U18. საქართველო-პოლონეთი 0:1 - ოთხთა ტურნირი მარცხით დავიწყეთ

AutoSharing Option
1997 წელს დაბადებულებისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა 17-წლამდელთა შესარჩევი ეტაპი ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობით ჩაატარა და გათამაშებას ელიტრაუნდში გამოეთიშა.

ამ ბიჭებს 19-წლამდელთა ციკლში ჩართვა წლეულს, ნოემბერში მოუწევთ. საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქეები ავსტრია, ალბანეთი და უელსი იქნებიან.

მანამდე კი გუნდი 18-წლამდელთა ეგიდით ემზადება. როგორც ვწერდით, ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე დაინიშნა, რომელმაც თავი ასაკობრივ გუნდებში წარმატებული მუშაობით დაგვამახსოვრა. მისი ხელმძღვანელობით 18-წლამდელები ელიტრაუნდამდე რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ და საერთაშორისო ტურნირებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

24 მარტს გუნდი ლატვიაში გაემგზავრა, სადაც ამ ქვეყნის ფეხბურთის
ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირში - "ფედერაციის თასი 2015"-ში ჩაერთო. 24 მარტს მაისურაძის შეგირდებმა რიგაში პირველი მატჩი გამართეს და პოლონელ თანატოლებთან 0:1 დამარცხდნენ. მეტოქემ ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, 11-მეტრიანიდან გაგვიტანა.

ვასილ მაისურაძემ გუნდი ამ შემადგენლობით ათამაშა: კულუა, კაპანაძე, ნადარაია, მამუჩაშვილი, ნემსაძე, ღვინიაშვილი, ბაშალეიშვილი, ალთუნაშვილი, მიქელთაძე, გოშთელიანი, გვარაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: წივილაშვილი, ბიძინაშვილი, ქობულაძე, გადრანი, ართმელაძე.

ვასილ მაისურაძის თქმით, ლატვიურ ტურნირში, ძირითადად, ფეხბურთელების კონდიციებსა და შესაძლებლობებზე დაკვირვებას აპირებს:

"ამ გუნდზე ინფორმაცია მისი ყოფილი მწვრთნელისგან, ნოდარ აკობიასგან მაქვს, მაგრამ მინდა, ახალი ფეხბურთელებიც გამოვცადო. ვფიქრობ, ლატვიის ტურნირი ჩვენი ბიჭების პოტენციალის უკეთ გაცნობაში დამეხმარება".

18-წლამდელები ტურნირის მეორე შეხვედრას დღეს, 25 მარტს, უკრაინის ნაკრებთან გამართავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული