ნიკა ახვლედიანი: იმედი მაქვს, ელიტრაუნდამდე ფორმას აღვიდგენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" ჩატარებული საკადრო რევოლუციის შემდეგ ცნობილი გახდა, ვინ სად წავიდა. მოთამაშეთა დიდი ნაწილი "ზესტაფონმა" აიყვანა, ნაწილი - თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა, მათე ცინცაძე თბილისის "დინამოშია", მერაბ გიგაური - რუსთავის "მეტალურგში" და ასე შემდეგ.

თითქოს ყველა დალაგდა, დაბინავდა და კლუბში ვარჯიში დაიწყო, მაგრამ არსად ჩანდა ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი, რომელმაც 17-წლამდელთა ნაკრების ფორმით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ("პრეზიდენტის თასი") საპრიზო ადგილებს
მიღმა დარჩა, ახვლედიანი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს საერთაშორისო აღიარება მისთვის პირველი არ იყო - მანამდე, მარტში, თურქეთში გამართულ "კუშადასის თასის" გათამაშებაში, საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი მოიპოვა. ნიკამ 17-წლამდელებში 8 მატჩი გამართა და 2 გოლიც გაიტანა. აქედან ერთი, უკრაინასთან შეხვედრაში, გადამწყვეტი გამოდგა, რითიც საქართველო ელიტრაუნდის ჯგუფიდან გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ახვლედიანი ზუგდიდის "ბაიაში" თამაშობდა, სადაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი 2011 წელს, 16 წლისას ჰქონდა. 2012 წლის ნოემბერში კი ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა და რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა, მაგრამ შარშან, 19-წლამდელთა შესარჩევ ციკლში, უელსსა და ჰოლანდიასთან, შეცვლაზე ითამაშა.

აღმოჩნდა, რომ 18 წლის ნახევარმცველს ფეხის თითი აქვს მოტეხილი და 3 თვეა, ქუთაისში მკურნალობს.

"საშემოდგომო ეტაპზე "ზესტაფონს" შევხვდით და ფეხის თითი მოვიტეხე. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და ბუნებრივია, დასვენება მომიხდა.

ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან ვერც ვვარჯიშობდი და მოსამზადებელი ეტაპიც გამიცდა. თუმცა უკლუბოდ არ დავრჩენილვარ - ვასილ მაისურაძე თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელად რომ დაინიშნა, სხვებთან ერთად მეც მიმიწვია, კლუბთან კონტრაქტი კი მაისამდე გავაფორმე.

25 თებერვალს ექიმი მეტყვის, დავიწყო თუ არა ვარჯიში. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

მოედანზე გასვლა მომენატრა. ახლა ჩემი საფიქრალი ისაა, რომ ფორმა დროულად აღვიდგინო. ელიტრაუნდის შეხვედრები შვეიცარიაში 25 მაისს იწყება. მანამდე მთელი სამი თვეა და დიდი იმედი მაქვს, ფორმას აღვიდგენ და 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშს დავიმსახურებ"
, - ამბობს ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ ნიკას მამა, ბადრი ახვლედიანიც ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა და იოჰან ბოსკამპის დროს ეროვნული ნაკრების მაისურაც მოურგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული