ჭირმა თავი არ დამალა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. წლის შეჯამება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პრაქტიკული შანსი დაკარგა. არადა, ამ თაობისგან ბევრს ველოდით. წლის ბოლოსთვის ოფიციალურად გაირკვევა, დარჩება თუ არა ალექსანდრე ჩივაძე ამ ნაკრების დამრიგებლად.

დიდი ალბათობით, ნაკრებში სამწვრთნელო ცვლილება მოხდება. მანამდე კი, უპრიანია, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს რანგით მეორე გუნდის თამაში შევაფასოთ.

ურთულესი ჯგუფი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ურთულეს შესარჩევ ჯგუფში მოხვდა. ესპანეთი, შვედეთი და ხორვატია - ამ სამ გოლიათთან ერთად ჯგუფში ყოფნას არავინ ინატრებს.

ამის მიუხედავად, იმთავითვე მივიჩნიეთ, რომ ნაკრებს ბოლომდე უნდა ებრძოლა
ევროფორუმზე გასვლისთვის. ეს შეიძლება ხმამაღალ განცხადებად ჟღერდეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის თაობაა, რომელმაც პატარა ასაკიდანვე შეგვაჩვია წარმატებებს.

ლოგიკა თუ ფიასკო?
ამ დროისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. ეს არც მთლად ლოგიკურია და ვერც იმას დავწერთ, რომ ფიასკოა. ესპანეთი, ხორვატია და შვედეთი ჩვენზე წინ არიან, როგორც საფეხბურთო ქვეყნები, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ამ თაობისა განსაკუთრებით გვეიმედება?

ჩვენი აზრით, სამივე ხსენებული მეტოქე საქართველოს სჯობს სათამაშო ორგანიზაციითა და გუნდური გაქანებით, მაგრამ ჩივაძის კრებულის პოტენციალი ამ ციკლში ბოლომდე ვერ არის რეალიზებული და შემადგენლობაც ხშირად გვეცვლება.

რომ არა ეს ფაქტორები, გავბედავთ და ვიტყვით, რომ იქნებ, მესამე პოზიციაზე მაინც დაგვესრულებინა წელი - მეტი ქულა გვექნებოდა და, შესაბამისად, ევროფორუმზე მოხვედრის შანსიც.

ციკლი დავიწყეთ სან მარინოში და ამ ქვეყნის ნაკრებს, მოლოდინისამებრ, იოლად მოვუგეთ. დუბლი მიითვალა ნიკა კაჭარავამ, ერთი გოლიც გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. მოკლედ, 3 ივნისს 3 ქულა მივითვალეთ.

3 სექტემბერს სტუმრად წავაგეთ ხორვატიაში. ბალკანელებმა 1:0 მოგვიგეს, რასაც 7 ოქტომბერს ესპანეთთან საშინაო მარცხი (2:5) მოჰყვა. ქართველთაგან თავი მათე ცინცაძემ და საბა ლობჟანიძემ გამოიჩინეს. ვიგებდით კიდეც, მაგრამ ბოლოს ესპანელებმა გვარიანად იძალეს.

13 ოქტომბერს გვეწვია ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი ესტონეთი. ანგარიში ოთარ კაკაბაძემ გახსნა. ამას კიდევ ორი გოლი მოჰყვა ნიკა კაჭარავასა და ოთარ კიტეიშვილისგან.

ამის მერე იყო გასვლა ესპანეთში, სადაც ფავორიტმა მასპინძლებმა არ დაგვინდეს - 0:5.

და ბოლოს, მატჩი შვედეთის ნაკრებთან, რომელიც თავისუფლად შეგვეძლო, რომ არ წაგვეგო. გორში არაერთი მომენტი გავატანეთ ქარს. ბოლოს შვედებმა გაგვიტანეს და ჩვენი იმედებიც გორულ ქარს გაჰყვა.

მწვრთნელის არჩევანი და არა მხოლოდ...
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა წლის განმავლობაში ძალიან ხშირად იცვლებოდა. აქ საუბარი გვაქვს უფრო შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელებზე, ვიდრე ამა თუ იმ მატჩში არჩეულ ძირითად შემადგენლობაზე.

ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როცა ალექსანდრე ჩივაძე სასურველ ფეხბურთელებს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ეყრდნობოდა. მაგალითისთვის, შვედეთთან ბოლო შესარჩევი მატჩი ავიღოთ.

გადაჭრით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, ჩივაძეს კაკაბაძე და ცინცაძე რომ ჰყოლოდა, სკანდინავიელებთან შეხვედრის შედეგი სულ სხვა ყოფილიყო. მით უმეტეს, გუნდის კაპიტანი (კაკაბაძე) და ლიდერი საყრდენი (ცინცაძე) ჩვენი ახალგაზრდულისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ, ამ დროს კი ისინი ეროვნულ ნაკრებს ახლდნენ ესტონეთსა და ალბანეთთან საგარეო ამხანაგურ მატჩებში.

მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ ცინცაძე და კაკაბაძე ბოლომდე ვერც კახა ცხადაძის გუნდს გამოადგნენ.

კითხვები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რესურსი ამოუწურავი სულაც არ არის, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენ ეს რესურსი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ.

ვფიქრობთ, რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად მეტ ნდობას იმსახურებდა სამწვრთნელო შტაბის მხრიდან. ყველას გვერდით გადავდებთ და მარტო გიორგი გოროზიას მაგალითს მოვიყვანთ. ის ნორვეგიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "სტაბეკში" თამაშობს...

ჩვენ არაერთხელ ჩამოვთვალეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა დროს, ჩვენი სუბიექტური აზრით, ახალგაზრდულ ნაკრებს გააძლიერებდნენ და ახლა იმავეს აღარ ვაპირებთ. დავწერთ პრობლემაზე, რომელიც ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ჭირად მიგვაჩნია.

Sportall.Ge

როგორ ვექცევით ნიჭს?
საკამათო არავისთვისაა, რომ ის თაობა, რომელიც დღეს თამაშობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, ბოლო დროის თაობათაგან ერთ-ერთი გამორჩეულია.

ამ ბიჭებმა ქართველ გულშემატკივარს მომავლის იმედი გაუჩინეს, შეაჩვიეს რა პატარა ასაკიდანვე დიდ წარმატებებს. კარიერის დასაწყისში ამ ბიჭებისგან ზოგიერთი ევროპაში გამორჩეულიც კი იყო...

სანამ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს განვსჯიდეთ, ის ვიკითხოთ, სად თამაშობენ ახლო წარსულში უაღრესად პერსპექტიული ფეხბურთელები - ალექსანდრე ადამია, ალეკო მზევაშვილი, დავით დარციმელია და სხვები? დღეს ამ ბიჭებს ევროპულ მინდვრებზე უნდა გაებრწყინათ, ახლა კი საქართველოს პირველ თუ რეგიონულ ლიგებში თამაშობენ და იქ რა დონეცაა, ყველამ კარგად ვიცით.

რით გვჯობია, ვთქვათ, შვედეთი? შვედეთში ამ ბიჭების მსგავს ტალანტს არავინ დაკარგავს. ჩვენთან კი... ჩვენ ისე ვექცევით ნიჭს, როგორც დედინაცვალი საძულველ გერს...

ჩემპიონატის დონე
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონეზე არაერთხელ გვითქვამს. ბევრი მიიჩნევს, რომ მისი გაქანება საქართველოს ნაკრებების თამაშთან და ხარისხთან არაფერ შუაშია, მაგრამ მთლად ასეც არ უნდა იყოს.

ახალგაზრდული ნაკრების ძირითად ბირთვს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭები წარმოადგენენ და როცა ისინი საერთაშორისო ასპარეზზე გადიან, მაგრად უჭირთ ხოლმე. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენი პირველობის რიგითი მატჩი უფრო და უფრო ემსგავსება ორი სოფლის შეჯიბრებას კაი გვარიან ნაძლევზე. ეგაა, იმ სოფლების მატჩში ჟინი და მონდომება ხშირად უფრო მეტია.

ჩვენ ვნახეთ, რომ ოთარ კაკაბაძესა და მათე ცინცაძეს საქართველოს ნაკრების ძირითადში, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ. გაუჭირდათ ესტონეთთან და ცხადია, მეტად გაუჭირდებათ სხვა, უფრო ძლიერ გუნდებთან.

პარადოქსია, მაგრამ ამაში ეს ბიჭები ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავენი. დანაშაულის სიმძიმეს ვერც მათ კლუბს, თბილისის "დინამოს" ავკიდებთ. დამნაშავეა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საერთო დონე.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ცინცაძეცა და კაკაბაძეც უფრო მაღალ დონეზე იქნებოდნენ, პატარა ასაკშივე რომ დაეტოვებინათ საქართველო. იმ ასაკში ისინი სჯობდნენ შვედ და ხორვატ თანატოლებს. ბევრით სჯობდნენ. ახლა?

რას იზამს ფედერაცია?
წლის ბოლომდე გადაწყდება, დარჩება თუ არა ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ის ან დარჩება (რისი ალბათობაც ძალიან მცირეა), ან მის ადგილს სხვა სპეციალისტი დაიკავებს.

მეორე შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას რჩება ორი ვარიანტი:

1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩააბაროს ქართველ მწვრთნელს;
2. მოიძებნოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტი.

ქართველებს გვყავს ისეთი მწვრთნელები, ახალგაზრდებთან მუშაობა რომ იციან და შედეგიც ჰქონიათ სხვადასხვა დროს. თუნდაც - ვასილ მაისურაძე და გიორგი დევდარიანი.

ჩვენი აზრით, განსაკუთრებული სიფრთხილე იქნება საჭირო უცხოელი მწვრთნელის შერჩევისას. ალბათ უპრიანია, თუ აქცენტს უცხოელზე შევაჩერებთ, ერთ სისტემაში მოვაქციოთ ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრები. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ცვლამ შედეგი არ მოიტანა და ვერც მოიტანს, რადგან ფეხბურთელები ნაკრებში მოუმზადებლები მოდიან (განსაკუთრებით ფიზიკური კუთხით). აუცილებლად მიმაჩნია, რომ ყველა ნაკრების მწვრთნელი მუშაობდეც გუნდში, სადაც ნაკრების ბირთვის მომზადება მოხდება. ასეთ სიტუაციაში წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება ვეღარ მოხდება.
გუჯა კახაძე
14:30 29-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული