12:39 06-03-2017
ჩიხურა-დილა 0:0 - ნიღბიანები მოედანზე, უნიღბოები ბანერით [VIDEO]
AutoSharing Option
ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ნორმალური თამაში იყო, თუმცა ვერ ვიხილეთ გოლი, რაც მეკარეთა შესანიშნავ თამაშს უნდა დავაბრალოთ.
საბოლოო ჯამში, ფრე სამართლიანი შედეგია. მეორე ტაიმში "ჩიხურა" ოდნავ უკეთესი იყო მეტოქეზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამარჯვება დაემსახურებინა. ქულა კი "დილას" აქტივში უნდა ჩაიწეროს, რაკი ზივ არიეს გუნდი სულ ცოტა ხნის წინ შეიკრიბა. გუნდში ჯერ კიდევ ჩნდებიან ახალი ფეხბურთელები. მაგალითად, სალიუ ტარავალე, ვინც გუშინ შეცვლაზე შევიდა. აქვე ვთქვათ, რომ "დილას" აკლდა დისკვალიფიცირებული კაპიტანი, გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე.
სანამ უშუალოდ მატჩის მსვლელობაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ გორელთა ახალგაზრდა ნახევარმცველის, ლევან ნონიკაშვილის კარგი თამაში. მან მთელი შეხვედრა, სანამ შეცვლიდნენ, მაღალ დონეზე ჩაატარა.
რაც შეეხება "დილას" ლეგიონერებს, მათ ახლა ადაპტაცია სჭირდებათ, ისე კი, საინტერესო ფეხბურთელები ჩანან. გუშინ მათ შორის გარემარბი ჟოაკიმ ლეანდრო რიბეირო გამოირჩა. ბრაზილიელს საკმარისად კი ჰქონდა ტექნიკური წუნი, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში თავი აშკარად დაგვამახსოვრა - როგორც, სწორედაც, კარგი ტექნიკის პატრონმა.
პირველი სახიფათო მომენტი გორელთა კართან შეიქმნა. ერთ დროს ზესტაფონური პუბლიკის ჯილა ნიკა გელაშვილი მახვილი კუთხიდან ურტყამდა მიხეილ მუჯრიშვილის კარში, მაგრამ ბურთი ზემოდან გადასცდა მას.
ამას გორელთა გააქტიურება მოჰყვა. აქტიურმა მალხაზ გაგოშიძემ (კიდევ ერთი ექსზესტაფონელი) ჟოაკიმ რიბეიროს უპასა. სამხრეთამერიკელმა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესად დაარტყა. ამ ეპიზოდში "ჩიხურას" ბოსნიელთა კარის დარაჯმა დინო ჰამზიჩმა დიდებულად ითამაშა.
მორიგი მომენტი ისევ "დილასი" იყო. გივი ქარქუზაშვილი, ვინც დაცვაში ძალიან საიმედო იყო, სახიფათოდ ჩაერთო შეტევაში და დაარტყა კიდეც, მაგრამ საჩხერელთა კარს ბურთი ზემოდან გადასცდა.
თანაბარ თამაშში მორიგი საგოლე შანსი "ჩიხურამ" იპოვა. მატჩის ერთ-ერთი გმირი მიხეილ მუჯრიშვილი გამოსვლაზე შეცდა, ბურთი გაუვარდა, თუმცა საჩხერელთა შემტევებმა დაუცველ კარში ვერ გაიტანეს.
მერე ისევ "დილას" ჯერი დადგა. აქტიურმა ლეანდრომ პასი დააგვიანა, თორემ "დილას" ანგარიშის გახსნის ძალიან დიდი შანსი ექნებოდა. ტაიმი კი კიდევ ერთი ექსზესტაფონელის, ამჟამად "ჩიხურას" ნახევარმცველ მიხეილ სარდალიშვილის დარტყმით დასრულდა, რომელიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
მეორე ნახევარი, სანახაობრივი თვალსაზრისით, პირველზე ნაკლებად მიმზიდველი გამოდგა. თავი იჩინა "ჩიხურას" უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და შეთამაშებამ, რაც სავსებით ბუნებრივია. წლებია, "ჩიხურას" ძირითადი ბირთვი ერთად მოდის. "დილა" კი ახლა ყალიბდება ამ ფორმაციის გუნდად.
მეორე ტაიმში საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. გორელი დავით კირკიტაძის დარტყმა ჰამზიჩმა მოიხელთა. მერე იყო გელაშვილის ჩაწოდება, რომელიც მუჯრიშვილის ნადავლი გახდა. ამის შემდეგ კი მუჯრიშვილის ჯერი დადგა. მან ორჯერ არ გაატანინა გიორგი გაბედავას. საჩხერელთა გამოცდილმა მოიერიშემ განსაკუთრებით სახიფათოდ ჯარიმა შეასრულა, რომელიც მუჯრიშვილმა "ცხრიანიდან" მოხსნა.
არ შეიძლება, არ ვთქვათ სტადიონზე არსებული ატმოსფეროს შესახებ. "ზესტაფონის" გულშემატკივრების საწუხარი არახალია - მათი საყვარელი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში აღარ თამაშობს. თამაშის მსვლელობის დროს "დილას" ქომაგებმა რამდენჯერმე გაამხნევეს ზესტაფონელი კოლეგები. ისინი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სახელს სკანდირებდნენ. გარდა ამისა, "ზესტაფონის" ქომაგებმა გამოფინეს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დამზადებული ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი ბანერები, რომელიც ახლა უკვე გადახაზული იყო.
მატჩის მსვლელობისას კი მინდორზე უცნობი ნიღბიანი გულშემატკივრები შევიდნენ. მათ თამაშის მსვლელობისათვის ხელი არ შეუშლიათ, უბრალოდ, მოედნის კიდეზე განთავსებული ფედერაციის ბანერი გადახაზეს...
საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური
05.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-დილა 0:0
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, შ. კაშია, ლ. ჭელიძე, ჩიკვაიძე (87. მირცხულავა) - სარდალიშვილი, დობროვოლსკი, გორგიაშვილი (70. ივანიშვილი), განუგრავა, გაბედავა (82. მუმლაძე) - გელაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, კაკუბავა, დეკანოიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - ეტუ, ქარქუზაშვილი, მაჩაიძე, გაგოშიძე - ლეანდრო, ნონიკაშვილი (80. ძარია), დერეტი, პაპავა, კირკიტაძე (82. ტარავალე) - დე როსარიო (65. წიქარიძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ალიუ, კალანდარიშვილი, პაპუაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: გორგიაშვილი (64), ქარქუზაშვილი (75)
არბიტრი: ბ. ნინუა
ეროვნული I ლიგა. I ტური
რუსთავი-გურია 3:1
ვიტ ჯორჯია-სამგურალი 3:0
მერანი-გაგრა 0:0
სიონი-ზუგდიდი 1:0
ცხინვალი-მეშახტე 2:2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
DZirs matyuara-gadamgdebi federacia da kobiasjvili
0
0
ვითომ შეწუხებული იყვნენ გუნდის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთით! თვითონ კი სართოდ ფეხბურთიდან მოკვეთეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული