სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა საკუთარი ფეხბურთი ვერ აჩვენა და უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.
გია ცეცაძის გაწვრთნილებმა შეხვედრა თამამად დაიწყეს: უკვე მე-3 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ავთო ენდელაძემ დამუშავებული ჯარიმით ბურთი საჯარიმოში ბაჩანა არაბულს დაუგორა, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა კარს დიდი მანძილით ააცილა.
მალე აშკარა გახდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ღელავდნენ და ბურთს ხშირად კარგავდნენ. სერბებმა კი მცირე სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და შეგვიტიეს.
კუთხურის გათამაშების
მე-12 წუთზე შეტევის დაგვირგვინებას უროშ ჯურჯევიჩი ცდილობდა - გაბრიელ თებიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 10 წუთში კი მეკარესთან პირისპირ ჯურჯევიჩი გადიოდა და ვითარების განსამუხტად, გაბიძეს კარიდან გამოსვლა მოუხდა.
ქართველებს დაბნეულობა ამ დროისთვის განსაკუთრებით დაეტყოთ, გადაცემების სიზუსტეშიც ძალიან მოიკოჭლებდნენ. თუმცა ტაიმის შუაგულში მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს და შეტევების ორგანიზებას შეეცადნენ.
პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი 37-ე წუთზე შევქმენით: გიორგი ფანცულაიას შესრულებული ჯარიმის შემდეგ მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩმა ბურთი მოიგერია.
42-ე წუთზე კურიოზულ გოლს გადავურჩით: ნიკა სანდოხაძის დაბრუნებულ ბურთზე თებიძეს ფეხი აუცდა და კიდევ კარგი, კუთხურზე გადავიდა.
სერბებმა მეორე ტაიმიც შედარებით თამამად დაიწყეს და უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ სახეირო ვერაფერი შექმნეს. კარისკენ პირველად კი 57-ე წუთზე სერბმა ნიკოლა ანტიჩმა დაარტყა და მიზანს გვარიანად ააცილა.
65-ე წუთზე გადავრჩით: მცველის შეცდომის შემდეგ ბურთი ჯურჯევიჩს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში ალექსანდრ მიტროვიჩი მოძებნა - შვიდიოდე მეტრიდან სერბმა თავდამსხმელმა თებიძეს ვერ აჯობა.
მალე დავით მთივლიშვილმა გადაგვარჩინა, როდესაც ფლანგიდან ასევე მიტროვიჩის საჯარიმოში შეიჭრა და ბოლო მომენტში ბურთის მოგერიებით უმწვავესი მომენტი აღკვეთა.
მერე ჯურჯევიჩმა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო შეტევა და კიდევ კარგი, საჯარიმოში არავინ გამოეხმაურა.
74-ე წუთზე კი უმძიმესი მომენტი დადგა: მცველის შეცდომის შედეგად დაკარგული ბურთი სერბებმა მოიპოვეს, მიტროვიჩმა დასარტყმელ პოზიციაზე დეიან მელეგი შეიყვანა და ჩვენი კარის ბადე შეირხა - 0:1.
გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ბოლო ძალებით შეუტიეს და 88-ე წუთზე არაბულმა საჯარიმოდან ძელს მოარტყა!
90-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ მშვენივრად ითამაშა, ორ მცველს ფინტით გასცდა და მეკარესთან პირისპირ არაბულს ტოვებდა, მაგრამ მეკარე რაიკოვიჩი დროულად გამოვიდა და ვითარება განმუხტა.
დიდი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა ჯვაროსნებმა მომენტების შექმნა და ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და ნახევარფინალში გასვლის შანსები საგრძნობლად შეიმცირეს.
არ მოიძებნა ლიდერი, არც ბურთის დამჭერი, აღარაფერს ვამბობთ პლეიმეიკერზე. თამაში მოკლედ რომ შევაფასოთ, ჩვენმა გუნდმა შესაძლებლობები აშკარად ვერ გამოავლინა.
კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ის გახდა, რომ არაბულმა უკვე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თურქეთთან გადამწყვეტ მატჩს გამოტოვებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ
ლიუბინკო დრულოვიჩი: საფრანგეთთან აუცილებლად სათადარიგოებს ვათამაშებ
19-წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური
საფრანგეთი - თურქეთი 2:1
1:0 იუნუ (6), 2:0 ბენზია (64), 2:1 ილმაზი (86. პ).
ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა თურქეთი 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩვენი გუნდის გასვლის შანსი ძალიან შეამცირა: ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ, მაგრამ საეჭვოა, ბოლო ტურში სერბებმა ფრანგებთან თავი მოიკლან - ისინი ევროპის 4 საუკეთესო ოთხეულში უკვე მოხვდნენ, ფრანგებს კი ფრეც აწყობთ.
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 2 2 0 0 3-1 6
2. საფრანგეთი 2 1 1 0 2-1 4
3. საქართველო 2 0 1 1 0-1 1
4. თურქეთი 2 0 0 2 2-4 0
მომდევნო ტური:
26 ივლისი
თურქეთი-საქართველო 17:30
სერბეთი-საფრანგეთი 17:30
A ჯგუფი
ჰოლანდია-პორტუგალია 1:4
ესპანეთი-ლიტვა 2:0
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 3-0 6
2. პორტუგალია 2 1 0 1 4-2 3
3. ჰოლანდია 2 1 0 1 4-5 3
4. ლიტვა 2 0 0 2 2-5 0
მომდევნო ტური:
26 ივლისი
ლიტვა-პორტუგალია 22:00
ჰოლანდია-ესპანეთი 22:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]