იაშვილს აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ, გერმანიაზე, საქართველოს ნაკრებსა და იმაზე, თუ ყველაზე უფრო რა ეხმარება ხანგრძლივად წარმატებულ კარიერაში.
იაშვილი შემოდგომაზე 35 წლის გახდება, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, თავს მშვენივრად გრძნობს და არ არის გამორიცხული, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ითამაშოს რომელიმე გერმანულ კლუბში...
იაშვილს ეროვნულ გუნდში აღარ იწვევენ, თუმცა ნაკრებში თამაშზე ხელი მაინც არ აქვს ჩაქნეული...
სტუმართან საუბარი "ბოხუმით" დავიწყეთ...
- "ბოხუმის" მენეჯერი და მწვრთნელი ჯერ კიდევ მაშინ მთავაზობდნენ ტრანსფერს, როცა სეზონი დასრულებული არ იყო. "ბოხუმის" მეორე მწვრთნელი კარსტენ ნეიცელი ფოლკერ ფინკეს თანაშემწე იყო "ფრაიბურგში" და ამ ფაქტორმაც შეუწყო ხელი ჩემს ტრანსფერს.
იყო კიდევ მეორე ბუნდესლიგის სამი ვარიანტი; აგრეთვე - დაინტერესება ბუნდესლიგის "აუგსბურგიდან", თუმცა ეს ვარიანტი დროში იწელებოდა და საბოლოოდ "ბოხუმი" გადავწყვიტე.
სხვა ქვეყანაში გადასვლა კი არც კი განიხილებოდა, გერმანიას და გერმანულ ფეხბურთს შევეჩვიე.
- ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთელის კარიერას აგრძელებს, მაგრამ ნაკრებში აღარ იწვევენ. ალბათ, გულდაწყვეტილი ხარ იმის გამო, რომ შენთვის არავის აუხსნია ამის მიზეზი...
- ბოლო შესარჩევში საბრძნეთის ნაკრებთან შინ მატჩის წინ დავფიქრდი, ხომ არ დამენებებინა თავი ნაკრებში თამაშისთვის, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლება ვერ მივეცი.
სანამ ფეხბურთს ვთამაშობ, ყოველთვის მზად ვიქნები ნაკრებისთვისაც, თუ ეროვნულ გუნდს ისევ დავჭირდები.
რაც შეეხება იმას, რომ ნაკრებში 1997 წლიდან გამოვდიოდი და არავინ დამლაპარაკებია იმაზე, თუ რატომ აღარ მიწვევენ, ჯერ ვერაფერს გეტყვით. სანამ თემურ ქეცბაიას არ შევხვდები, ამ საკითხზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.
- ნაკრებში არაერთ პოზიციაზე გითამაშია. როგორ ფიქრობ, რა არის ალექსანდრე იაშვილისთვის ოპტიმალური ამპლუა?
- მეორე ფორვარდის პოზიცია, როცა გამოკვეთილი თავდამსხმელის უკან თამაშობ. თუმცა პოზიციის შეცვლაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგალითად, კობიაშვილი "შალკეში" მარცხენა მცველი რომ იყო, ნაკრებში საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა.
- როცა "ბოხუმთან" კონტრაქტს აწერდი ხელს, მწვრთნელთან გქონდა საუბარი, რა პოზიციაზე ითამაშებდი?
- რა თქმა უნდა, ასეთი საკითხის გარკვევა აუცილებელი იყო. როცა გუნდში მიდიხარ, იქ შენს ადგილს უნდა ხედავდე. "ბოხუმში" მეორე ფორვარდად ვითამაშებ. ხანდახან შესაძლოა გამთამაშებლის ფუნქციაც დამეკისროს.
- როცა იაშვილი აღარ გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში, ზოგი იმასაც კი ამბობდა, 90 წუთის თამაში უკვე უჭირსო...
- არა, ეს ასე არ არის. არა მგონია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემზე უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყოს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ორი ვარჯიში თუ მექნება გაცდენილი.
