ქართველმა და პოლონელმა 19-წლამდელებმა ჯერ ითამაშეს, შემდეგ იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
12 აგვისტოს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პოლონელი თანატოლები ისტუმრა და 3:0 დაამარცხა.

გოლებით თავი დავით ჯიქიამ, ლუკა კიკაბიძემ და ლევან შენგელიამ გამოიჩინეს.

შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომლის მწვრთნელი ვასილ მაისურაძე გახლდათ, სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ ითამაშა, დღეს იმ გუნდის ბირთვი უკვე წარმოადგენს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც დამდეგ ევროშესარჩევში მიიღებს მონაწილეობას.

12 აგვისტოს სწორედ ეს გუნდი იყო მოედანზე და რიგიანად ითამაშა.

პირველი გოლი მე-6 წუთზე გავიდა. ჯიქიამ მცველებსაც დაასწრო, მეკარესაც და ბურთი ბადეში გაახვია. მის
გარდა აქტიური იყო გიორგი პაპუნაშვილიც. სწორედ მასთან ორთაბრძოლაში ბოლო იმედის ჯარიმით შეაჩერა შეტევა პოლონელთა ერთ-ერთმა მცველმა და 22-ე წუთიდან ქართველებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს.

ანგარიშის გაზრდა მათე ცინცაძეს შეეძლო - მის მიერ ძლიერად დარტყმული ჯარიმა მეკარემ მოიგერია.

კარგად ირჯებოდა გიორგი აბურჯანიაც. ერთხელ სოლო-რეიდიც იკისრა და ჯიქია გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა თავდამსხმელმა ძლიერად ვერ დაარტყა და პოლონელთა კიპერი ბურთს იოლად დაეუფლა.

წინა ხაზზე ჯიქია და პაპუნაშვილი იყვნენ, რომელთაც მარჯვენა ფლანგიდან ლუკა ზარანდია ეხმარებოდა, მარცხნიდან კი - ლუკა კიკაბიძე, ხოლო ნახევარდაცვის ცენტრს აბურჯანია და ცინცაძე ამაგრებდნენ.

მეორე ტაიმში კაცნაკლულმა პოლონელებმა ერთი-ორი მწვავე კონტრშეტევის განხორციელება მოახერხეს, საგოლე მომენტების ჯერი კი ქართველებმა მიუშვეს მეტოქეზე.

77-ე წუთზე ალეკო მზევაშვილის პასის შემდეგ კიკაბიძემ კარგად შეიგდო ბურთი საჯარიმოში და დარტყმაც უზადოდ შეასრულა - 2:0.

გოლის გატანა ცენტრალურ მცველ ნიკა ჭანტურიასაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული 11-მეტრიანი მეკარემ მოიგერია.

გიორგი გოროზია, ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე - იყო არაერთი საგოლე შანსი, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა.

მატჩის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა 90 წუთს 3 დაუმატა და მესამე გოლიც მაშინ გავიდა - ჩვენმა 19-წლამდელებმა მარცხენა ფლანგზე კარგად გაითამაშეს "კედელი" და შენგელიამ წერტილი დასვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ქართველ და პოლონელ ფეხბურთელებს შორის მუშტი-კრივი გაიმართა, რაც მალევე აღიკვეთა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაისურაძემ გუნდი ამ შემადგენლობით ათამაშა: გოშაძე - კაკაბაძე, ჭანტურია, ტაბიძე, თევზაძე - ცინცაძე, აბურჯანია - ზარანდია, კიკაბიძე - პაპუნაშვილი, ჯიქია.
შეცვლაზე შევიდნენ: მზევაშვილი, ახვლედიანი, ბერიძე, გოროზია, შენგელია.

პოლონელებთან ამხანაგობა მოგებით და ჩხუბით დასრულდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
პოლონელებთან ცხუბი რა გასაკვირია, კუდაბყიკა და უზრდელი ხალხია უმეტესად.
რეზო
12:31 13-08-2013
0
ეგ მართალია, მაგრამ ბუმბერაზი ხალხი აჩუქა მსოფლიოს. თანაც ყველა დარგში. ჩვენ ბევრი უნდა ვიჩალიჩოთ რომ მათ დონემდე ავიდეთ.
polska
13:53 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული