მიმართვა გორის "დილას" შეფებს: ბოდიში, ბატონებო, მაგრამ ასეც არ ბნელა!

AutoSharing Option
ცოდვა გამხელილი სჯობიაო და, კარგა ხნის წინ უნდა დაგვეწერა ეს წერილი, მაგრამ თავს ძველი ანდაზით ვინუგეშებთ, რომლის მიხედვითაც, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არადა, თემა ისეთია, უკვე წაყრუებაც აღარ ივარგებს და ასე რომ გავაკეთოთ, დასტურ სირაქლემას პოზაში აღმოვჩნდებით...

ამ რამდენიმე ხნის წინ გორის "დილას" ახალმა ინვესტორებმა საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინეს. მას შემდეგ გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელები დაიმატა და...

- დათხოვნილი თანამშრომლები და პასიური საიტი - "დილას" ფანები ინვესტორს შეხვდებიან
- ინვესტორი: ეჭვი არ შეგეპაროთ, გვსურს, გორის "დილამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!

სანთლით
რომ ეძებოთ, ამის იქით ოფიციალურ ინფორმაციას "დილას" თაობაზე ვერსად წააწყდებით. არადა, კლუბში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. კომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი, მოდიან ახალი ფეხბურთელები...

"ლელომ" ყოველივე ამის თაობაზე მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ერთია, როცა გაზეთი ავრცელებს ამ ცნობას, ხოლო მეორე, როცა დუმს კლუბი, რომელიც ვალდებულია, საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში ტრანსფერების თაობაზე და სულ მცირე, გუნდის მიერ ჩატარებული საკონტროლო მატჩის შედეგი ამცნოს საზოგადოებას.

ის კი არა, ეს სტრიქონები რომ იწერება, "დილა", დიდი ალბათობით, უკვე თურქეთშია შეკრებაზე და ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა შემადგენლობით გაემგზავრა გუნდი იქ, რომელ მეტოქეებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს და ასე შემდეგ. საღამოს, როცა ეს წერილი იწერება, ამის თაობაზე ინფორმაცია არ არის და მოგვიანებით რომც გამოჩნდეს, ეს ზღვაში წვეთი იქნება იმ ვაკუუმთან შედარებით, ბოლო დღეებში რომ შეიქმნა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: შექმნილ ვითარებაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე "დილას" პრესსამსახურია. ეს ხალხი კლუბში ადრეც მუშაობდა და წლების განმავლობაში კარგად აკეთებდა საქმეს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი კლუბის ახალი ხელმძღვანელობისგან მოდის. მაშინ ეს ჩვენ შორის არსებულ ენობრივ ბარიერს დავაბრალეთ, მაგრამ ახლა იმასაც ვხვდებით, რატომ გააღიზიანა კლუბის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციაზე ჩვენ მიერ დასმულმა რამდენიმე კითხვამ, განსაკუთრებით იმან, "დილას" ბიუჯეტსა და ამბიციებს რომ ეხებოდა.

როგორც ჩანს, "დილას" ახალი შეფები მიიჩნევენ, რომ ისეთ ქვეყანაში ჩამოვიდნენ, სადაც ყველაფერი გაუვათ, სადაც ისინი იქნებიან ახალი საფეხბურთო მოდის კანონმდებლები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თანამედროვე ტენდენციებთან; სადაც ისინი ყველაფერს ისე გააკეთებენ კლუბში, როგორც ეს თავად უნდათ.

არა, ბატონებო! მართალია, დღეს ქართულ ფეხბურთში მართლა გვარიანად ბნელა, მაგრამ არც ისე, რომ ერთმანეთისგან თეთრი და შავი ვერ გავარჩიოთ. ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ჩამოხვედით ღრმა საფეხბურთო პროვინციაში, სადაც ახალი ინვესტიციის ხათრით შეიძლება ყველაფერზე დახუჭონ თვალი.

ბოდიში, ბატონებო, მაგრამ ჩვენთან არც ისე ბნელა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
ბნელა, აქ რომ ბნელა, ისე სად ბნელა )) მთელს მსოფლიოში სპორტული პიარი მაქსიმალურია იმის გამო, რომ თითოეულ კლუბს ჭირდება მაქსიმალური რაოდენობის გულშემატკივარი. რაც მეტი გულშემატკივარია, მით მეტი შემოსავალია. საქართველოში კიდე გულშემატკივარი ცარიელი პრობლემაა - შემოსავალი მათგან არაა, მხოლოდ მოთხოვნები, პრეტენზიები, ხან წესდებას დაარღვევენ და ხან რას გააფუჭებენ. ამიტომაც ნუ გიკვირთ, კლუბის მეპატრონეს გულშემატკივარი თუ არ აინტერესებს. ბნელა, აბა არ ბნელა?

იმედია გამოაქვეყნებთ და არ დაბლოკავთ, სიმართლეს თვალი გაუსწორეთ.
კოტე
15:12 11-02-2017
0
ჩემმსა კომენტარმა რა დაგიშავათ??? წუხელ გამოგზავნილი დავიჯერეო გზაშია??? არ მგონია ))
საქართველოს ქომაგი
13:39 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული