გორის "დილა: გიორგი გაბიდაური ზივ არიეს ასისტენტად?

AutoSharing Option
გორის "დილაში" საინტერესო პროცესები ვითარდება. იმედია, კლუბის ახალი მეპატრონეები მალე ჩააყენებენ საქმის კურსში საზოგადოებას, მანამდე კი გავრცელებული ინფორმაციებით მოგვიწევს დაკმაყოფილება...

როგორც შევიტყვეთ, "დილას" ებრაელ მთავარ მწვრთნელს, ზივ არიეს ქართველი ასისტენტი ეყოლება. ეს გახლავთ 37 წლის გიორგი გაბიდაური, ვისაც ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება.

გაბიდაურმა ახლახან, "თელავში" დაასრულა აქტიური საფეხბურთო კარიერა. მანამდე კი არაერთ ქართულ თუ უცხოურ კლუბში უთამაშია. საქართველოში გაბიდაური რამდენიმე გუნდის, მათ შორის, თბილისის "დინამოს", "ტორპედოს", "მერანის", "კოლხეთის" და "სიონის" ღირსებას იცავდა.

ბოლნისურ კლუბში ასპარეზობის შემდეგ მას
კარიერაში უცხოური ეტაპი დაიწყო. თამაშობდა "ანორთოსისში", "პანახაიკში", ყარაღანდის "შახტიორსა" და "გაბალაში". ამის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და ითამაშა ჯერ რუსთავის "ოლიმპში", ხოლო მერე ახალციხის "მესხეთში".

ამის შემდეგ გაბიდაური ისრაელში წავიდა სათამაშოდ. ალბათ, სწორედ იქ შეიქმნეს მასზე შთაბეჭდილება "დილას" მფლობელებმა. გაბიდაური ჯერ ბნეი ლოდის "ჰაპოელში" თამაშობდა, მერე უმ ალ-ფამის "მაკაბიში" გადავიდა, რის შემდეგაც ისევ "ჰაპოელს" დაუბრუნდა, ბოლოს კი "კფარ ქასიმშიც" გააგორა ბურთი.

"თელავის" შემადგენლობაში გაბიდაური გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თუ გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა, ეს მისი დამსახურებაცაა.

2004 წელს გაბიდაურმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის მუდმივად იცავდა რეჟიმს და ცხოვრობდა ფეხბურთით, რამაც განაპირობა კიდეც მისი საფეხბურთო "დღეგრძელობა".

- დათხოვნილი თანამშრომლები და პასიური საიტი - "დილას" ფანები ინვესტორს შეხვდებიან

ამასთან ერთად, "დილა" ახალ ფეხბურთელებსაც იმატებს. თითქმის გადაწყვეტილია გორულ კლუბში გიორგი ფოფხაძის, დავით კირკიტაძისა და გოდერძი მაჩაიძის გადასვლის საკითხი.

ახლა ცნობილი ხდება ისიც, რომ გორის "დილას" ღირსებას დაიცავს 19 წლის მარჯვენა ნახევარმცველი გიორგი პაპუაშვილი. მას აქამდე "ლოკომოტივის" მეორე გუნდში და თერჯოლის "საპოვნელაში" უთამაშია. იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი.

როგორც ჩანს, "დილას" მომავალ სეზონში საკმაოდ სერიოზული გეგმები ექნება. დავუმატოთ ამას ისიც, რომ გუნდი, ალბათ, მნიშვნელოვანწილად მოახერხებს ბირთვის შენარჩუნებას. ასევე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის სამი ბრაზილიელი ლეგიონერი, რომელთა ტრანსფერების თაობაზე უკვე დავწერეთ.

ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ "დილას" შემადგენლობაში საქართველოს კვალობაზე რამდენიმე მართლაც გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს. ეს უდავოდ გაზრდის ზივ არიეს გუნდის შესაძლებლობებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიორგი!
ლ.ნ.
09:54 09-02-2017
0
არ იცის ივრითული მაგარი ითამაშა ისრაელშ.. სანამ ებრაელები დაეპატრონებოდნენ მანამდეც უნდოდათგიორგი დილას
ყოჩაღ გიო
ნ.კ.
01:11 09-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული