ევროპული საფეხბურთო ოჯახის "ჯუჯები" ნებისმიერ ფასად უნდა დავამარცხოთ, რადგან ჩვენი შესარჩევი ჯგუფი მართლაც ურთულესია. საქართველოსა და სან მარინოს გარდა, აქ არიან ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია და ესტონეთი.
"ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის თანაშემწე ოთარ გაბელიას ესაუბრა...
- ახერხებს თუ არა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოსთან ევროშესარჩევ მატჩამდე ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას?
- მიდის ამ საკითხზე მუშაობა. ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთეთებს
- როდის შეიკრიბება გუნდი?
- 22 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სრულდება. აქედან დაწყებული, ბიჭებს ინდივიდუალურად ვავარჯიშებთ. ეს ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებიც არ თამაშობენ საქართველოს თასის ფინალისტების, თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" შემადგენლობაში. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ისინი მოგვიანებით შემოგვიერთდებიან.
ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოსთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
- შეკრება როდის დაიწყება?
- 28 ან 29 მაისს უკვე სრული შემადგენლობით უნდა ვიყოთ. ამ დროს ნაკრებს სხვადასხვა ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერებიც დაემატებიან.
- უკვე არის სანაკრებო სია?
- ჯერ არა. მხოლოდ გაფართოებული სიაა. შეიძლება, რაღაც შეიცვალოს. ხომ იცით თანამედროვე ფეხბურთის დინამიკა. ღმერთმა ნუ ქნას და, არც ტრავმებისგან ვართ დაზღვეულნი.
- თუ აკვირდებით იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ან გასაახლებელი აქვთ ქართული პასპორტი, ან მის აღებას აპირებენ? დავაკონკრეტებ - ვგულისხმობ ლუკას ჰუფნაგელსა და ვალერიან გვილიას...
- მინდა გითხრათ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი ჩვენთვის საინტერესოა და ვაკვირდებით კიდეც.
- სან მარინოსთან მატჩში ისინი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან?
- არა, ამ შეხვედრაში ვერანაირად. მათი პასპორტების საკითხია ჯერ მოსაგვარებელი.
- სან მარინოსთან მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ ახალგაზრდულში?
- ვერა. როგორც იცით, ჩვენს 19-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი ელით გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით.
- სან მარინოზე რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ?
- ერთი ცხადია: ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მეტოქე დავაფასოთ. დღევანდელ ფეხბურთში აღარ არიან სუსტი მოწინააღმდეგეები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"