"არასწორი ვარჯიშებით ფეხბურთელების ჯანმრთელობას ვანგრევთ"

AutoSharing Option
"სამტრედიას" ფეხბურთელებმა ჩემპიონობა რომ იზეიმეს, გია ცეცაძესთან ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძეც აბურთავეს.

ეს უცნაური იყო, მაგრამ არა - შემთხვევითი. სამტრედიელი მოთამაშეები მადლიერებას მის მიმართაც ყოველთვის გამოხატავენ. ხელოვნურ საფარზე ვარჯიშის მიუხედავად, ლორთქიფნიძესთან ნავარჯიშებ ფეხბურთელებში ტრავმირებული იმდენად ცოტაა, ეს ფაქტი საქართველოში ყველას ძალიან უკვირს...

ბატონ თემურს ცნობილ საფეხბურთო სკოლებში უმუშავია, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც გაუზრდია... სწორედ მან დააბრუნა ფეხბურთში გიორგი ქინქლაძე, ხოლო მისი ბოლო "გამოშვება" ბუდუ ზივზივაძეა, რომელსაც 35-ე სკოლაში სამი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა...

მოკლედ, ძალიან საინტერესო ინტერვიუა...

ვინ იყო ზარმაცი?! ქინქლაძე?!
- დიდი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ და ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დავიწყე... (იცინის) მარტყოფში, კოლმეურნეობის გუნდში.. მერე საბურთალოელი ბავშვები შევკრიბე და ლისის ტბასთან ვავარჯიშებდი. 1983 წელს "ნორჩ დინამოში" მივედი და ორი წელი უხელფასოდ ვმუშაობდი. შტატი არ იყო, მაგრამ ფეხბურთი მიყვარდა...

1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ მეკარე ჯანელიძე, ანჩაბაძე, ასპინძელაშვილი, გოდერძიშვილი, კვანტალიანი, დაუშვილი... თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი. ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...

- ფეხბურთზე რატომ არ დადიოდა?
- მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? - შვილის ცეკვაზე შეყვანა ურჩევნიათ. ქალბატონ ხათუნას ვთხოვე - სამი დღე ჩემთან იაროს, სამი დღე - ცეკვაზე-მეთქი. დამთანხმდა და გუნდის შენება დავიწყე. მაგრამ მალე 35-ე სკოლაში მიმიწვიეს. ბიჭების გადაყვანა მოვინდომე, მაგრამ იქ ისეთი ამბავი ატყდა... "ცეკას" ხალხი ჩაერია საქმეში. ქინქლაძისა და ჩემი შეკრებილი გუნდის წაყვანის უფლება არ მომცეს და შევეშვი.

- ქინქლაძე ბავშვობაში ზარმაცი იყო?
- ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...

მოკლედ, ასე ჩამითრია მწვრთნელობამ. მეორეცაა - ეს საინტერესო საქმეა, აქ დეტალებიც კი მნიშვნელოვანია, ნამდვილი მეცნიერებაა.

მეცნიერებაზე დამყარებული სისტემები
- ცნობილი მწვრთნელი ფიზმომზადებაზე რატომ გადაერთეთ?
- ასაკი თავისას შვება, ჯანმრთელობაც არ მიწყობდა ხელს, სტრესი, ნერვიულობა არ შეიძლებოდა და ასე ვამჯობინე. თანაც, ფიზმომზადებით სერიოზულად დავინტერესდი. მაგალითს გეტყვით: 1966 წელს "ნორჩ დინამოში" 10 წლის ბიჭი მივედი. მაშინ პატარა ასაკის ბავშვებს არ იღებდნენ, რადგან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის ფეხბურთზე შეყვანა სწორედ ამ ასაკის შემდეგ სჯობდა.

ასეთ საკითხებზე საბჭოთა კავშირში მეცნიერება მუშაობდა. გეცოდინებათ, კომუნისტურ გერმანიაში სპორტი რა დონეზეც იყო. ამას კი ცნობილ მეცნიერს, დიტმარ ჰარეს უკავშირებენ. ერთხელ მან თქვა, რომ საბჭოური მომზადების მეთოდებიდან ბევრი რამ გადაიღო და გერმანიაში დანერგა. საბჭოთა კავშირი სპორტში წამყვანი ქვეყანა იყო და მათგან არა მხოლოდ გერმანელებმა, იტალიელებმა, ფრანგებმა და ესპანელებმაც ბევრი რამ ისწავლეს. ჩვენ კი უცნაურები ვართ, საბჭოურში რაც კარგი იყო, უარი ვთქვით და ის დავტოვეთ, რაც არ გვჭირდებოდა.

- ...მაგრამ მას შემდეგ მეცნიერება წინ წავიდა...
- რა თქმა უნდა?! ახლა სხვა ნორმებია. საბჭოეთში 10 წლამდე ბავშვები ველურად თამაშობდნენ და ქუჩაში ავითარებდნენ ტექნიკას, ბურთის ფლობას და სისწრაფეს. ახლა ბავშვები სახლში კომპიუტერებზე თამაშობენ, ეზოში ნაკლებად ჩადიან და ლამის პირდაპირ ფეხბურთზე შედიან. არადა, ქუჩის ფეხბურთი აუცილებელია. ამაზე მე კი არა, კრუიფი ლაპარაკობდა. იქ წარმოუდგენელ ვითარებაში სწავლობენ ბურთის ფლობას, დარტყმას, ფინტებს...

სამწუხაროდ, დღეს ეს დაიკარგა და ერთ-ერთი მიზეზიც არის, ჩვენს ფეხბურთელებს ტექნიკის პრობლემა რომ გაუჩნდათ. გერმანიაში კი, მათიას ზამერის ინიციატივით, ბავშვები საფეხბურთო ელემენტებს საბავშვო ბაღიდან, 5 წლის ასაკიდან ითვისებენ. მაგრამ ამ განსხვავებულ სისტემებს ის აკავშირებს, რომ ორივე მეცნიერების დასკვნას ეფუძნება და იციან, რომელ ასაკში ბავშვი როგორ დატვირთონ, რომ მორალურად არ გადაიღალოს, ფიზიკურად არ გამოიფიტოს, ხოლო ორგანიზმი კარგად და სწორად გაიზარდოს.

მოკლედ რომ ვთქვა, ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად ფაქიზი თემაა, რომ მეცნიერული ცოდნის გარეშე არ უნდა მიეკარო.

რატომ ვერ ვამზადებთ ქართველებს?
- "დინამოს" ყოფილი ლიდერი, ესპანელი ჩისკო ამტკიცებდა, ფიზიკურად ქართველები ესპანელებზე ძლიერები ხართო. ვალერი ლობანოვსკის ყოფილმა ასისტენტმა, "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა იგივე უკრაინელებთან მიმართებაში გაიმეორა - თქვენ უკეთესი მონაცემები გაქვთ, მაგრამ ვერ იყენებთ, ვერ ავითარებთო...
- მჯერა, რომ ასეა. ორივე გულწრფელი იყო.

- მაშინ, ჩვენი მოთამაშეების ფიზმომზადება პრობლემური რატომაა?
- სპორტის მეცნიერულ კვლევაში ფული არ იდება და რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი? არადა, კომპიუტერული და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ.

- ჩვენი ფინანსებით ფეხბურთელების უკეთ მოზმადება შესაძლებელია?
- ევროპელები თავის კვლევებს არ მალავენ, ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ, ანახლებენ და ინტერნეტში ზღვა ინფორმაციას აქვეყნებენ. ეს ყველაფერი რომ შეიკრიბოს, გაანალიზდეს და დამუშავდეს, სავსებით შესაძლებელია, ჩვენი მოთამაშეები ევროპელებივით მოვამზადოთ. მაგრამ საკუთარ წვენში ვიხარშებით და ჩვენთან გამოცდილების გაზიარებაც არ ხდება.

მეორეცაა - ეს სპეციფიკური თემაა, ინგლისური კი ყველამ ისე არ იცის, უცხო ენაზე დეტალებს რომ ჩაწვდეს. ამიტომ გვჭირდება ლიტერატურის თარგმნა და მწვრთნელებისთვის დარიგება, თან ეს კი ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს.

საერთოდ, ქვეყანა სპორტის კვლევაზე ფულს თუ არ ხარჯავს, ვერაფერს მიაღწევს. რა, განა ყველა დარგში ასე არ არის? ღვინის სამშობლო ვართ, მაგრამ მეღვინეობის კვლევისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამ სფეროშიც ჩამოვრჩით.

სპორტში მეცნიერების ჩართვა აუცილებელია, რადგან არასწორი ვარჯიშებით ფეხბურთელების ჯანმრთელობას ვანგრევთ.

დალიეთ ბევრი წყალი
- "სამტრედიაში" თქვენ მიერ მომზადებულ ფეხბურთელებში ტრავმა ცოტას აწუხებდა. თქვენ ხომ ფიზმომზადებაზე სისტემატიზირებული ცოდნა არ გაქვთ?
- ცოდნა გამოცდილებამ მოიტანა. ყველა სახეობის ფიზმომზადებას ვეცნობოდი და მივხვდი - ტრავმიანობის მთავარი მიზეზი სპორტსმენების ორგანიზმში წყლის ნაკლებობა, ანუ გაუწყლოება იყო. დაღლის ფონზე ორგანიზმი სუსტდება და სწრაფად ვერ მოძრაობს, რადგან წყალია სისხლის მატარებელი და ტრავმიანობის რისკი იზრდება. პლუს, ასეთი ფეხბურთელი კარგად ვერ აზროვნებს. მოუმზადებელი ფეხბურთელის თამაში ამიტომ არ შეიძლება. საფუძველს თუ ჩაუყრი, ბავშვს როგორ ვერ მოამზადებ? მაგრამ გაზარმაცებული და გაუწყლოებული ორგანიზმი დატვირთვებს ვერ მიიღებს. ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში რომ ვმუშაობდი, "სამოსნებიც" კი "ხუთოსნები" გახდნენ!

- ეგ როგორ?
- გამოსავალი ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში მუშაობისას ფრანგმა ფრანსუა დომერგმა შემოგვთავაზა. აკადემიაში გარდატეხის ასაკის ბავშვები მოდიოდნენ და დომერგი მათ გააზრებული სისტემით ავარჯიშებდა. ამბობდა - მათ აუცილებლად ფეხზე დავაყენებთო და ასეც მოხდა. ის სასწაულმოქმედი კი არ იყო, ამას ცოდნით, უეფას მიერ აპრობირებული მეთოდიკით ახერხებდა.

ევროპელებმა ბავშვების ფიზიკური მონაცემების შესწავლა და მათთან ინდივიდუალური მუშაობა იციან. დომერგმა კი მთელი წლის სამუშაო გრაფიკი ჩამოიტანა, სადაც ყოველდღიური ვარჯიშის დეტალები ეწერა! აი, ესაა მეცნიერებაზე დაფუძნებული ფეხბურთი.

არადა, თავიდან ბავშვები რომ შეამოწმა, გული გამისკდა - უმრავლესობა ისეა ნავარჯიშები და გამოფიტული, მოხუცის კი არა, მომაკვდავი ადამიანების ორგანიზმები აქვთო?! ასეთი სისუსტე გაუწყლოების შედეგი იყო. თამაშისა და ვარჯიშის დროს ფეხბურთელმა 3 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღოს. დომერგმა ბიჭებს ჩაისა და წვენების დალევა აუკრძალა, რადგან ეს ცხიმის მაჩვენებელს ზრდის. ბოლოს ბავშვების მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესდა, მათ სპორტსმენების ფორმა მიიღეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს მეცნიერული მიდგომა, დიეტოლოგის შერჩეული კვების რაციონი, კარგი სამედიცინო მომსახურება. ამის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ამიტომ გვინდა ევროპელებთან წელიწადში ერთი შეხვედრა მაინც, მათ გამოცდილებას რომ გავეცნოთ და მხოლოდ ინტერნეტში მოძიებულ ცნობებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. მაგრამ უცხოელების გაუაზრებელი მიბაძვაც გაუმართლებელია. ჩვენ, გერმანელებს, ესპანელებსა და ბრაზილიელებს სხვადასხვა კვება, ორგანიზმი და ცხიმოვანი მასა გვაქვს და ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა გვჭირდება.

ეს თუ მოვახერხეთ, დამიჯერეთ, ბევრად უკეთ მომზადებული ფეხბურთელები გვეყოლება და მეორე ტაიმში სიქაგაცლილები აღარ იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს კაცი არის პროფესიონალი,თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული.წარმატებები...
Nodari
13:03 05-02-2017
0
არ მეგონა ასეთი კარგი ნიჭიერი ხალხი თუ იყო ჩვენ ფეხბურთში,მალადეც საგოლ კაი კაც
butxa
13:54 05-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული