ფოთის "კოლხეთი": დირექტორი უხელფასოდ, სახალისო აქცია და კოლხური ეკონომია

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი 1913" გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო. მაგრამ უსპონსორო და ლიგის ყველაზე ღარიბი კლუბის მენეჯმენტმა მოახერხა და გუნდი არა მხოლოდ დატოვა უმაღლეს ლიგაში, კინაღამ ევროპალიგაში გამსვლელ პლეი ოფშიც გაიყვანა.

კლუბის დირექტორი თემურ ბარქაია ახალი სეზონისთვის მზადებაზე, სიახლეებზე, პრობლემებსა და სხვა საინტერესო ამბებზე გველაპარაკა...

ტერას გაშვებამ მოგვიწია
- სადაცაა ახალი სეზონი დაიწყება. რა მდგომარებაში ხვდება ჩემპიონატს პირველი ქართული კლუბი?
- ჩვენ საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთადერთი კლუბი ვართ, ვისაც სპონსორი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, ფუფუნებაზე უარი საკუთარი სურვილით ვთქვით, მათ
შორის - უცხოურ შეკრებაზე, ამიტომაც ვემზადებოდით დუშეთში.

- თუმცა, მაინც საინტერესო შემადგენლობას მოუყარეთ თავი...
- ჩვენ ეს შარშანაც შევძელით და ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ კარგი მუშაობით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. რამდენიმე ახალწვეული გვყავს, რომლებიც, ჩვენი აზრით, გუნდს გააძლიერებენ - მოსემღვდლიშვილი, ვარლამ კილასონია, კენიის ნაკრების მარცხენა მცველი მარსელო, იგივე უმა ოტიენო, სენეგალელი ნახევარმცველი ბუბარაქ დაფი, თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახეარმცველი, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გიორგი ჯანელიძე, თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებული ავთო ენდელაძე... ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

- ლუის ტერა გამოგრჩათ თუ?..
- არ გამომრჩენია. მისი დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ შეკრებაზე ჩამოსულმა ჩვენი იმედები ვერ გაამართლა და მასზე უარის თქმა მოგვიხდა.

- არც უკრაინელი კოვტანიუკი გიხსენებიათ...
- მან თავი კარგად წარმოაჩინა და იმედია, კონტრაქტზე შევთანხმდებით. შარშან "კოლხეთის" წარმატებაში კორობკამ დიდი წვლილი შეიტანა და მიხარია, რომ მისი შენარჩუნება და ხელშეკრულების გახანგრძლივებაც შევძელით.

კოლხური ეკონომია
- ამგვარად, ბიუჯეტში 900 ათასი ლარი დაგრჩებათ, ეს კი უმაღლესი ლიგის გუნდს არ ეყოფა...
- რა თქმა უნდა, ყველას მეტი გვინდა, მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ, მანამდე რა ბიუჯეტი გვქონდა. წლიდან წლამდე 300 ათას ლარს ვკმაყოფილდებოდით. ამიტომ, ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი - სახელმწიფო პროგრამამ სულზე მოგვისწრო.

ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ზაზა დოლიძის მადლიერი ვარ. ეგ არის, რომ ერთადერთი კლუბი ვართ, ვისაც სპონსორი არ ჰყავს და 2017 წელს, დიდი კონკურენციის პირობებში, სხვა კლუბებთან ჭიდილი გაგვიჭირდება, მაგრამ საჩუქარი და იოლი ლუკმა არავისთვის ვიქნებით.

- სახსრების ეკონომია ახსენეთ. ასეთ პირობებში სასიამოვნო ფაქტი არ იქნებოდა, ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს საწევრო გადასახადი 40 ათასით რომ გაუზარდა...
- ყველა კლუბს უნდა მეტი ბიუჯეტი და ნაკლები გადასახადი. მაგრამ რეალურად, ფედერაციას კლუბებისთვის გადასახადი არ გაუზრდია.

- ეს როგორ?!
- ქობულეთში, კლუბების შეკრებაზე, თავად დავსვი საკითხი, რომ ბურთების და IN-STAT პროგრამის შეძენაში ფეხბურთის ფედერაცია დაგვხმარებოდა. ეს პროგრამა მწვრთნელს მუშაობას უადვილებს და გუნდს დიდ სამსახურს უწევს. იქ აისახება, ვინ რამდენს დარბის, რა სამუშაოს ასრულებს, არის ინფორმაცია მეტოქეებზე... შარშან გვსურდა მისი შეძენა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. არადა, თანამედროვე ფეხბურთში ამის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. თუმცა ისიც კარგია, რომ ყველა გუნდი "ადიდასით" ითამაშებს.

- ამას თავად ვერ მოახერხებდით?
- უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობა სახელმწიფო დოტაციაზეა, სადაც 5 ათას ლარზე მეტი პროდუქტის შეძენას ტენდერის გამოცხადება, დრო და ლოდინი სჭირდება. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ტენდერების დროს მთავარი ფასია და არა - ხარისხი, ამიტომ, შესაძლოა, "ადიდასის" ნაცვლად უვარგისი ბურთის ამარა დარჩე. ეს არის პრობლემა.

- ბურთებისა და IN-STAT პროგრამის დამოუკიდებლად შეძენა დაახლოებით რა თანხა დაგიჯდებოდათ?
- მინიმუმ 35-40 ათასი ლარი. ახლა გაზრდილ გადასახადში ფედერაცია ამ პროდუქტსაც გვაწვდის და ამიტომაც ვთქვი, რომ რეალურად, გადასახადი არ გაზრდილა. სამაგიეროდ, კლუბებს ბიუროკრატიული ბარიერები აგვარიდეს, დროის, ფასისა და ტენდერის პრობლემა მოგვეხსნა და ფედერაციას შესყიდვებში დახმარება ამიტომაც შევთავაზეთ. ამას გარდა, 10-გუნდიან ლიგაში მეტი ტური ჩატარდება, ვიდრე 16-გუნდიანში და მსაჯების ანაზღაურების ჯამური თანხაც იზრდება. კარგ მსაჯობას ვითხოვთ და თუ ნორმალური ანაზღაურება არ ექნებათ, რომელ ხარისხზეა ლაპარაკი?

ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ჩემპიონატის გასაშუქებლად სატელევიზიო პროგრამის განხორციელებასაც და მატჩების ვიდეოტრანსლაციას აპირებს. ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაცია კი კლუბების ინტერესშია, მაგრამ ამასაც დამატებითი ხარჯი სჭირდება. რომ დავფიქრდეთ, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის კეთდება.

პრობლემური კლუბის სახალისო აქცია
- აბა, უმაღლესში ადგილის შენარჩუნებას როგორ აპირებთ?
- ეს სახსრების ეკონომიით უნდა გავაკეთოთ. არჩევანის წინაშე ვიდექით. პირველი ვარიანტი იყო - ისეთი გუნდი გაგვეკეთებინა, სადაც სახსრები კლუბსა და ადმინისტრაციაზე თანაბრად გადანაწილდებოდა. ასეთი "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში სტატისტის როლში იქნებოდა. მაგრამ ვამჯობინეთ კონკურენტუნარიანი და მებრძოლი გუნდი, ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი სიმბოლური ხელფასები დავუტოვეთ. პირადად მე, წლეულს ხელფასს არ ავიღებ. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არც გვქონდა. ამავე დროს, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალი სახელფასო ფონდი გვაქვს. უმაღლესი ანაზღაურება ორიოდე მოთამაშეს აქვს და ესეც მაქსიმუმ 3 ათასი ლარია - დღევანდელ ფეხბურთში ეს მიზერული თანხაა.

- დეკემბერში სპონსორების მოზიდვის იმედი გქონდათ. მას შემდეგ რა შეიცვალა?
- "კოლხეთს" არ აქვს სტადიონი, ბაზა... ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის გარეშე დავრჩით. ამის გამო ყველა გვერიდება. მაგრამ სპონსორებისთვის საინტერესო წინადადება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან თანამდგომი გამოგვიჩნდება. მანამდე კი სეზონს აქციით გავხსნით.

- რა აქციით?!
- პირველი თამაში "დინამო არენაზე", თბილისის "დინამოსთან" გვაქვს და მაისურის იმ ადგილზე, სადაც სპონსორის ლოგო უნდა იყოს, კითხვის ნიშანს გამოვსახავთ. ამით ჩვენს პრობლემასაც გამოვაჩენთ და კითხვაც გამოვა - სად არიან "კოლხეთის" სპონსორები? იქნებ, შედეგი ამან მაინც გამოიღოს. მაგრამ კითხვის ნიშანიც ისე უნდა დავხატოთ, მერე მისი მოცილება რომ არ გაგვიჭირდეს, თორემ გასაფუჭებელი ფორმა სად გვაქვს?!

- ასე უიმედოდ ხართ?
- შეხვედრის სურვილი ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ გამოხატა და ამან დაგვაიმედა. პრობლემების მოგვარებაში თანადგომას ქალაქის მერი და საკრებულოც გვპირდებიან.

ბევრს კი არ ვითხოვთ, მიზერზეა ლაპარაკი და იქნებ, ამ მცდელობიდან რამე გამოვიდეს.

- თქვენი კიდევ ერთი პრობლემა საშინაო არენაა. წლეულს მეტოქეებს სად უმასპინძლებთ?
- გადაწყდა, რომ ქობულეთში ვითამაშებთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, უახლოეს მომავალში "ფაზისის" სტადიონზე მშენებლობა განახლდება და მოედანი მოეწყობა.
- დიახ, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ 2017 წელს "კოლხეთს" ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარებენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სირცხვილია მეტი არაფერი, ქალაქში სადაც ამხელა პორტია და ტერმინალები, გუნდს არა აქვს სტადიონი და ბაზა და თანხა, ეს სირცხვილია როდესაც სახელმწიფო პორტიდან ივსება 63%_ით, ფოთიდან აქვს იმ გუნდებსაც დაფინანსებები, ეს დაცინვაა კოლხეთის, იმედია კოლხეთი თავის სიტყვას იტყვის წლევანდელ ჩემპიონატში!!!
zura
11:49 03-03-2017
0
სამეგრელოს ერთი გუნდი დარჩა პრო-1 და დაეხმარეთ ამ გუნდს!!!
svan
00:05 27-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული