გოჩა ტყებუჩავა: მინსკში - შანსი, ელიტრაუნდში კი - შედეგი!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის სამზადისს ბელორუსის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირით იწყებს. ჯგუფში გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქეები უკრაინის, ირანისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

ელიტრაუნდში კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ბელგიელების, ჩრდილოირლანდიელებისა და მასპინძელი ჰოლანდიელების ბარიერის დაძლევა მოუწევს სანუკვარ ევროფორუმზე მოსახვედრად.

ელიტრაუნდამდე ჯერ შორია, შესაბამისად, არის დრო კარგად მოსამზადებლად. გოჩა ტყებუჩავას ბელორუსული ტურნირისა და შემდგომი გეგმების თაობაზე ვესაუბრეთ...

- ძალიან კარგია, ბიჭების შეკრებისა და საქმეში მათი ნახვის საშუალება რომ მომეცა. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. რაც შეეხება ჩვენს შემადგენლობას ბელორუსის
საერთაშორისო ტურნირზე, რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა. გვინდა, შანსი მივცეთ ახლებს. ამიტომ სიაში სამი ახალი მოთამაშე შევიყვანეთ.

- თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ მათზე...
- ესენი არიან თავდამსხმელები - გიორგი გვასალია და გიორგი წულეისკირი. ასევე - ნახევარმცველი დავით სამურკასოვი. თქვენც შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებით გვიჭირს თავდასხმის ხაზში. ამის გამო პირველ ევროშესარჩევ ციკლში იძულებითი სვლებიც გავაკეთეთ.

- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, იმას, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი არაბიძე არცთუ იშვიათად თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ელიტრაუნდამდე ცოტა დრო დარჩა და გვინდა, შეძლებისდაგვარად მივხედოთ ამ პრობლემას.

- რას იტყვით მინსკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების შესახებ?
- ირანის ნაკრების თაობაზე არაფერი ვიცით. იმედია, მათ შემადგენლობაში არ იქნებიან გადაზრდილი ფეხბურთელები. ადრე გვითამაშია ირანთან. ის მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლებოდა ჩვენი მეტოქის ბანაკში.

ძალიან კარგი გუნდია უკრაინა და ლატვიაც არავისთვის იქნება საჩუქარი.

- მინსკში თქვენთვის მთავარი შედეგი იქნება თუ...
- შედეგი მთავარი იქნება ელიტრაუნდში. მინსკში კი შანსი ყველას უნდა მივცეთ და რამდენიმე ტაქტიკური ნიუანსი დავხვეწოთ. ისე, თუ ჩემპიონები გავხდებით, ამას რა აჯობებს...

- როგორ განაგრძობს მზადებას ელიტრაუნდისთვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირის დასრულების შემდეგ?
- ადრე გითხარით, რომ რუმინეთთან ვითამაშებდით ორ ამხანაგურ მატჩს თბილისში. სამწუხაროდ, ეს თამაშები ბოლო მომენტში ჩაიშალა. არადა, რუმინელებთან ორჯერ გაჯიბრება ძალიან სასარგებლო იქნებოდა ჩვენი გუნდისათვის. როგორც გაირკვა, კარპატელთათვის არ არის ფინანსურად ხელსაყრელი თბილისში ჩამოსვლა.

ყველაზე მეტად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს თამაში სჭირდება. ვიცი, რომ თებერვალში აუცილებლად ვისპარინგებთ რომელიმე ნაკრებთან, თუმცა არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მორჩეს მოლაპარაკება, გადაწყდეს ყველაფერი და მეტოქის შესახებ მერე მოგაწოდებთ ინფორმაციას.

- ამხანაგური მატჩის გამართვა თბილისში გირჩევნიათ?
- თუ იქნება, თბილისში, თუ არა და, სადაც იქნება. მთავარია, ვითამაშოთ.

- ელიტრაუნდში ჩვენი მეტოქეების თამაშების ჩანაწერები თუ მოიპოვეთ?
- მალე მომიტანენ ჰოლანდიის ნაკრების თამაშის ვიდეოჩანაწერს. დანარჩენებსაც მოვიძიებთ.

* * *
ბოლოს კი შეგახსენებთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ბელორუსის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს:

მეკარეები: ლევან ისიანი, ლუკა გუგეშაშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი);
მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ომარ ბულუხაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე - "საბურთალო"), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო");
ნახევარმცველები: აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ვატო არველაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), გიორგი არაბიძე, დავით სამურკასოვი (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), გაგა კუხიანიძე, გიორგი კოხრეიძე, ბექა ნიკოლაშვილი (ყველა - "საბურთალო"), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);
თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), გიორგი წულეისკირი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").

მინსკის ტურნირის ფორმატი და მატჩების განრიგი იხილეთ აქ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კაცს შეხედეთ,შეურაცხადია ამას ან რა პასუხს ტხოვტ ან რა შედეგს
koko
09:17 15-02-2015
0
გამოსაჩენ ბიჯებს მალავს და შედეგზე პასუხს არავინ თხოვს
გიორგი
11:03 30-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული