გიორგი ყიფიანის გუნდმა თამაში ისე დაიწყო, უარესს ვერც წარმოვიდგენდით: უკვე მე-10 წუთზე ინგლისელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მე-8 წუთზე ანრი ჭიჭინაძემ საკუთარ საჯარიმოსთან თამაშის წესი დაარღვია. საჯარიმო ჯოშ ონომამ შეასრულა, "ჩელსის" თავდამსხმელმა ტემი აბრაჰამმა კი ანგარიში გახსნა.
ონომამ და აბრაჰამმა როლები გაცვალეს - ამჯერად, ასისტენტი აბრაჰამი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კარის ბადე კი "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ონომამ შეარხია.
ეს იყო ერთგვარი ბლიცკრიგი, რის შემდეგაც ინგლისელებმა საგოლე მომენტები კიდევ შექმნეს.
"ჯვაროსნების" კიპერმა საიმედოდ ითამაშა 36-ე წუთზეც, როცა რეალური საგოლე მომენტი ადამ არმსტრონგს ჰქონდა.
ჩვენები კი მეტოქეს მხოლოდ 45-ე წუთზე დაემუქრნენ, როცა აიზია ბრაუნმა საჯარიმოსთან ბექა მიქელთაძე მოცელა. ჯარიმა შეასრულა გიორგი არაბიძემ, მაგრამ მეკარე ფრედი ვუდმენმა ნახტომში განმუხტა სიტუაცია.
გოშაძემ მეორე ტაიმშიც გადაგვარჩინა, როცა ორწუთიანი ინტერვალით ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა აბრაჰამსა და კუკს, ხოლო შემდეგ - ტეილორ მურს.
ქართველები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ. ორი საგოლე მომენტი ჰქონდა გიორგი ბერიძეს, მაგრამ ვუდმენს ვერც მან აჯობა.
თუმცა ყიფიანის ბიჭებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს - ირაკლი ბიძინაშვილის გადაცემის შემდეგ იმედის გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა.
ბოლო წუთზე ისევ ბიძინაშვილმა სცადა ქულის გადარჩენა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა - 1:2.
ერთადერთი, რაშიც ინგლისელებს დიდი უპირატესობით ვაჯობეთ, ყვითელი ბარათებია - არბიტრმა 6 ქართველი გააფრთხილა, ინგლისელი კი - არც ერთი.
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი, I ტური
24.03. კარტაია (ესპანეთი)
ინგლისი-საქართველო 2:1
გოლები: 1:0 აბრაჰამი (8. ონომას პასით), 2:0 ონომა (10. აბრაჰამის პასით), 2:1 გოშთელიანი (84. ბიძინაშვილის პასით)
ინგლისი: ვუდმენი - უოლკერ-პიტერსი, ტეილორ მური, ფრაი, ტაფარი მური - მაიტლანდ-ნაილსი, ონომა (79. კონოლი), ბრაუნი (79. ოიო), კუკი - არმსტრონგი, აბრაჰამი.
სათადარიგოები: ჰაუსი, კენი, ლედსონი, ბორტვიკ-ჯექსონი.
მწვრთნელი: ეიდი ბოტროიდი
საქართველო: გოშაძე - ჩაჩუა, ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი, კომახიძე - მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (75. სამურკასოვი) - ბერიძე (59. ბიძინაშვილი), მიქელთაძე, არაბიძე (59. არდაზიშვილი) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ახალაძე, ართმელიძე, კიკნაძე
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილებები: გოშთელიანი (28), ლოჩოშვილი (65), კომახიძე (68), მიქელთაძე (79), ჩაჩუა (85), მამუჩაშვილი (90)
არბიტრი: დ. ოსკანი (ავსტრია).
ესპანეთი-საბერძნეთი 2:0
1:0 კარიკოლი (22), 2:0 მაიორალი (26)
მომავალი მატჩები
26 მარტი
ესპანეთი-საქართველო 15:00
საბერძნეთი-ინგლისი 20:00
29 მარტი
საქართველო-საბერძნეთი 19:00
ესპანეთი-ინგლისი 19:00
* * *
გუშინვე, 19-წლამდელთა ელიტრაუნდის VI ჯგუფში სლოვენიამ 1:0 მოუგო რუსეთს, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გიორგი მელქაძემ გაიყვანა. რუსების სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკა ყიფიანიც. ორივემ შეუცვლელად ითამაშა.
37-ე და 64-ე წუთებზე მელქაძემ სახიფათო "სტანდარტულები" შეასრულა, მაგრამ ორივე ეპიზოდში მეკარემ იყოჩაღა. სლოვენიელებმა გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არც ყიფიანს ვაბრალებ არც ამ მთავრობას არც იმას და არც ზღვას, უბრალოდ საქართველოში ფეხბურთზე შვილები აღარ დაჰყავთ. რატომ? იმიტომ რომ ცუდი სიტუაციაა, ცუდი გარემოა, ცუდი ტრენერებია. რატო უნდა გარისკო და საკუთარი შვილი ამ სანაგვეში შეუშვა. სხვა სპორტ რა სპორტი არ არი? ანდა იმეცადინოს, აშკარად განათლებული ხალხის დრო მოდის. (ოღონს არა ქართულ ფეხბურთში).
გასულა ქუთაისი და ზუგდიდი ზღვაზე ხო იცი შენ,აი ფოთს რო არ ახსენებ საერთოდ ვინ გაწყეინა ასე