U21. საფრანგეთი-საქართველო 5:1 - მტკივნეული ჩამორჩენა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გია გეგუჩაძემ ფრანგ ახალგაზრდებთან ამხანაგური მატჩით ახალი შესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყო და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, გუნდში 1994-95 წლებში დაბადებულები აღარ მიიწვია.

უცნაურია, მაგრამ თავიდან ჩვენი ფეხბურთელები მეტოქეს სივრცეს არ უთმობდნენ, ფეხზე ასხდნენ და ბურთს აკონტროლებდნენ. მე-12 წუთზე ლუკა ზარანდიამ საჯარიმოს კუთხესთან ორი მცველი მოატყუა და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.

გავიდა 4 წუთი და თამაში ისევ ზარანდიამ გაამწვავა: მარჯვენა ფლანგზე ორი მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩვენს ცენტრალურ თავდამსხმელს, რომან ჭანტურიას ეძებდა, მაგრამ ამაოდ - ეს უკანასკნელი საიმედოდ "ჩაკეტეს".

ამის შემდეგ
ფრანგებმა "კბილები" გამოაჩინეს, სტუმრები პრესინგით შეზღუდეს და ჩვენს ნახევარმცველებს ბურთის მეტოქის საჯარიმომდე გადატანა გაუჭირდათ. მალე კი აშკარად გამოჩნდა სხვაობა კლასში - ფრანგები ჩვენებს ორთაბრძოლებში, ათლეტიზმში, სისწრაფესა და პასების სიზუსტეში სჯობდნენ. რაც მთავარია, უფრო მარტივად და ერთი შეხებით თამაშობდნენ.

მე-19 წუთზე ბურთი ჩვენების საჯარიმოში ჩაჰკიდეს, გაგი მარგველაშვილის მიერ თავით მოიგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან პსჟ-ის ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს მიუვიდა, ამან ჟან-კევინ ოგიუსტენი მოძებნა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.

მალე ფრანგებმა მეორეც გაგვიტანეს - საჯარიმოს ხაზთან მათი კაპიტანი კორენტენ ტოლისო მარტო დარჩა და პსჟ-ის 19-წლამდელთა თავდამსხმელმა "ცხრიანში" აუღებელი დაარტყა - 2:0.

ჩვენს ნახევარმცველებს კი დაცვაში დახევა, შემტევისთვის ხელის შეშლა და მცველების დახმარება დაავიწყდათ. ხოლო კიდევ ერთ წუთში, უსმან დემბელეს დარტყმის შემდეგ, ძელმა გადაგვარჩინა.

28-ე წუთზე უკვე ჩვენებმა სცადეს შეტევის ორგანიზება ისევ და ისევ ზარანდიას ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე და მოახერხეს კიდეც - "ლოკომოტივის" შემტევმა ორი მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზიდან კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

ჩვენები საჯარიმომდე რომ ვერ აღწევდნენ, 45-ე წუთზე გიორგი ბერიძემ კარის აღება მოედნის ცენტრიდან სცადა, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა.

ფრანგების უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გამოიკვეთა. ჩვენი დაცვა განსაკუთრებით შეცვლაზე შესულმა მუსა დემბელემ შეაწუხა. მისი ძალისხმევით, ფრანგებმა მესამედ აიღეს ქართველთა კარი - ის მოედნის სიღრმიდან იღებდა ბურთს, როცა ჩვენი მეკარე ლაზარე კუპატაძე წინ გამოვარდა და შემტევს შეეჯახა. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც "უტრეხტის" თავდამსხმელმა სებასტიან ჰალერმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენები გატანას არ ცდილობდნენ. ამ მცდელობამ შედეგი 69-ე წუთზე გამოიღო, როცა ირაკლი კომახიძის ფლანგური გადაცემა კარის წინ გახსნილმა გიორგი ხარაიშვილმა ეფექტურად დააგვირგვინა - 3:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მაგრამ ჩვენების გალაღება ამით დასრულდა - ტომას ლემარმა საჯარიმოში შეტევა ვენსან კოზიელოს გაუგრძელა, რომელმაც მეკარის საჯარიმოში მუსა დემბელე მოძებნა, ამან კი მცველს დაასწრო და ეფექტურად გაგვიტანა - 4:1.

რამდნეიმე წუთში კუპატაძემ რაბიოს დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კოზიელოს ხელი ვეღარ შეუშალა - 5:1.

ბოლო წუთზე კუპატაძემ მორიგი გოლისგან გვიხსნა - ჯერ პირისპირ გასულ მუსა დემბელეს აჯობა, დამატებაზე კი ჰალერს მცველი გადაეღობა.

მოკლედ, კიდევ ერთხელ გაგვიჩნდა საფიქრალი - ასაკსა და პირობებში განსხვავება გასაგებია, მაგრამ ჩამორჩენა მეტისმეტად მტკივნეულია.

U21. ამხანაგური მატჩი
06.10. ლე ავრი. "სტად ოუშენი"
საფრანგეთი-საქართველო 5:1
გოლები: 1:0 ოგიუსტენი (19. რაბიოს პასით), 2:0 ტოლისო (24), 3:0 ჰალერი (59-პენ), 3:1 ხარაიშვილი (69. კომახიძის პასით), 4:1 მ. დემბელე (74. კოზიელოს პასით), 5:1 კოზიელო (85. რაბიოს პასით)
საფრანგეთი: მენიანი, ლენგლეტი, რაბიო, ტემუე ბაკაიოკო, ტოლისო, ოგიუსტენი, ამავი, ლემარი, უ. დემბელე, დიოპი, პავარდი.
სათადარიგოები: ნარდი, დიდილონი, დიალო, კოზიელო, ჰალერი, დებუში, მ. დემბელე, ერნანდესი, ბლინი.
მწვრთნელი: პიერ მანკოვსკი
საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, თევზაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ზარანდია, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია.
სათადარიგოები: ქურდაძე, ზარია, ჩაჩუა, მამუჩაშვილი, საღრიშვილი, ლოჩოშვილი, ნადარაია, მოხევიშვილი, ჯობავა.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ხარაიშვილი (58)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ეროვნული ნაკრები არის პირამიდის წვერი. პირამიდის საფუძველი კი არის ბავშვთა ფეხბურთი და პროფესიული ლიგები. ქართულ ფეხბურთში ეს პირამიდა არის ამოყირავებული.
ლუკა
18:32 07-10-2016
0
ფეხბურთელები კმაყოფილები არიანო :)
აბა, ჩვენ გვკითხონ ერთი
მგვწონს 1:5 და ვემადლიერებით ვინმეს???
გრი-ს
17:41 07-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული