ვიაჩესლავ გროზნი: არ დავმალავ, თბილისის "დინამოში" ამ ბიჭის აყვანა მინდა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ უკრაინულ Футбол NEWS-თან ისაუბრა.

გროზნი გამოტყდა, რომ დონეცკის "შახტარის" მცველის, ტარას კაჩარაბას გადმობირება სურს. "დინამოს" თავკაცმა სხვა თემებზეც ილაპარაკა...

"პირველ ივლისს დასრულდა ჩემი კონტრაქტი "ჰოვერლასთან". ამის შემდეგ მქონდა წინადადებები, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ. ამასთან, "ლეგიას" გარდა, არც ერთი კლუბიდან არ გასულა ინფორმაცია. დიახ, მე უნდა მემუშავა პოლონურ გრანდში, თანაც ეს გუნდი ახლახან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა...

ასე რომ, "სპორტინგთან", "დორტმუნდთან" და "რეალთან" მატჩებზე უნდა წავსულიყავით...

იყო წინადადება ძლიერი გუნდისგან, მაგრამ ახლა არ გავაკეთებ
ამის აფიშირებას, სიტყვა მივეცი და არ ვაპირებ პირობის დარღვევას...

სხვათა შორის, ეს ვარიანტი შეიძლება კიდევ იყოს რეალური...

სიმართლე გითხრათ, ბოლო დრომდე იმედი მქონდა, რომ "ჰოვერლა" ლიცენზიას მიიღებდა. მე არ ვაპირებდი ამ გუნდის მიტოვებას. ამ რეგიონში მუშაობა ჩემთვის კომფორტული იყო. ჩემს სამუშაოში არავინ ერეოდა. ხუთმა ფეხბურთელმა, უკეთ რომ ვთქვათ, იმ ხალხმა, ვინც მათთან იყო, შეუძლებელი გახადა ლიცენზიის მიღება...

რაც შეეხება წინადადებებს, მქონდა რამდენიმე საინტერესო შეთავაზება... ერთ დღესაც დამირეკა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ. ადრე ის სარატოვის "სოკოლის" პრეზიდენტი იყო. მე მოსკოვის "სპარტაკიდან" მიცნობს...

ფიფიამ მთხოვა, რომ ორი თვის განმავლობაში ჩამეტარებინა აკადემიის ნიჭიერი ფეხბურთელების აუდიტი, მემუშავა მათთან პირველ გუნდში... ჩვენ ვცადეთ, ფეხბურთისადმი დამოკიდებულება შეგვეცვალა ქართული მენტალიტეტის მქონე მოთამაშეთა მხრიდან...

ისინი ცუდად არ მუშაობენ ბურთთან, არიან საკმაოდ ტექნიკურები და ინტელექტუალურები, კულტურულები... ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მატჩის მსვლელობის დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც კი ბურთს სამ წუთზე მეტხანს არ ფლობს.

მე არ ვიმუშავებ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, რადგან ეს თბილისის "დინამოა". შემადგენლობაში უნდა იყოს 20 წელზე უფროსი ასაკის 5-6 ფეხბურთელი...

ჩვენ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობასთან. ისინი აკვირდებიან ჩვენს ფეხბურთელებს. შესაძლოა, ზოგიერთი მოთამაშე იქიდან ჩვენთანაც გამოჩნდეს. "შახტარიდანაც" სიამოვნებით ავიყვანთ ფეხბურთელებს, თუ მოგვეცემა ამის საშუალება. პირდაპირ გეტყვით - მინდა ტარას კაჩარაბას წამოყვანა თბილისის "დინამოში". ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება როგორც ტარასისათვის, ისე "შახტარისთვის"...

მინდა, უკრაინაში სიმშვიდე იყოს, მათ შორის - ფეხბურთშიც. მინდა, დავუბრუნდეთ იმ ფეხბურთს, რომელიც იყო ადრე. მინდა, იყოს სავსე სტადიონები, როგორც ინგლისშია... მჯერა, ეს ასეც იქნება", - თქვა გროზნიმ.

ვინ არის ტარას კაჩარაბა?
ვინ არის თბილისის "დინამოს" პოტენციური ახალწვეული ტარას კაჩარაბა, ვისი ჩამოყვანაც სურს ვიაჩესლავ გროზნის? თუ მის ბიოგრაფიას ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ ფეხბურთელთან.

კაჩარაბა 22 წლის ცენტრალური მცველია. მისი სიმაღლე 1,89 სანტიმეტრია. დაიბადა ლვოვის რეგიონში. დღემდე ირიცხება დონეცკის "შახტარში", თუმცა, ძირითადად, მეორე და მესამე გუნდებში აქვს პრაქტიკა. ეს გასაკვირი სულაც არ არის - დონბასურ გრანდში ხომ ძალიან დიდი კონკურენციაა, თუნდაც - დაცვაში.

გროზნი კაჩარაბას ძალიან კარგად იცნობს. ის მის გაწვრთნილ "ჰოვერლაში" თამაშობდა და ძირითადის ფეხბურთელიც იყო. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა კლუბმა ლიცენზია ვერ მიიღო, კაჩარაბა ისევ "შახტარს" დაუბრუნდა.

უთამაშია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის - ახალგაზრდულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც 9 მატჩი ჩაატარა. კაჩარაბამ, როგორც უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა მცველმა, "შახტართან" კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა.

რატომ უნდა აძლევდეს ხელს კაჩარაბას თბილისის "დინამოში" თამაში? საქმე ისაა, რომ მას უკრაინულ გრანდში, დიდი ალბათობით, კვლავ არ ექნება სათამაშო პრაქტიკა, თბილისის "დინამოს" კი სჭირდება გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის უკანა ხაზს განამტკიცებს...

ვნახოთ, შედგება თუ არა ეს ტრანსფერი. ნებისმიერ შემთხვევაში, კაჩარაბა საინტერესო ფეხბურთელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ იყო შედეგი ერთი და იგივე
mamuka
23:06 07-02-2017
0
;-)
14 k
16:32 07-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული