას ექნებოდა ადგილი.
- მსგავსი ფაქტები მართლაც იყო. ეს საქართველოა და მწვრთნელი ხშირად ხვდება არასაჭირო წნეხის ქვეშ. ნამდვილად არ მსიამოვნებდა ასეთი სიტუაცია, მაგრამ, ვფიქრობ, წნეხს ბოლომდე გავუძელი და ფეხბურთელებმაც გაათვითცნობიერეს, რომ ნაკრებში მოხვედრას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება და ყველაფერი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

- არადა, საქართველოს ნაკრებს თბილისური ელიტრაუნდი რომ ვერ დაეძლია, თქვენს საკადრო გადაწყვეტილებებს, ალბათ, ბევრი გააპროტესტებდა.
- ჩვენი ფინალურ ეტაპზე გასვლა მართლაც ცოტას სჯეროდა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ "სიკვდილის ჯგუფში" მოვხვდით. თუმცა რამდენიმე სპეციალისტმა ელიტრაუნდამდე მითხრა, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებაში დარწმუნებული იყო.

- ის მოსაზრებაც გაჟღერდა, თითქოს ამ ასაკში გუნდებს შორის სხვაობა შედარებით მცირე იყო.
- ვერც ამ აზრს გავიზიარებ. ესპანელებს "რეალში", "ბარსელონასა" და "ვალენსიაში", ინგლისელებს კი "მანჩესტერ იუნაიტედში", "ჩელსისა" და სხვა გრანდებში აღზრდილი ფეხბურთელები ჰყავდათ, მაშინ როცა ჩვენს ბიჭებს ელემენტარული სავარჯიშო პირობებიც კი არ გააჩნიათ.

- საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ ფიზმომზადების მწვრთნელის გარეშე გაემგზავრა. ითქვა, რომ ამან კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევაში შეგვიშალა ხელი.
- სამწუხაროდ, ევროპელებამდე კიდევ ბევრი რამ გვიკლია, მათ ჩვენზე გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვთ... ნაკრებში ყოფნის დრო არ არის სრულფასოვანი ფიზიკური მომზადებისთვის საკმარისი, მაგრამ სულ არაფერს მაინც სჯობია. მაგალითად, ინგლისის ნაკრების მწვრთნელებმა გვითხრეს, რომ ნაკრებში ფეხბურთელებს მატჩამდე ოთხი-ხუთი დღით ადრე იძახებენ, რადგან კლუბებში მათ სრულფასოვნად ამზადებენ. ჩვენ კი ევროპულ პირობებამდე ძალიან ბევრი გვიკლია.

- როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი უახლოესი მომავალი? გააგრძელებთ ამ თაობასთან მუშაობას?
- დოგმა არ არის, რომ 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა მუშაობა 19-წლამდელებში გააგრძელოს, თუმცა რაღა დაგიმალოთ და დიდი სურვილი მაქვს, ამ ბიჭებს გავყვე. ვნახოთ, რას გადაწყვეტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

- გავრცელდა ხმები, რომ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა შემოგთავაზეს...
- არა, მსგავსი რამ არ მომხდარა.

- საქართველოში ნაკრებები ვერა და ვერ მოექცა ერთიან სისტემაში. ნუთუ ასეთი რთულია, რომ ეროვნულიდან მოყოლებული, ყველა ასაკობრივმა გუნდმა ერთნაირი ტაქტიკა-სტრატეგიით ითამაშოს?
- ეს სავსებით მიღწევადია და ჩემი აზრით, ეს ერთიანი სისტემა რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოყალიბდეს. დღეს ამის საშუალება გვაქვს და იმედია, კონკრეტულ შედეგამდე უახლოეს პერიოდში მივალთ. ვფიქრობ, დაუშვებელია, ნაკრებები ერთი სტილით არ თამაშობდნენ.

- დღევანდელ ფეხბურთში ვეღარ ვხედავთ ტიპურ ათიანებს. როგორ ფიქრობთ, მათ გარეშე სანახაობამ არ იზარალა?
- ფაქტია, რომ ტიპური გამთამაშებლების ერა წარსულს ჩაბარდა. ეს თანამედროვე მოთხოვნებმა მოიტანა. თუ ფეხბურთელს ბრძოლა და სირბილი არ შეუძლია, იგი ბურთს საერთოდ ვერ მიიღებს და, შესაბამისად, ვერც შეტევებს წამოიწყებს.

სავსებით ნორმალურად მიმაჩნია, რომ "ათიანები" მობილურმა ცენტრალურმა ნახევარმცველებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც დაცვით ფუნქციებსაც წარმატებით ასრულებენ და შეტევაშიც უნარიანად ერთვებიან. არ მგონია, რომ სანახაობას ამით რაიმე მოაკლდა.

- ამ ცოტა ხნის წინათ, "ლელოსთან" ინტერვიუში თქმით, დარწმუნებული ვარ, ბიჭებს ეს წარმატება თავში არ აუვარდებათო.
- ახლაც ასე ვფიქრობ და დარწმუნებილი ვარ, მსგავსი რამ მათ არ ემუქრებათ. ჩემს ფეხბურთელებს კარგად ესმით, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მისვლა კარგია, მაგრამ ეს მათი კარიერის მხოლოდ დასაწყისია და წინსვლისთვის ძალიან ბევრი შრომა სჭირდებათ.

ფეხბურთელთა პიროვნებად და ფეხბურთელად ჩამოყალიბებაზე კი მწვრთნელებმაც უნდა ვიზრუნოთ და მათმა ოჯახის წევრებმაც.

- აუცილებლად უნდა ვახსენოთ თქვენი ასისტენტების წვლილიც.
- დიდი სიამოვნებით. მე, მერაბ კაციტაძე და მეკარეების მწვრთნელი თემურ ჩარკვიანი კარგად შეკრული გუნდი ვართ და მთელი ეს ორწლიანი პერიოდი ერთად გავიარეთ. ეს ხალხი გუნდისთვის თავდაუზოგავად შრომობს და ასეთი თანადგომისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.

ასევე ძალიან მადლობელი ვარ ნაკრების ტექნიკური და სამედიცინო პერსონალისა, რომელიც გვერდში ასევე ერთგულად გვიდგას.

- თქვენი ფეხბურთელების დაოსტატების ფაზა უფრო კლუბებს უკავშირდება, ვიდრე ნაკრებს. როგორ ფიქრობთ, აქვთ მათ ამ ფაზის სათანადო გარემოში გავლის საშუალება?
- ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოს ჩემპიონატის დონესთან, რომელიც, სამწუხაროდ, არცთუ მაღალია. კარგი იქნება, თუ ისინი დროულად წავლენ ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებში, თუ არადა დაოსტატება აქაც შეუძლიათ. დროა, ნელ-ნელა ეს ბიჭები უმაღლეს ლიგას გაუშინაურდნენ, თუმცა ისიც ნორმალური იქნება, თუ მომავალ სეზონს დუბლშემადენლობაში გაატარებენ.

- მწვრთნელობა ფეხბურთელობის დროს უკვე გადაწყვეტილი გქონდათ?
- დიახ. ჯერ კიდევ 1999 წელს "ბენდელას თასზე" ნაძალადევის გუნდს ვწვრთნიდი და სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს საჩემო საქმე იყო.

- ის ფეხბურთი ვერ ითამაშეთ, რაც თქვენს ნიჭს შეეფერებოდა.
- რაღაც მე დავაკელი, ჯანმრთელობამაც ხელი არ შემიწყო და მაღალი დონის ფეხბურთი ვერ ვითამაშე. ადამიანი ყველაზე უკეთ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ყველანაირად ვცდილობ, ჩემს ფეხბურთელებს გადავცე, რა არის საჭირო დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.

- ბოლოს ევროპის ჩემპიონატს შევეხოთ. რა სიახლეები და საფეხბურთო ტენდენციები დაგანახათ ევრო-2012-მა?
- საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთის მომსწრენი ვართ, სადაც ყველაზე თვალშისაცემი ტაქტიკური დაპირისპირებებია.

ცალკე სალაპარაკო თემაა ესპანეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მოჩანს. მის გარდა, გერმანიას გამოვყოფდი.
გამორიცხული არც ისაა, ჩემპიონობაზე პრეტენზია სხვა გუნდებმაც გამოთქვან.

ძალიან მომეწონა რუსეთის ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ალან ძაგოევი აშკარად გამოირჩევა.

- საქართველოს ნაკრების წარმატებამ პოპულარობა პირადად თქვენც მოგიტანათ...
- ასეა და ეს ჩემთვისაც დიდი გამოცდაა. ყველანაირად ვეცდები, რომ პიროვნულად ოდნავადაც არ შევიცვალო და ქართული ფეხბურთის სამსახური ძველებური თავმდაბლობითა და ენერგიით განვაგრძო.

შემთხვევით ვისარგებლებ და დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვისგანაც უდიდეს სითბოსა და პატივისცემას ვგრძობ.
ყოველდღიურად სრულიად უცხო ადამიანები მცნობენ და ჩემს მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, რაც ჩემში დიდ ემოციებს იწვევს და პასუხისმგებლობას მიათმაგებს.

გულშემატკივრებთან ერთად, დიდ მადლობას ვუხდი ასევე ქართულ მედიას, რომლისგანაც მთელი ამ ბატალიების განმავლობაში უდიდეს ყურადღებასა და თანადგომას ვგრძნობდით. დიდი წარმატებები სწორედ ასეთი ერთიანობით მიიღწევა.

წარმატების ფორმულა: სამართლიანობა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ვასილ მაისურაძე: გერმანია გავა, დანარჩენები მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...

კახა კალაძე სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავ შედეგს მიაღწიეს 17-იანებმა წელს. ვასილ მაისურაძის მაღალკვალიფიციურობამ და ბიჭების შრომამ შედეგი გამოიღო და თანაც საუცხოო შედეგი!

პროფესიონალიზმი და თავჩახრილი შრომა უნდა ფასდებოდეს საქართველოში. ვასილ მაისურაძისნაირი წარმატებული ადამიანები უნდა განაგებდნენ თავიანთ პროფესიულ სფეროებს. წარმატებებს ვუსურვებ ვასილ მაისურაძეს.
უძლევი
01:01 17-06-2012
0

სიახლეები პოპულარული