U21. საქართველო-შვედეთი 0:1 - სხვა შედეგი არ იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა და კიდევ ერთი მარცხი იწვნია.

მართალია, ამჯერად ხუთი დღის წინანდელი კატასტროფული 0:5 აღარ განმეორებულა, მაგრამ ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები წაგებას მაინც ვერ გადაურჩნენ. არადა, სკანდინავიელთა კართან შექმნილი სახიფათო მომენტებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ამ დაპირისპირებაში თუნდაც ქულის აღება ნამდვილად შეიძლებოდა.

შვედებს ჯგუფის განვლილ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდათ გაშვებული და ისიც - კიდევ ერთი ფავორიტის, ესპანეთის ნაკრებისგან, რომელმაც, თავის მხრივ, ქართველებს ორივეჯერ 5-5 გოლი შეუგდო.

თამაშის ტემპი არ ყოფილა მაღალი. ამის მიზეზი რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმებით გაჟღენთილი მოედანიც იყო. ჰაკან ერიკსონის გუნდი თავიდანვე გარკვეულ უპირატესობას ფლობდა. შვედები თამაშის სადავეების ხელში ასაღებად მშვიდად და გეგმაზომიერად მოქმედებდნენ, არ აკეთებდნენ არც ზედმეტ პასს და არც ზედმეტ მოძრაობას...

პირველ ტაიმში ბექა ქურდაძის კართან ხშირად ქმნიდა პრობლემებს სტუმართა ტანმაღალი თავდამსხმელი გუსტავ ენგვალი. მე-14 წუთზე მან ახლო მანძილიდან დასწრებაზე თამაშისას კინაღამ გახსნა კიდეც ანგარიში. მანვე ათიოდ წუთში იოლად დააღწია თავი მეურვეებს და საჯარიმოს მისადგომიდანაც კარგად დაურტყა ქურდაძეს. მეკარე ბურთს ვერ შესწვდა, თუმცა ჩვენი ხსნა ძელმა "ითავა".

ენგვალის დარად, იმავე პოზიციაზე ქართველებს ნიკა კაჭარავა ჰყავდათ, რომელმაც 28-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევისას, გიორგი პაპუნაშვილის ზუსტი პასი გოლად ვერ აქცია. "ვერდერის" ქართველი მობურთალი კარგად თამაშობდა, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთს სწორედ ის ამუშავებდა და გაგრძელებასაც ურიგოს არ პოულობდა...

არასახარბიელო დებიუტის შემდეგ ქართველებმა თანდათან ფხა გამოაჩინეს და ერთ-ერთი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ საბა ლობჟანიძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულს მცველი რომ არ გადაფარებოდა, ვინძლო, გოლიც გვეზეიმა.

ცოტა ხანში ისევ პაპუნაშვილის მიერ საშუალო დისტანციიდან დარტყმული უკუაგდო მეკარემ. იქვე, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კაჭარავამ ახლო მანძილიდან თავით მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.

შვედები მათ კართან გახშირებულ ხიფათებს, ცხადია, უპასუხოდ არ დატოვებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, ტანკოვიჩის კუთხურის შემდეგ, იოაკიმ ნილსონი თავით გზავნიდა კარისკენ, მაგრამ ჩვენი გუნდი მცველებმა გადაარჩინეს.

მალე ქარიმ მრაბტიმ, რომელმაც მოგვიანებით გადამწყვეტი გოლი შეაგდო, პირველად გვიჩვენა, რომ მასაც ძალუძდა ჩვენთვის პრობლემების შექმნა.

მერე ქართველმა ფლანგის მცველებმაც "უჩხვლიტეს" მეტოქეს მწვავე ჩაწოდებებით. თუ პირველ ტაიმში მარცხნიდან მოთამაშე დავით უბილავა უფრო შესამჩნევი იყო, მეორე ნახევარში ლევან გეგეჭკორმა უმატა აქტიურობას. სწორედ მისი ფლანგური პასით, მე-60 წუთზე, კაჭარავამ კარის სიახლოვიდან ვერ შეძლო შანსის გამოყენება.

სტუმრებმა დაინახეს, რომ ბურთის კონტროლს თუ ვერ შეძლებდნენ, დაისჯებოდნენ. ამიტომ ბურთის გუნდური ართმევით, ზონებსა და ცენტრში ზუსტი მოქმედებებით კვლავ იპოვეს თავიანთი თამაში.

73-ე წუთზე მასპინძლები აქეთ დაისაჯნენ. მოედანზე ახალშესულმა და თამაშში კარგად ჩართულმა ალბერ ზენელიმ საჯარიმოს გარედან ზუსტი პასით მრაბტი მონახა, ამან კი დაახლოებით 10 მეტრიდან უნაკლოდ დაარტყა შორეულ, დაბალ კუთხეში - 0:1.

დარჩენილ დროში საქართველომ როგორც შეძლო, ისე იბრძოლა, თუმცა შვედეთი მოპოვებული უპირატესობის ხელიდან გამშვები არ ჩანდა. მათ დაცვის ხაზზე ყურადღება გაზარდეს, ქართველთა მოიერიშეებს სამოქმედო არეალი კიდევ უფრო შეუზღუდეს, კაჭარავას ნაცვლად შესულ რომან ჭანტურიას კი სულაც არ მისცეს მეკარის შეწუხების საშუალება.

ამ წაგებით საქართველოს ახალგაზრდულმა, ფაქტობრივად, გადაიწურა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის იმედი.

მატჩის შემდეგ:
ალექსანდრე ჩივაძე: "გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. დღევანდელი წაგება დასანანია, თუმცა, როცა ვერ იყენებ საგოლე მომენტებს, სხვა შედეგი არ იქნება. ბიჭებმა მოედანზე მთელი გული და სული დადეს. დღევანდელი ვერმოგებით, ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დავკარგეთ".

ჰაკან ერიქსონი: "ქართველებთან თამაში ძალიან გაგვიჭირდა. არ ველოდი, მაგრამ ძლიერი გუნდი აღმოჩნდა საქართველო. გაოცებული ვარ მოგებით, რადგან ბევრი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული და მოსამზადებელი პერიოდი მათ გარეშე გავიარეთ. მომავალში ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და ის ჯგუფის უდავო ლიდერია. ადვილი თამაში არც ხორვატებთან გვექნება".

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
17.11.15. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 1 000 მაყურებელი
საქართველო-შვედეთი 0:1
გოლი: 0:1 მრაბტი (73. ზენელის პასით)
საქართველო (4-2-3-1): ქურდაძე - გეგეჭკორი, ცნობილაძე, დვალი, უბილავა - აბურჯანია, კიტეიშვილი - ფანცულაია (46. ქოჩლაძე), პაპუნაშვილი, ლობჟანიძე - კაჭარავა (62. რ. ჭანტურია).
სათადარიგოები: მიქავა, გადრანი, ენდელაძე, მარგველაშვილი, ცერცვაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
შვედეთი (4-1-4-1): კაიტოფტი - ვალკვისტი, ჰედლუნდი, ი. ნილსონი, ლუნდკვისტი - ტიბლინგი - მრაბტი, ტანკოვიჩი (84. გ. ნილსონი), ფრანსონი (67. ზენელი), ოლსონი (89. სევანკამპო) - ენგვალი.
სათადარიგოები: იოჰანსონი, დ. ოლსონი, სანდბერგი, კალსტრიომი
მწვრთნელი: ჰაკან ერიკსონი
გაფრთხილება: ტანკოვიჩი (34), ი. ნილსონი (53), კიტეიშვილი (66), ცნობილაძე (82)
არბიტრი: ბენუა მილო (საფრანგეთი).

17 ნოემბერი
ხორვატია-ესპანეთი 2:3

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 4 1 0 16-5 13
2. ხორვატია 5 4 0 1 14-3 12
3. შვედეთი 4 3 1 0 10-1 10
4. საქართველო 6 2 0 4 8-12 6
5. ესტონეთი 6 1 1 4 2-15 4
6. სან მარინო 6 0 1 5 1-15 1

უახლოესი მატჩები
23 მარტი, 2016
საქართველო-სან მარინო

24 მარტი
ესპანეთი-ხორვატია

27 მარტი
სან მარინო-შვედეთი

28 მარტი
ხორვატია-ესტონეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჭიაბერ ჭეჭელაშვილის გარეშე ჩივაძის 21 წლამდელთა ნაკრები ვერაფერს მიახწევს ის ყველაზე ძლიერი ნახევარმცველია
salo
08:00 19-11-2015
0
ჭანტურია ამ სპორტის სახეობისტვის მსუქანაა თუ მომეჩვენა?!
vova
12:20 18-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული