U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]

AutoSharing Option
...მერე რა, რომ მეტოქემ მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა; მერე რა, რომ ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი იყო; მერე რა, რომ საშუალო დონის მოწინააღმდეგე გვყავდა - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 13 ნოემბერს ისეთი სიამოვნება მიანიჭა ერთგულ გულშემატკივარს, რომ არა გვგონია, სტატიის შესავალში მოყვანილი ვითომ-არგუმენტები ვინმემ სერიოზულად აღიქვას!

ჩვენმა ბიჭებმა მართლაც ჩინებული სანახაობა გვაჩუქეს და ერთადერთი, რამაც ოდნავ "გააუფერულა" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ეს შთამბეჭდავი ასპარეზობა, მაყურებლის სიმცირე იყო.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო, მაგრამ ვინც მივიდა
(დაახლოებით ხუთასამდე ადამიანი), ნამდვილად არ ინანებდა: მეტოქის კარში გატანილი ერთიმეორეზე ლამაზი გოლებიც ნახა, არანაკლებ ეფექტური კომბინაციებიც და საერთოდაც, კონტექსტიდან ამოვარდნილ ერთ-ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშს თითქმის უნაკლო ეთქმოდა!

...შარშან ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ ელიტრაუნდში გვასახელა, მერე კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ღირსეულად იასპარეზა და სულაც... ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდა!

იმედი დავიტოვოთ, რომ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე აწ უკვე 19-წლამდელთა ნაკრებიც ამავე გზას გაივლის, - ყოველ შემთხვევაში, პირველი და მართლაც შთამბეჭდავი ნაბიჯი ამისკენ 13 ნოემბერს გადაიდგა!..

ჩინებული პროლოგი და...
ჩვენი 19-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, ისე, როგორც შარშანდელ სანაკრებო მატჩებში, ამჯერადაც 4-2-3-1 განლაგება არჩია; რაც შეეხება მეტოქეს, უელსელები "კლასიკური" 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდნენ და ვინც მატჩს თვალი ვერ მიადევნა, ალბათ, ვერც დაიჯერებდა, რომ ამ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტები... სტუმრებმა შექმნეს!

Sportall.Geეს ყველაფერი მატჩის დასაწყისშივე მოხდა, როცა ჯორჯ უილიამსმა მოედნის სიღრმიდან ეფექტური და გრძელი რეიდი განახორციელა, მაგრამ ჩვენმა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.

აი, მატჩის მომდევნო ეპიზოდი კი ისეთი იყო, ასპროცენტიან მომენტს რომ ვუძახით ხოლმე: ჩვენი ნაკრების ცენტრფორვარდმა დავით ჯიქიამ სიღრმიდან მიიღო პასი, წინ გამოსულ მეკარესაც ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე, მაგრამ მახვილ კუთხიდან ცარიელ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

თუმცა "ტორპედოს" 18 წლის თავდამსხმელმა მოგვიანებით ისეთი გოლი გაიტანა, ის გაცუდებული მომენტიც აღარავის ახსოვდა და ის ეპიზოდიც, გიორგი პაპუნაშვილის ჩინებული პასის მერე მარცხენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის კარის ძელს რომ გაარტყა!

თუმცა, მანამდე მთავარი იყო მომხდარი: ჩვენები ბურთს მშვენივრად აკონტროლებდნენ და ერთადერთი, გოლიღა აკლდა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას.

ეს გოლიც მალე ვიხილეთ: თბილისის "დინამო 2"-ის ცენტრალურმა მცველმა სანდრო გურეშიძემ თავის საჯარიმო მოედნიდან(!) ზუსტი პასით გარღვევაზე თანაგუნდელი გიორგი პაპუნაშვილი გაიყვანა, რომელმაც ასაკთან შეუფერებელი სიდინჯითა და ოსტატობით მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი!

მეორე გოლიც მალე ვნახეთ: მარჯვენა ფლანგზე ჩვენებიდან ყველაზე უმცროსმა, 17 წლის ლუკა ზარანდიამ ბოლომდე იბრძოლა, მერე პაპუნაშვილმა ეფექტური ფინტით გააგრძელა კომბინაცია და ყველას რომ გვეგონა, ჩვენი შეტევა ჩაიშალაო, იქვე "ჩასაფრებულმა" დავით ჯიქიამ მშვენივრად ისარგებლა სტუმართა მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით.

ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შეტევები არ შეუწყვეტია და ამ მატჩში ერთ-ერთი აქტიურის, თბილისის "დინამო 2"-ის მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის შორეული დარტყმა ბილი ო'ბრაიენმა გაჭირვებით მოიგერია.

თუმცა უელსელები მესამე გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ: ტაიმის მიწურულს ლუკა ზარანდიას კუთხურს სანდრო გურეშიძემ ისეთი მოხდენილი და "გემრიელი" თავური დარტყმა მოაყოლა, თქვენი მოწონებული!

...ეფექტური გაგრძელება
...მეორე ტაიმიც ჩვენების შეტევებით დაიწყო და სულ მალე ჯიქიას დუბლის შესრულებაც შეეძლო, როცა ეფექტური ფინტებით მეტოქეები ჩამოიცილა, მაგრამ საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

თუმცა, ეს "შეცდომა" სულ მალე გამოასწორა, თანაც როგორ?! ისევ დამუშავებული კომბინაცია ვიხილეთ: ჩვენმა ცენტრფორვარდმა გრძელი პასი საკუთარი საჯარიმოდან მიიღო (ამჯერად - ნიკა ჭანტურიასგან), ბურთი მკერდით გაისწორა, მერე მარჯვენათი ეს ბურთი მეტოქის მცველს თავზე გადაუგდო და ცაციათი ძირსდაუშვებლად, ზუსტადაც დაარტყა!

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც ჩინებული სანახაობა იყო...

ამ გოლიდან ორიოდ წუთში კი სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ; არადა, უელსელებმა იშვიათი შეტევა წამოიწყეს, ჩვენს საჯარიმოშიც შემოაღწიეს, მაგრამ სანდრო გურეშიძემ სიტუაცია განმუხტა, მერე ლუკა კიკაბიძემ გააგრძელა და ის იყო, დავით ჯიქიას სრულიად დამსახურებული ჰეთ თრიქი უნდა გაეფორმებინა, საჯარიმოს გარეთ გამოსულმა უელსელთა მეკარემ ბურთი... ხელით მოიგერია!

ასეთ დროს, მოგეხსენებათ, მეკარე წითელი ბარათით ისჯება და ასეც მოხდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ამ ჯარიმას მორიგი, თანაც, კვლავაც ეფექტური გოლი მოჰყვა - "ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელმა საყრდენმა მათე ცინცაძემ ბურთი ცოცხალ კედელს ოსტატურად შემოატარა!

მატჩის დამთავრებამდე თითქმის ნახევარი საათი იყო დარჩენილი, თუმცა ჩვენები სულაც არ აპირებდნენ მიღწეულით დაკმაყოფილებას: ზარანდიას პასით ილია კერძევაძეს შეეძლო გატანა, ისე, როგორც შეცვლაზე შემოსულ კიდევ ერთ ფეხბურთელს ლევან შენგელიას, რომელიც გიორგი აბურჯანიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა.

...მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და ყველა კმაყოფილი ვიყავით შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც; თუმცა სტუმართა გუნდის ერთი ფეხბურთელი არაფრით ეპუებოდა ვითარებას და ზედიზედ ორჯერ ღრმა და გრძელი რეიდიც განახორციელა - ისევ და ისევ ჯორჯ უილიამსი გახლდათ, რომლის აქტიურობას ჩვენს საჯარიმოსთან დანიშნული ჯარიმა მოჰყვა და სტუმრებმაც (სხვათა შორის, არანაკლებ ეფექტური დარტყმით) პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
...ჯიქია, პაპუნაშვილი, გურეშიძე, კაკაბაძე, ზარანდია - არ გვინდა ვინმე გამოგვრჩეს, მაგრამ ამ ხუთეულის თამაში მაინც გამოსარჩევი იყო; თუმცა, არა მხოლოდ მათი - 13 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელებმა მართლაც ჩინებული მატჩი ჩაატარეს და ქართველი გულშემატკივარიც გაახარეს!
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

U19. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი. XI ჯგუფი. I ტური
ჰოლანდია-მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 ჟივკოვიჩი (55), 2:0 აკოლატსე (72), 3:0 ვლუტი (79)

Sportall.Ge

მომდევნო მატჩები
15 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-მოლდოვა 14:00

"დინამო არენა"
ჰოლანდია-უელსი 15:00

18 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-ჰოლანდია 15:00

"დინამო არენა"
უელსი-მოლდოვა 15:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რას იმეორებთ მაგ სისულელეს? თითქმის 99 პროცენტი გოლებისა, რაც ფეხბურთში გადის ესაა მოწინააღმდეგის შეცდომის შედეგი....მხოლოდ 1 პროცენტია ,,რიკოშეტი" მტავარია ამ შეცდომის გამოყენება ოსტატურად!!!!!!!!
ალექს
03:10 25-01-2014
0
ახალი

ის არ იცი რომ უელსს ყავდა ჯონ ჩარლზი და ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშობდა შვეციაში?მიდი თურქულ სერიალებს უყურე და ფეხბურთს შეეშვი...
თამაზი
21:40 14-11-2013
0

სიახლეები პოპულარული