- ამ ასაკში უმეტესობას უჭირს ფორმის შენარჩუნება. ეს განსაკუთრებული რეჟიმით მოახერხე?
- ამისთვის რომ მიმეღწია, ადრეულ წლებში ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი. თუ ჩემი თანატოლები გასართობად მიდიოდნენ, მე საღამოს ათ საათზე სახლში ვიყავი და ვიძინებდი, რომ მეორე დღეს კარგად მევარჯიშა.
როცა ახალგაზრდა ხარ, ვერ გრძნობ, რა შეუძლია გამოიწვიოს რეჟიმის დარღვევამ, მაგრამ გავა წლები და ეს აუცილებლად დაეტყობა სპორტულ ფორმას.
გერმანიაში ყველაფერი წესრიგში რომ მქონდა, ამაში ფოლკერ ფინკემაც შეასრულა დიდი როლი. ფინკე გვეუბნებოდა, კარგი მანქანები რომ გიყვართ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ კარგ მანქანაში კარგი ბენზინი უნდა ჩაისხასო. ფინკე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორ კვებას.
გერმანიაში რომ ჩავედი, ბევრი რამე ვისწავლე, მათ შორის, ისიც გავიგე, თუ რატომ უნდა აეკრძალოს ფეხბურთელს "კოკა-კოლა".
შედეგიც აშკარაა, სადაცაა, 35 წლის გავხდები და ოთხი-ხუთი შემოთავაზება მქონდა. არადა, ბევრ 29-30 წლის ფეხბურთელს უჭირს გუნდის მოძებნა.
- გერმანული კარიერა მეორე ბუნდესლიგის "ლუბეკით" დაიწყე, მერე თბილისის "დინამოში" დაბრუნდი და "ფრაიბურგში" გადასვლამდე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში "ლევერკუზენს" სტუმრად საოცარი გოლი გაუტანე - ალბათ, ამანაც მნიშვნელოვნად განაპირობა ფრაიბურგული კარიერის დაწყება...
- როცა "ლუბეკში" ვთამაშობდი, "ფრაიბურგი" ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა ჩემით. ფინკეც არაერთხელ დაესწრო "ლუბეკის" მატჩებს. რაც შეხება "ლევერკუზენთან" მატჩს, ბევრჯერ ვუყურე ჩანაწერს და ვფიქრობ, შეგვეძლო აგვერიდებინა 1:6 მარცხი. სანამ გერმანელები პირველ გოლს გაგვიტანდნენ, მე და მუჯირს შეგვეძლო ანგარიშის გახსნა. თუმცა მაშინდელ "ლევერკუზენსა" და "დინამოს" შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო...
- რა ატმოსფერო, რა ვითარება იყო მაშინ "დინამოში"?
- ძალიან კარგი სიტუაცია იყო, დიდი პატივისცემით ვეკიდებოდით იმას, რომ "დინამოს" ფეხბურთელები ვიყავით. ამას უკვე დიდ მიღწევად ვთვლიდით.
კარგად მახსოვს, როცა მე, ცქიტიშვილი, კობიაშვილი და დემეტრაძე პირველად მივედით "დინამოს" ბაზაზე, რა წარმოუდგენლად დიდი სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა. არ ვიცი, დღემდე აქვთ თუ არა მსგავსი განცდები "დინამოს" ფეხბურთელებს. "დინამოში" 19 წლის რომ ვიყავი, უკვე სამჯერ მქონდა მოგებული საქართველოს ჩემპიონატი.
- ბოლო წლებში არაერთხელ გითქვამს, სანამ ფეხბურთს ვთამაშობ, გერმანიიდან წამსვლელი არ ვარო - რითი მიეჯაჭვე ამ ქვეყანას?
- გერმანიაში ფეხბურთი მაღალ დონეზე შუქდება, მაგარი სტადიონებია, დანარჩენი ინფრასტრუქტურაც მაღალ დონეზეა, ცხოვრების და ფეხბურთის დონე, საქმისადმი მიდგომა...
