U21. საქართველო VS უკრაინა - ზესტაფონი საფეხბურთო დღესასწაულის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 28 მარტს, 18 საათზე, ზესტაფონის მთავარ სპორტულ არენა "დავით აბაშიძეზე" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკრაინელ თანატოლებს ამხანაგურად ეთამაშება. თამაშზე დასწრება თავისუფალია, მატჩის ტელერეპორტაჟს კი ტელეკომპანია "რიონი" წარმოადგენს.

სტადიონზე ანშლაგს ელიან... ზესტაფონელი გულშემატკივარი, რომელიც, რიგი მიზეზების გამო, საყვარელი გუნდის ქომაგობას მოკლებულია, დიდ ფეხბურთს მონატრებულია. მას საშუალება ეძლევა, ქვეყნის რანგით მეორე გუნდი გაამხნევოს.

გარდა ამისა, ზესტაფონში გია გეგუჩაძე და გია ჭიაბრიშვილი ბრუნდებიან. პირველი - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მეორე კი მისი ასისტენტის რანგში. სწორედ ამ ორ მწვრთნელს უკავშირდება ზესტაფონური ფეხბურთის საუკეთესო
პერიოდი - ერთგვარი "ოქროს ხანა", როცა ჯერ გეგუჩაძემ, მერე კი ჭიაბრიშვილმა "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონობამდე მიიყვანეს.

* * *
27 მარტს, გია გეგუჩაძის მატჩისწინა პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "დავით აბაშიძეზე" ივარჯიშა. წვრთნა საკმაოდ ინტენსიური იყო. გაწელვები, მუშაობა წყვილებში, "ორკარა" - ვარჯიშმა ხალისიან ვითარებაში ჩაიარა.

საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე კომბინაცია დაამუშავა, ბოლოს კი ორად გაიყო, ორი წრე შეიკრა და თითოეული ჯგუფი ცდილობდა, ჯერ თავით და მერე ფეხით ისე გადაეცა ბურთი ერთმანეთისთვის, რომ ძირს არ დაეგდო და ეს ყველაფერი ხდებოდა დინამიკაში.

რაც შეეხებათ უკრაინელებს, მეტოქემ შემოთვალა, წყალტუბოში დავრჩებით, აქვე ვივარჯიშებთ და ზესტაფონში თამაშზე ჩამოვალთო...

* * *
სან მარინოსთან მოგებული (4:0) ევროშესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორი დებიუტანტია. "სამტრედიის" შემტევ ბუდუ ზივზივაძეს ყველა კარგად ვიცნობთ. რაც შეეხება ვაკო გვილიას, ის წლების განმავლობაში უკრაინაში თამაშობდა, ახლა კი ბელორუსული "მინსკისთვის" იღვწის.

21 წლის ვალერიან (ვაკო) გვილიას უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდნენ, მაგრამ მან საქართველოს პასპორტი აიღო. ამით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა - ის უკვე ქართული ფეხბურთის მონაპოვარია.

უკრაინაში ვაკო გვილია ხარკოვის "მეტალისტისა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ღირსებას იცავდა. 2015 წელს ის გამოჩნდა ვალერი ლობანოვსკის სახელობის მემორიალზე, მერე კი ორჯერ ითამაშა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Eg undoda mag kokaias ro nakrebebs etamasha mag stadionze tbilishi gaeqiravebina bazac uxdis fuls federacia.tore zalianac kargat sheezlo ro zesta ardaeshala DA mizezad garigeba moido tore dges zesta iarsebebda
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული