გიორგისთან ინტერვიუ მცირე ხნის წინათ გვქონდა, მაგრამ მის მიმართ დიდი ინტერესია და გადავწყვიტეთ, კიდევ გავსაუბრებოდით, თუნდაც ამ თემის გამო - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედს უკრაინის მოქალაქეობასა და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ.
- საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უკვე გითამაშიათ. ამდენად,
- ამაზე პირადად ჩემთან არც ერთ ოფიციალურ პირს არ ულაპარაკია, მაგრამ ასეთი შემოთავაზება მინიშნებით კი გააკეთეს. ალბათ, ახალგაზრდულზე ან ეროვნულზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ეს თემა არც განხილულა და მე მოქალაქეობის შეცვლაზე წამითაც არ მიფიქრია. ამიტომ ვინც ამაზე სიტყვა ჩამომიგდო, ეგრევე უარი ვუთხარი. ქართველი ვარ და მსურს, წარმატებებს ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მივაღწიო.
- ხუთი თვეა, რაც უკრაინაში გადახვედით. მას შემდეგ თქვენთვის რა შეიცვალა?
- გაცილებით მაღალ დონეზე ვვარჯიშობ და ვემზადები, პროფესიონალების გვერდით ყოფნა მიწევს და ბევრს ვსწავლობ, ფიზიკურად და ყველანაირად ვუმატებ... რა თქმა უნდა, გამოცდილებაც ბევრს ნიშნავს. უკრაინაში უფრო საფეხბურთო გარემოა, იზრდები და თავს ფეხბურთელად გრძნობ.
- უკრაინიდან შესარჩევი ციკლის თამაშებზე კარგი განწყობით ჩამოხვედით...
- სასიამოვნოა, რომ გუნდთან ადაპტაციაში ხელს მიწყობენ, მწვრთნელები და თანაგუნდელები მენდობიან და მეც შესაბამისი განწყობა მაქვს.
- რამდენიმე დღეში 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ეწყება. ჩვენი გუნდის შანსებსა და მოთამაშეთა შესაძლებლობებზე რა აზრის ხართ?
- ბევრს ვიცნობ, ზოგიერთს - არა. მაგრამ საერთოდ, საქართველოს რომ ძალიან კარგი ბიჭები ჰყავს და ჩვენს ნაკრებს მართლაც ბევრი შეუძლია, ამაზე ორი აზრი არ არის.
- თქვენი აზრით, რომელი ნაკრებია ჩვენს ჯგუფში ფავორიტი და აუტსაიდერი?
- მოწინააღმდეგე გუნდების თამაშები არ მინახავს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ იოლი თამაშები არ გვექნება. საერთოდ, ბოლო წლებში ავსტრიელებს დიდი პროგრესი აქვთ და მთავარ კონკურენტებად ისინი მიმაჩნია. მაგრამ უელსისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და, ალბათ, პატარა ასაკში ძლიერი ბიჭები ეყოლებათ.
წესით, სუსტი არც ერთი უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ პირველ ადგილზე გავალთ. იმიტომ, რომ შინ ვთამაშობთ და ეს ჩვენი უპირატესობაა. იმედი მაქვს, მაყურებელი მოვა, მხურვალედ გვიქომაგებს და ჩვენც კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ.
ხალხის თანადგომა მაინც ბევრს ნიშნავს, ხოლო ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 9 ქულა მოვიპოვოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. სხვაზე არაფერზე ვფიქრობ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"