გერმანიაში რომ მივდიოდი სათამაშოდ, ასე მქონდა ჩაფიქრებული, რომ 2-3 წლის შემდეგ ესპანეთში გავაგრძელებდი კარიერას, მაგრამ შევეჩვიე გერმანიას. იმ ქვეყანაში დავრჩი, სადაც ყველაზე უფრო მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში.
მომწონს გერმანელი ფეხბურთელების ფსიქოლოგიაც, ისინი ხომ მოედანზე არასდროს არ ნებდებიან.
- კიდევ რამდენ ხანს აპირებ თამაშს?
- ვითამაშებ ერთ სეზონს "ბოხუმში" და მერე ვნახოთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ვიგრძნობ თავს ერთი წლის შემდეგ. ჯერჯერობით ვარჯიში და თამაში მსიამოვნებს.
არასდროს გადავსულვარ ერთი გუნდიდან მეორეში იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო მეტ ფულს შემომთავაზებდა. მივდიოდი იქ, სადაც მეტ სიამოვნებას მივიღებდი. ისეც მომხდარა, რომ ის გუნდი უკეთესი გამომდგარა, რომელზეც უარი ვთქვი.
- იყო ლაპარაკი თბილისის "დინამოში" ფოლკერ ფინკეს დანიშვნასა და იაშვილის დაბრუნებაზე...
- ეს მართლაც ასე იყო. ფინკე რომ მისულიყო "დინამოში", მეც უფრო სერიოზულად დავფიქრდებოდი ამ ვარიანტზე. დარწმუნებული ვარ, ფინკეს ხელში "დინამო" მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევდა. ფინკეს პოზიცია ასეთი იყო - რამდენიმე თვე მწვრთნელობა არ მსურს, პაუზა მჭირდებაო, მაგრამ "დინამო" 3-4 თვეს ვერ მოიცდიდა.
- ფინკე საქართველოს ნაკრების მწვრთნელადაც განიხილებოდა...
- ფინკეს უყვარს ქართველი ფეხბურთელები და დაინტერესებული იყო საქართველოში მუშაობით. უბრალოდ, მაშინ უპირატესობა ექტორ კუპერს მიანიჭეს.
- საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით ვერცერთი მწვრთნელის ხელში ვერ დაადგა საშველი. ბოლო დროს ისიც ითქვა, რომ სათანადო ფეხბურთელები არ გვყავსო. მერე ეს ფრაზა გადაკეთდა და ითქვა, რომ სათანადო შემტევი ფეხბურთელები არ გვყავსო. ახლახან ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ნაკრებში პრემიები არ არის. ბოლოს და ბოლოს, რა არის წარუმატებლობის მიზეზი? უმიზეზოდ ხომ ვერ ვიქნებით სტაბილურად მაჩანჩალას როლში?
- გერმანიის ნაკრებში რომ იძახებენ ფეხბურთელს, მარტო ამისთვის 15 000 ევროს უხდიან, თუმცა ჩვენს ნაკრებში პრემიების არქონა წარუმატებლობის მიზეზი არ არის.
გვყავს კარგი ფეხბურთელები ნებისმიერ რგოლში, ანუ წარუმატებლობის მიზეზად ესეც არ გამოდგება.
ერთი სიტყვით, ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რა არის წარუმატებლობის მიზეზი. წინა შესარჩევში ახლოს ვიყავით იმასთან, რომ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად გვებრძოლა. საბერძნეთსა და ხორვატიის ნაკრებს სტუმრად ვუგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ...
სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა დავისახოთ მიზნად.
- ლევან კობიაშვილის უსიამოვნო ამბავზეც გკითხავთ. ალბათ, უფრო მეტი იცი, ვიდრე გერმანულ პრესაში დაიწერა...
- ბერლინის "ჰერტამ" კობიაშვილს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა როგორც ფეხბურთელს და პლუს კიდევ ერთი წელი, როგორც კლუბის თანამშრომელს. კობიაშვილს რომ მართლა დაერტყა ხელი მსაჯისთვის, კლუბი ასეთ შეთავაზებას გაუკეთებდა?
გერმანიაში წესად აქვთ ქცეული - მსაჯი ყოველთვის მართალია და თუ მსაჯს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებენ, ერთ ან ორწლიან დისკვალიფიკაციას აძლევენ, ან სულაც სამუდამოდ უკრძალავენ ფეხბურთის თამაშს.
არის ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ "ჰერტას" მეკარე ეჯახება კობიაშვილს და ამის შემდეგ კობიაშვილი ეჯახება მსაჯს და ერთ-ერთ ფეხბურთელს, მაგრამ სადისციპლინო განხილვაზე ფოტოების წარმოდგენა არ დაუშვეს.
- ზედიზედ მეორედ გერმანიის ჩემპიონი "დორტმუნდი" გახდა. რაშია ამ გუნდის ძალა, რის ხარჯზე ამარცხებს მიუნხენის "ბაიერნს"? რატომ ხდება ისე, რომ "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად გამოდის, "ბაიერნი" კი შორს მიდის?
- აქამდე არ მომხდარა, რომ "დორტმუნდს" ზედიზედ ამდენჯერ დაეჯაბნოს "ბაიერნი". დორტმუნდელები გუნდურად ძალიან კარგად თამაშობენ. არ ჰყავთ რიბერი და რობენი, მაგრამ "ბაიერნს" სწორედ გუნდურობის ხარჯზე ამარცხებენ.
დორტმუნდელები სხვა გერმანულ გუნდებთან შედარებით 3-4 კილომეტრით მეტს დარბიან და ორჯერ უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე დანარჩენი გუნდები.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ცუდ გამოსვლას, ული ჰიონესმა თქვა კიდეც, "დორტმუნდის" წინაშე ქუდს მხოლოდ მას შემდეგ მოვიხდი, როცა ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ითამაშებენო.
- 2011/12 წლების სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვინ მიგაჩნია?
- რობერტ ლევანდოვსკი. ის არის თავდამსხმელი, ვისაც ყველაფერი აქვს.
- ევროპის ჩემპიონატი ჯერ არ გახურებულა, თუმცა უკვე ვნახეთ რამდენიმე ფავორიტის თამაში. ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად რომელი ნაკრები მიგაჩნია?
- არა მგონია, ბევრი სენსაცია მოხდეს. ჩემპიონატს რომელიმე გრანდი მოიგებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფეხბურთელებს გადატვირთული სეზონი ჰქონდათ.
სეზონში დაახლოებით 45-50 თამაში მითამაშია და კარგად ვხვდები, თუ რა ძნელია 60-70 მატჩის ჩატარება და მერე კიდევ ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა.
გერმანიის ნაკრების სტილი ისეთია, რომ გუნდმა მაღალ სიჩქარეებზე ითამაშოს, სულ აქტიური იყოს... პორტუგალიასთან ასეთი გერმანია ვერ ვნახეთ. რაც უნდა წინ წავიდეს ფარმაკოლოგია, ადამიანის ორგანიზმზე სასწაულებს ვერ მოახდენს...
- რამდენიმე წლის წინათ გვითხარი, ჩემი საუკეთესო სასმელი ვაშლის ნატურალური წვენიაო. გერმანიაში კი სხვა ტრადიციებიც არსებობს...
- ლუდი ვერანაირად ვერ შემაყვარეს. ლუდის ფესტივალზეც კი ვიყავი, თუმცა ამაოდ...
ბევრი უარი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი და "ბოხუმი" შეთანხმდნენ
ზურაბ ხიზანიშვილი: უფულოდ ირბინო და ოჯახი მშიერი გყავდეს, პატრიოტიზმია?
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!