გიორგი დევდარიანი: ვაჩიბერაძეზე არანაკლები კლასისანი გვყავს, მაგრამ...

AutoSharing Option
ელიტრაუნდამდე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კიევში რამდენიმედღიანი შეკრება გაიარა და უკრაინელ თანატოლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, არადა, ჩვენებმა მეტოქეზე ბევრად მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. მეორე თამაშში კი ოლექსანდრ გოლოვკოს შეგირდებმა 3:0 დაგვამარცხეს.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს შეკრების შეფასება ვთხოვეთ:

- ორივე მატჩი დაახლოებით ერთნაირი ხასიათის იყო. პირველში არაერთი მომენტი გვქონ
და, 100-პროცენტიანი შანსები ვერ გამოვიყენეთ დასაწყისშიც და მერეც.

- ასეთ შეკრებასა და სპარინგებში გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად ჩნდება...
- სწორედ ამისთვის წავედით კიევში და ბევრ კითხვაზე პასუხი მივიღეთ კიდეც. პირველ შეხვედრაში კარგად გამოვიყურებოდით, ბიჭებმა მთელი ორი ტაიმის განმავლობაში ბევრი იმოძრავეს. თუმცა მეორე ნახევრის ბოლოს მაინც გაუჭირდათ. წაგებულ მატჩში კი ნათლად გამოჩნდა, რომ ფიზიკური კონდიციების მხრივ მოვიკოჭლებდით.

- ...თან ბევრი ტრავმირებულიც გყავდათ.
- ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ვერ გვეხმარებოდა. მაგალითად, კიტეიშვილი "დინამოს" ლიდერად ჩამოყალიბდა, რაც ძალიან მიხარია. ის კლუბს სჭირდებოდა და ვერ წამოვიდა. ასევე მოხდა "სამტრედიის" ფეხბურთელების - გიორგი თევზაძისა და ილია კერძევაძის შემთხვევაშიც. ისინიც კლუბს სჭირდებოდნენ...

ტრავმირებულებიც მრავლად იყვნენ. მაგალითად, გიორგი კილასონია... კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი ლუკა ზარანდიას და მალე გვეცოდინება, როდის დაიწყებს ვარჯიშს გუნდთან ერთად. სულ ორი დღეა, რაც რომან ჭანტურია "ემპოლის" დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა - მას ფეხის თითი ჰქონდა მოტეხილი... ერთი სიტყვით, ამ ბიჭების არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. ჯერ ისიც არ ვიცით, ელიტრაუნდში რომელი მათგანი დაგვიბრუნდება.

სხვათა შორის, სულ ერთი თვეა, რაც ლადო მოხევიშვილმა ვარჯიში განაახლა. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ჯერ საუკეთესო ფორმაში არ იყო. თუმცა, იმედია, ელიტრაუნდის დაწყებამდე ფორმას აღიდგენს და დაგვეხმარება.

პრობლემა ისიცაა, რომ ბევრ მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით, "საბურთალოს" ფეხბურთელებს. ბევრი საერთოდ უთამაშებელია და ამან დიდი კვალი დაგვატყო. 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მოთხოვნებს მაღალი დონის მომზადება სჭირდება. მაგრამ ყველაზე მეტად დამაფიქრებელი ის იყო, რომ ბოლო ხუთ შეხვედრაში "სტანდარტულის" გარეშე გოლი ვერ გაგვაქვს. მაგრამ თავდასხმაში ზარანდია-ჭანტურია-კერძევაძის არყოფნა დიდი დანაკლისია და მათ გარეშე გატანა ძალიან გაგვიჭირდა.

- უკრაინელთა თქმით, მეორე შეხვედრა იმის ხარჯზე მოიგეს, ჩვენი ნაკლი კარგად რომ შეისწავლეს...
- მათი თქმით, ნაკლი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ვეთანხმები - უკრაინელებმა ეს სისუსტე კარგად გამოიყენეს. ამას გარდა, საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემებიც გვქონდა. იმედია, იმ ექვსი მოთამაშის დაბრუნებით ეს პრობლემები მოგვარდება. ასევე იმედი მაქვს, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგის ამბავსაც მოვაგვარებთ.

- შეკრებას როდის დაიწყებთ?
- 18 მაისს ფეხბურთელებს თბილისში მოვიწვევთ. ამ დროისთვის ვინ იქნება მზადყოფნაში და ვის გამოუშვებენ გუნდები, ჯერ არ ვიცით.

- ელიტრაუნდის დაწყებამდე სამი დღით ადრე, 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში "დინამო"-"სამტრედიას" შეხვდება. ამ დროისთვის, 19-წლამდელები შეკრებაზე იქნებიან და საინტერესოა, კიტეიშვილი, თევზაძე და კერძევაძე თქვენთან იქნებიან თუ ფინალისთვის თავიანთ გუნდებში მოემზადებიან?
- ისინი გუნდებში იქნებიან და ესეც კიდევ ერთი პრობლემაა.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ უკრაინის ნაკრებში მოთამაშე ბექა ვაჩიბერაძეზე?
- ბექას დამღლელი სეზონი ჰქონდა და ვერ ვიტყვი, რომ პირველ თამაშში გამორჩეული იყო. მეორეში კი შეცვლაზე შემოვიდა და გოლიც გაგვიტანა. ორი აზრი არ არის, რომ საინტერესო ფეხბურთელია და ნებისმიერ გუნდში სიამოვნებით ავიყვანდი. მაგრამ ჩვენი ნახევარმცველები - მოხევიშვილი, ხარაიშვილი და კიტეიშვილი არანაკლები კლასისანი არიან.

მაგრამ ბექა მართლაც ნიჭიერია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას პროგრესისთვის უკეთესი საშუალებები აქვს, ვიდრე ჩვენს მოთამაშეებს - კარგ გარემოში ვარჯიშობს, დაძაბულ და მაღალი კლასის თამაშებში, ფაქტობრივად, 90 წუთს ატარებს მოედანზე და ეს აშკარად ეტყობა. იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და იქ თამაში კი მისი ნებისმიერი თანატოლისთვის უზარმაზარი გამოცდილებაა.

სამწუხაროდ, მსგავსი პრაქტიკა ქართველ ახალგაზრდებს თითქმის არ აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დევდარიანიც გამოჩნდება რა მცვრთნელია გადაფარებულები რომ არიან არველაზეები
guja
17:27 09-05-2015
0
დევდარიანი მაგარი მწვრთნელია.ეს მან დაამტკიცა ბევრჯერ.
Besik
19:52 09-05-2015
0

სიახლეები პოპულარული