"ზუგდიდი": პირველი ლიგაა თუ უმაღლესი?!

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" მზადების მეორე ეტაპიც დაასრულა და პირველი საკონტროლო შეხვედრა გუშინ უმაღლესი ლიგის ბინადარ ქობულეთის "შუქურასთან" "ბაიას" ბაზაზე გამართა. მცირე ტრავმების გამო სპარინგს ბექა გაბედავა, საბა ფიფია და ნიკა ლაშხია დააკლდნენ.

"ბაიას" ბაზაზე უამრავი ქომაგი მივიდა, რომელსაც გაახალგაზრდავებული "ზუგდიდისა" და ახალწვეულების საქმეში ხილვა სურდა. მასპინძელთა ახალგაზრდულმა გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მე-10 წუთზე ახალბედა მცველის, გიორგი მალანიას ჩინებული შორეული გადაცემით აკაკი ფარჯიკიამ ანგარიში გახსნა - 1:0.

ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ უკრაინელი ახალწვეულები - იური გოლუბკა და ნიკოლაი კოვტალიუკი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
მალე გოლუბკამ ლამაზი გოლით მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა - 2:0.

ამან გია გურულის გუნდი გამოაფხიზლა და რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილ დავით ჯაფარიძეს სიზუსტე დააკლდა.

ტაიმის მიწურულს სახიფათო მომენტები ისევ მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ გოლუბკამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო სტუმართა მეკარე აზამატ ჯიოევთან პირისპირ დარჩენილმა კოვტალიუკმა მას ერთი შეხებით ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა მიზანს მანაც ააცილა.

მასპინძლები მეორე ტაიმშიც აქტიურობდნენ და 57-ე წუთზე თამაზ აკობიას ფლანგური გადაცემა ლაშა კუკავამ ზუსტი თავურით დააგვირგვინა.

სტუმართაგან სხვაობის შემცირების რეალური შანსი ჰქონდათ კობა შალამბერიძეს და ლევან კუტალიას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. "ზუგდიდმა" მეტოქე 3:0 დაამარცხა და პირველ და უმაღლეს ლიგას შორის ლამის სხვაობა წაშალა.

ზუგდიდი: ჯომიდავა, თ. აკობია, წყაროზია, გ. მალანია, რუხაია, ჟვანია, ნ. ქირია, ფარჯიკია, ც. სამუშია, კოვტალიუკი, გოლუბკა; შეცვლაზე: ბ. ეხვაია, ნ. შონია, ბულია, ბუკია, დ. ქირია, ჭკადუა, კუკავა, ი. ეხვაია.
შუქურა: ჯიოევი, ცეცხლაძე, კალანდია, ჭეჟია, ჯაფარიძე, მალაზონია, ჭანუკვაძე, მამულაშვილი, ჯინჭარაძე, საბაძე, დაგარგულია; შეცვლაზე: არქანია, ართმელაძე, ჩაჩუა, გურული, კუტალია, ჯეფერსონი, ბ. მახარაძე, შალამბერიძე.

* * *
ახლა "ზუგდიდის" უკრაინელ ლეგიონერებზეც მოგახსენებთ: ქობულეთელთა კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი 20 წლის იური გოლუბკა ხარკოვში გაიზარდა და ფლანგის შემტევი ნახევარმცველია.

საინტერესოა, რომ 16 წლის იყო, როცა ხარკოვის "მეტალისტის" დუბლშემადგენლობაში აიყვანეს, სადაც სამი სეზონი გაატარა. 2015 წლის თებერვალში დონეცკის "შახტარი 2"-ში გადაიყვანეს და უკრაინის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში დონბასელთა მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა. ამ ტრანსფერზე უკრაინულმა გამოცემა "ფუტბოლნიუსმა" ინფორმაცია შემდეგნაირად დაასათაურა - "ხარკოველთა ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეები "შახტარსა" და კიევის "დინამოში" გადადიან".

2015 წლის ზაფხულში გოლუბკა უკვე როვნოს "ვერესში" აღმოჩნდა, ბოლოს კი პოლონეთის პირველი ლიგის გუნდში ირიცხებოდა.

1995 წელს დაბადებული და ამპლუით თავდამსხმელი ნიკოლაი კოვტალიუკი კი ლვოვის "კარპატის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის 19-წლამდელებში ირიცხებოდა. 2013/14 წლების სეზონში მარიუპოლის "ილიჩევეცის" დუბლშემადგენლობაში აიყვანეს, საიდანაც 2014 წლის ზაფხულში "პოლტავაში" აღმოჩნდა. მალე სლოვაკეთის სუპერლიგის კლუბ "მიხალოვცეში" მიიწვიეს, მაგრამ 2015 წლის ივლისში მეორე ლიგის კიევის "არსენალში" ჩაირიცხა, ბოლოს კი უკრაინის პირველი ლიგის კოვალევკას "კოლოსში" თამაშობდა.

სხვათა შორის, "კოლოსში" მისი თანაგუნდელი ქართველი მცველი, დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აღზრდილი ლევან მახარაძე გახლდათ, რომელსაც "ილიჩევეცსა" და რიგის "სკონტოშიც" უთამაშია.

ზუგდიდელთა პრესატაშემ, ლაშა გოგილავამ სატრანსფერო სიახლეები გაგვიმხილა. მისი თქმით, შესაძლოა, მალე ზუგდიდელთა რიგებში გამოცდილი ფეხბურთელებიც ვიხილოთ.

"უკრაინელ მოთამაშეებს მთავარმა მწვრთნელმა თამაშისა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა, თუმცა ლეგიონერების დარჩენის საკითხი საკონტროლო მატჩების შემდეგ გადაწყდება.

მათ გარდა, გუნდში გამოცდილი მეკარის მოწვევაზეცაა ლაპარაკი, რომელიც სავარაუდოდ, შეკრებაზე შემოგვიერთდება, მაგრამ კონტრაქტს რომელს გაუფორმებენ, ეს მერე გაირკვევა, როცა ბესიკ შეროზია შეკრებაზე გასამგზავრებელ 23 მოთამაშეს დაასახელებს", - ამბობს გოგილავა.

ზუგდიდელები ურეკში 12-დღიან შეკრებას გეგმავენ, სადაც სასტუმრო "კოლხიდაში" დაბინავდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეც ვიყავი სტადიონზე და ვნახე ეგ თამაში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ ფეხბურთელმა
ესეთი ფეხბურთელებით ჩემპიონატი ძლიერდება
13:52 11-02-2017
0
უპატრონოა თუ პატრონიანი.დინამოს მაინც ვუგებთ პატრონიანს.ქვეყნის პირველ გუნდად მოიაზრება და საერთოდ ვერ მოხვდა ევროპის გუნდეებში.უფრო სწორი ნათქვამი იქნებოდა რო საერთოდ არ ყავს საქართველოში პატრონი ფეხბურთს
butxa
21:18 10-02-2017
0

სიახლეები პოპულარული