გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა. არადა, მანამდე ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაძლია პირველი ევროშესარჩევი ციკლი.

მაშინ გუნდს ხელმძღვანელობდა გოჩა ავსაჯანიშვილი, რომელსაც "ლელო" დაუკავშირდა და თბილისურ ელიტრაუნდთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სთხოვა...

- თუ ნახეთ ელიტრაუნდის მატჩები?
- რა თქმა უნდა! სამივე თამაშს დავესწარი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს?
- ვერ ვიტყვი, რომ რამეს ჰგავდა ჩვენი გუნდის თამაში. ორ თვეში ვერაფერს ვერ მოასწრებდა ვასილ მაისურაძე. ეს ძალზე მცირე დროა და თქვა კიდეც თქვენს გაზეთთან ინტერვიუში. მწვრთნელი ნაკლებადაა
დამნაშავე იმაში, რაც მოხდა.

- მაშ, თქვენი აზრით, საქართველოს ამ ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია?
- რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეუძლია. მე ახლა ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით - როგორც ვიცი, იყო კარნახი მთავარი მწვრთნელის მიმართ, რომ უნდა შეცვლილიყო ტაქტიკა. ის შეიცვალა კიდეც და ახალი ტაქტიკის ათვისება ორ თვეში რთულია.

როგორც ვიცი, 17-წლამდელთა ნაკრებს იმ ტაქტიკით უნდა ეთამაშა, რომლითაც ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ჩვენ სულ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ვთამაშობდით. ახლა შეიცვალა ეს განლაგება და თავადაც ნახეთ, რომ სხვა ტაქტიკა იყო.

ჩემი აზრით, საკმარისად არ იყო გაანალიზებული ის მატჩები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირებზე თუ უნგრეთში, პირველ შესარჩევ ციკლში. კიდევ გეუბნებით - ამ ნაკრებს მეტი შეუძლია. უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი, ჩემი აზრით, რუსეთსა და ბოსნიაზე ძლიერები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სუსტები მაინც არ ყოფილან.

მე ახლა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ. არ მინდა, ნიშნის მოგებით ვილაპარაკო. ეს არ არის გოჩა ავსაჯანიშვილის, ვასილ მაისურაძის ან ლევან კობიაშვილის ნაკრები. ეს საქართველოს ნაკრებია. ფაქტი ისაა, რომ ჩემი მოხსნით ფეხბურთის ფედერაციამ ვერაფერი მოიგო. სამ წელზე მეტი მოვყვებოდი ამ ბიჭებს და მათი ყველაფერი ვიცოდი.

კიდევ ვამბობ, მაისურაძე ვერაფერს შეცვლიდა ასეთ მოკლე დროში. ის მუშაობდა 19-წლამდელებში, აწყობილი გუნდი ჰყავდა და ისიც მოსწყვიტეს ამ გუნდს.

ანალოგიური სიტუაციაა - მითხარით, რა უნდა მოასწროს გიორგი ყიფიანმა ორ თვეში? ის ახლა იწყებს ელიტრაუნდს და მინდა წარმატებები ვუსურვო.

- როგორ ფიქრობთ, გააძლიერებდნენ თუ არა საქართველოს ნაკრებს ამ ელიტრაუნდში ქიმერიძე, ბარაბაძე და ვირუბოვი?
- ორი აზრი არ არის, რომ გააძლიერებდნენ! ახლა რომ დამაბრუნონ ნაკრებში, სიტყვაზე ვამბობ, ისევ იმ ხალხს დავუძახებდი, ვის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.

- რას იტყოდით იმაზე, რომ გუნდის ოდინდელი კაპიტანი ლუკა ასათიანი პირველ ორ მატჩში თადარიგში გაამწესეს?
- ასათიანი 35-ე სკოლის გაზრდილია. ასევე, ჩვენი სკოლის გაზრდილია კასრელიშვილი, ვინც ამ ადგილას ითამაშა. მე ასათიანზე საკუთარი აზრი მაქვს - რვა ასაკობრივ ნაკრებში ვიმუშავე და ასეთი მონაცემების მცველი იშვიათად მინახავს.

- გულწრფელად გვითხარით, როგორ გგონიათ - თქვენ რომ ყოფილიყავით მთავარი მწვრთნელი, რა შედეგს მაიღწევდა საქართველოს ნაკრები თბილისურ ელიტრაუნდში?
- დაწერეთ პირდაპირ: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
დაგეტოვებინათ ეს კაცი ეს სამი თამაში რას მიეცით სალაპარაკო....ესეც ვერ მოიგებდა მაინც და ხმასაც ვერ ამოიღებდა...ცოტა დიპლომატიაში უჭირს ფედერაციას...
გია
14:23 23-03-2016
0
ასეთი თავდაჯერებული მესიც არ არის:)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული