U19-ის ევროპული დღიური - ნაკრები 12 ივლისს შეივსება

AutoSharing Option
12 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე შეუერთდებიან და გია ცეცაძის განკარგულებაში უკვე თვრამეტივე რჩეული ფეხბურთელი იქნება.

ნაკრების ეს ორი მცველი 11 ივლისს ევროპალიგის განმეორებით მატჩს ჩაატარებს სლოვაკეთში და იქიდან პირდაპირ ლატვიაში გამოემგზავრება.

9 ივლისს ნაკრებმა კვლავ ორჯერ ივარჯიშა. ორჯერვე სრული დატვირთვით გაისარჯა შეკრებაზე ახლად ჩამოსული ნიკა კაჭარავა.

10 ივლისს დილის ვარჯიში არ იქნება, რადგან 11 ივლისს ნაკრებს პირველი ტესტ-მატჩი აქვს "სკონტოს" დუბლებთან.

მანამდე კი სასტუმროში "სკონტოს" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია გვეწვია. მას თან ლაშა დვალი და
ირაკლი კლიმიაშვილიც ახლდნენ.

"სკონტოს" თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარიც გააკეთა და ლაშა დვალზე ისაუბრა.

თამაზ პერტია ("სკონტოს" მთავარი მწვრთნელი):
"11 ივლისს, ევროპალიგაზე "სკონტოს" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის და რა თქმა უნდა, დადებით შედეგზე ვფიქრობთ. ჩვენს გუნდს კი ამის ძალა რეალურად შესწევს. გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული.

მოლდოვაში, ევროპალიგაზე პირველი
თამაში ჩაატარა ლაშა დვალმა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა - ლაშა იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს. იმდენად ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, იმდენად კარგად ჯდება ჩვენს ტაქტიკაში და ადვილად უღებს ალღოს ყველაფერს, რომ ამ ასაკში ეს ნამდვილად იშვიათია.

ხანდახან წლოვან და გამოცდილ ფეხბურთელებსაც უჭირთ მწვრთნელსა
და მის მოთხოვნებთან შეგუება. ლაშა უკვე იმდენად სერიოზული ფეხბურთელია, რომ ასეთი დონის მატჩებში მისი ნდობა სულაც არაა რისკი.

რადგან დავაყენე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბიჭს ვენდობი და მან ეს ნდობა გაამართლა. მოლდოვურ მატჩში მის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული თავდამსხმელი თამაშობდა, რომელიც სხვადასხვა წელს
იყო განის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი... მისი თამაშიდან გამომდინარე, ლაშასთვის სულ ერთია, ვის წინააღმდეგ ითამაშებს - ის ძალიან თამამი და მოურიდებელია.

თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ 18 წლის ბიჭი უკვე მზადაა, ყველა თამაში ძირითადში ითამაშოს. ის ახლა იწყებს ყველაფერს და ბევრი უნდა იშრომოს. დღესდღეობით კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დვალი არის იმ 11 ფეხბურთელში, რომელიც მინდორზე გადის და თამაშს იწყებს.

ეს, რაღა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვისაც, სადაც ლაშა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მე ვფიქრობ, ნაკრებში დვალი უფრო თამამი და გაბედული იქნება, მით უმეტეს, ამ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ყველა მისი ტოლია".


შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს "სკონტო" ტირასპოლურ გუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სრული შემადგენლობით დაესწრება თანაგუნდელის თამაშს და ყველა ერთად გაამხნევებს ლაშა დვალს.

თამაზ პერტიას შეფასებები კი, ვფიქრობთ, ძალზე საინტერესო და გასახარია, რადგან ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების მცველს ასეთ მაღალ ნდობას უცხადებს და საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. იმედია, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა დვალი თავისი თამაშით დაამტკიცებს და გაამყარებს მისი მისამართით გამოთქმულ ყველა მოსაზრებას.

სფფ-ის პრესსამსახური
რიგა, ლატვია

ასევე იხილეთ:
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან ტელერეპორტაჟი არ გვექნება?
თამაზ პერტიას ლატვიაში მტრები ჰყავს - ემუქრებიან და მანქანას უღებავენ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული